ნია ფოცხვერაშვილი – პატარა მოდელი, ულამაზესი თვალებით

ნია ფოცხვერაშვილი – პატარა მოდელი, ულამაზესი თვალებით

ოცნების სამსახური! ასე აღიქვამს ყველა გოგონა სამოდელო კარიერას. არ არსებობს დედამიწაზე ინდივიდი, რომელსაც რაიმეში თავის წარმოჩენა არ შეეძლება, თუმცაღა დღევანდელი სტატიის თემით თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ ნიჭი როდი კმარა, იმისთვის, რომ შეძლო გახდე წარმატებული მოდელი, ბუნებამაც უნდა დაგაჯილდოვოს სილამაზით, რომელიც შენი წარმატების საწინდარი გახდება.

დღევანდელი ჩვენი საბავშვო რუბრიკის სტუმარი, სწორედ ასეთი სილამაზით დაჯილდოებული, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ 6 წლის ულამაზესი მოდელი ნია ფოცხვერაშვილია.

_ ნია, მოგვიყევი როგორ მოხვდი სამოდელო სააგენტო „კატრინში“?
_
სიმართლე გითხრათ, სამოდელო სააგენტოში ჩემი სურვილით არ მივსულვარ. დედაჩემი ჟურნალისტია. სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელთან, ეკატერინე მგალობლიშვილთან ჰქონდა ინტერვიუს ჩაწერა და ამ დროს ეკა მასწავლებელმა აჩუქა ჩემთვის ერთწლიანი უფასო პაკეტი. ასე გავხდი „კატრინის“ ოჯახის წევრი.

_ როცა მიხვედით სამოდელოში რა სიტუაცია დაგხვდათ? გამართლდა თქვენი მოლოდინები?
_ ერთი კვირის მერე წავედით. მახსოვს, მთელი გზა დაძაბული ვიყავი, არ ვიცოდი მომეწონებოდა თუ არა. კარი, რომ შევაღეთ ისეთი თბილი ატმოსფერო დაგვხვდა, მეგონა დიდი ხანია აქ დავდიოდი უკვე. ეკა მასწავლებელი საოცრად თბილი და კეთილია. „კატრინი“ ერთი დიდი ლამაზი ოჯახია. პროფესიონალი პედაგოგების მეშვეობით თქვენ შეისწავლით: დეფილეს, მოდის ისტორიას, სასცენო პლასტიკას და კამერასთან მუშაობას. ასევე, ცნობადი სახეები და მოდელები გვიტარებენ მასტერკლასებს. მოკლედ, „კატრინი“ წარმატების გარანტია!

_ ალბათ, პირველი ნაბიჯები ძალიან რთული იყო. გაიხსენეთ, თქვენი პირველი გამოსვლა პოდიუმზე?
_ სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ხელმძღვანელობით არაერთი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო პროექტი განხორციელდა. 2020 წლის ზაფხულს, ვერიკო ტურაშვილის მუსიკალურმა სტუდიამ და მოდის აკადემიამ „კატრინი“ ასამდე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს უმასპინძლა. იყო ორი ახალი სიმღერის პრემიერა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი მოდის აკადემია „კატრინმა“ ჩვენება გამართა, სადაც პატარა მოდელები დედიკოებთან ერთად პოდიუმზე გამოვედით და აკადემიის მიერ შექმნილი კოლექცია წარვადგინეთ. ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო ჩემი პირველი გამოსვლა პოდიუმზე. ქართულ ხალხური ცეკვების წრეზეც დავდივარ, გვაქვს ხოლმე კონცერტები და სცენაზე, ხალხის წინაშე გამოსვლას შეჩვეულიც ვარ.

_ ნიაკო, ულამაზესი თვალები გაქვს. საინტერესოა, ვის ჰგავხარ?
_ ასეთი ლამაზი, ცისფერი თვალები მემკვიდრეობით დიდი ბებოსგან მერგო. არც მის შვილებს და არც შვილიშვილებს, არავის არ გამოჰყვა ასეთი ფერის თვალები. როგორც ბებო იხსენებს, ჩემს ასაკში აღნაგობითაც ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მე ვარ ახლა. ასე, რომ ჩემს სილამაზეს დედ-მამის გარდა დიდ ბებოსაც უნდა ვუმადლოდე.  

_ რაზე ოცნებობ და რამდენად გიწყობენ ოცნების ასრულებაში ხელს?
_
ყველა პატარას თავისი განსაკუთრებული და საინტერესო სამყარო აქვს, სურვილებითა და ოცნებებით სავსე. ახლა, პირველ რიგში, მინდა, რომ კორონა ვირუსი დამთავრდეს და ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყო სკოლაში. ყველა სურვილი შესაძლოა არ იყოს მიღწევადი, თუმცა, ვოცნებობ, რომ ფრთები მქონდეს და ფრენა შემეძლოს.

_ რა არის შენო ჰობი?
_ ჩემი ჰობია ცეკვა, სიმღერა და მოდელობა. ძალიან მიყვარს ვიდეობლოგების გადაღება. დედა ჩემს ვიდეოებს სოციალურ ქსელში ტვირთავს. დიდ სიყვარულს ვგრძნობ საზოგადოებისგანაც, რაც ძალიან მახარებს და სტიმულს მაძლევს.

ავტორი: ლელა დევდარიანი, Fashiontime