ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეაჩერა

ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეაჩერა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეაჩერა, – ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თეატრის საიტზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში მიზეზად დასახელებულია ის, რომ მედიაში დასის ხელმძღვანელის ვინაობა იქამდე გავრცელდა, სანამ ოფიციალური წარდგენა გაიმართებოდა.

მანამდე კი ანანიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამავე თეატრმა ის საბალეტო დასის ხელმძღვანელად მიიწვია.

„თეატრი მიიჩნევს, რომ დასის მომავალი ხელმძღვანელის სახელის გასაჯაროება კოლექტივისთვის ოფიციალურ წარდგენამდე – არტისტების მიმართ უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა.

შესაბამისად, ჩვენ იძულებულნი ვართ შევაჩეროთ კონტრაქტის მოქმედება, მანამ, სანამ ყველა ის დეტალი არ გახდება ცნობილი, რის გამოც ეს ინფორმაცია საჯარო სივრცეში მოხვდა,“ – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელმა, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა მანამდე “რადიო თავისუფლებასთან” განაცხადა, რომ ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა.

ანანიაშვილი აცხადებდა, რომ პარალელურად  ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.