,,ბამბაზია” – ახალი ქართული საბავშვო ბრენდი

,,ბამბაზია” – ახალი ქართული საბავშვო ბრენდი

უკვე ერთი წელია, რაც ვერიკო ტურაშვილისა და ეკატერინე მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება: „მუსიკალური სტუდია“, ,,დედები და შვილები პოდიუმზე“ და ა.შ.

ეს იდეები გოგონებს შარშან ამ დროს ჩინეთში გამართულ საერთაშორისო სამოდელო კონკურს ,,Miss Model of the World-ზე“ (რომლის ეროვნული  დირექტორი და საერთაშორისო ჟიურის წევრი ეკა გახლავთ, ხოლო ცნობილმა ვარსკვლავმა ის მუსიკალურად გააფორმა) დაებადათ.

ერთობლივად შექმნეს ქართული ბრენდი ,,ბამბაზია“, რამდენიმე ადგილობრივი ჩვენებაც გამართეს და დუბაის მოდის კვირეულზეც მიიწვიეს.

სამოდელო სააგენტო ,,კატრინის“ ხელმძღვანელობით არაერთი პროექტი ხორციელდება, ერთ- ერთი გახლავთ ,,Fashion Film“. ამჯერად მეგობრები ,,ბამბაზიას“ პრომოს იღებენ ფილმისათვის ,,მცხეთის მარანში“.

ცნობილ მომღერალთან ერთად ,,ბამბაზიას“  სამოსი მოირგეს სამოდელო სააგენტო ,,კატრინის“ პატარა მოდელებმა: ნინი- ალექსანდრა ჯიქურიშვილმა, ნატაშკა ნაკაიძემ, დემე ჯაჯანიძემ, მარიამ ბერძენიშვილმა, ანასტასია ბაკურაძემ და ანდრეა ჯაჯანიძემ,  ხოლო 3–დან 15 წლის ჩათვლით იწვევენ  მსურველებს, რომელთაც მიეცემათ საშუალება გადაიღონ ფოტოსესია და მონაწილეობა მიიღონ ,,Fashion Film- ში“.

Fashiontime-ი გაესაუბრა სამოდელო სააგენტო “კატრინის” დამფუძნებელსა და პატარა მოდელებს:

ეკა მგალობლიშვილი:

_ ვერიკოსთან მუშაობა ჩემთვის კომფორტია. ამბობენ, მოგზაურობის დროს უფრო ახლოს გაიცნობ ადამიანსო და ასეც მოხდა. ადრეც კარგი  მეგობრები ვიყავით, მაგრამ ეს ბოლო ერთი წელია სულ ერთად ვართ. როდესაც ადამიანი ძალიან მიყვარს, მასთან ხშირი  ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებს. ის არა მარტო თავის საქმის  პროფესიონალია,  არამედ სამოდელო სფეროც არაჩვეულებრივად შეითავსა (იღიმის).

სამომავლოდ უამრავი ახალი პროექტი გვაქვს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ვერიკო ტურაშვილი:

_ ჩემი დიზაინერობა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ეკა მგალობლიშვილი სხვადასხვა სფეროში ჩემი პირველი ნაბიჯების ინსპირატორი აღმოჩნდა.

ვერიკო ტურაშვილი და ნატაშკა ნაკაიძე

 ,,ბამბაზიას“ რაც შეეხება,  ჯერჯერობით,  მოიცავს კლასიკურ სტილს, რომელიც ქართულ ბაზარზე ბავშვებში დეფიციტი იყო და ჩავთვალეთ,  დროული იქნებოდა შეგვექმნა ბრენდი, რომელიც დღესასწაულებზე დაამშვენებდა ჩვენს პატარებს და არა მხოლოდ მათ, უფროსი თაობისთვისაც ვქმნით. მე და ეკა ბევრ პროექტზე ვმუშაობთ, გამოცდილება არცერთს არ გვაკლია და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა.

ანასტასია ბაკურაძე, მსოფლოს სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული: 

ანასტასია ბაკურაძე

_ ორი  წლიდან სცენაზე ვდგავარ, ძალიან მომწონს მოდელობა, სიმღერა და ცეკვა. სიამოვნებით ვმუშაობ სცენაზე და კამერის წინ. პირველი ფილმი მე და მარიამს პრაღაში გადაგვიღეს, რომელიც კანის კინოფესტივალზე  გააგზავნეს, მაისში უნდა წავსულიყავით, მაგარამ კორონას გამო ყველაფერი ჩაგვეშალა.

რაც შეეხება ბრენდ  „ბამბაზიას“,  მომწონს და ამიტომაც დავთანხმდი, საერთოდ, თუ რაიმე არ მომწონს და თანხას არ მიხდიან, არ გამოვალ ჩვენებაზე და არ მოვაწყობ ფოტოსესიას ( იცინის). ძალიან ციოდა ,მაგრამ მაინც სიამოვნებით ვმუშაობდით.

ნინი ალექსანდრა ჯიქურიშვილი, მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული: 

_ ვარ  5 წლის. სამი  წლიდან დავდივარ სააგენტო ,,კატრინში“.  ის  ჩემი მეორე სახლია. მიყვარს სცენა და პოდიუმი. ეს ის ადგილია, სადაც ჩემს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.  ყველაფრისთვის მადლობა ეკა მასწავლებელო, მიყვარხარ ძალიან!

ნატაშკა ნაკაიძე:

_ ძალიან მომწონს სიმღერა და პოდიუმი, ფოტოების გადაღება . მინდა ,,პოდიუმის დედოფალი“  და მუსიკის მასწავლებელი გამოვიდე.

დემე ჯაჯანიძე:  

_ ეკა მგალობლიშვილი რომ დავინახე, იმწამს შემიყვარდა და მასაც ვუყვარვარ. 7 წლის ვარ. ადრე  ფეხბურთელი ვიყავი, ახლა ფოტოსესიები მაქვს და რომ გავიზრდები,  ვოცნებობ გავხდე ბიზნსმენი და დავეხმარო ხალხს. აგრეთვე მინდა მყავდეს მანქანა ,,პორშე“.

მარიამ ბერძენიშვილი, მსოფლოს სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული: 

_ ძალიან მომწონს ფოტოსესიები, პოდიუმი, სიმღერა, ცეკვა. გამოცდილებაც მაქვს –  უკვე ხუთი წელია სამოდელო სააგენტო ,,კატრინის“ მოდელი ვარ.  

მე და ანასტასიამ მოვიარეთ მსოფლიო. ძალიან მენატრება სცენა. მადლობა ვერიკო და ეკა მასწავლებლებს.

ანდრეა ჯაჯანიძე:

_ 5 წლიდან აქტიურად  ვმონაწილეობ ფოტოსესიებში. ჩემი დედიკო ,,ხათკო“ ცნობილი დიზაინერია, მე მისი საბავშვო ხაზის სახე ვარ. ახლა უკვე 9 წლის ვარ. ქალბატონმა ეკამ რომ დამინახა,  მოდელობა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი და მინდა საერთაშორისო მოდის კვირეულებზე მივიღო მონაწილეობა.

აგრეთვე მე ფეხბურთელი ვარ და ძალიან მინდა მომავალში ფეხბურთელი და მოდელი ერთად გამოვიდე.  მინდა ნეიმარისთანა ფეხბურთელი ვიყო.

ანდრეა ჯაჯანიძე და ანასტასია ბაკურაძე
ნატაშა ნაკაიძე