დათა ჩაჩუა: ,,მიხვდებით, რომ მთავარია, დედა ბედნიერი იყოს”

დათა ჩაჩუა: ,,მიხვდებით, რომ მთავარია, დედა ბედნიერი იყოს”

ქართულ სერიალ „თესეას“ ტელესივრცეში გამოჩენამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ვაჟიკო ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, რომელიც საზოგადოებრივი წნეხიდან, სტერეოტიპებიდან და სტრესული ცხოვრებიდან გამომდინარე, ცდილობს, დედას შეუზღუდოს პირადი სივრცე, რასაც აგრესიით გამოხატავს. ვაჟიკოს განცდები დათა ჩაჩუასთვის მარტივად გასაგები აღმოჩნდა. მეტიც, იყო პერიოდი, როცა მის მსგავსად თავად იქცეოდა.
თეატრის სიყვარულს ბავშვობიდანვე ეზიარა. როგორც დათა ამბობს, ამაში დიდი როლი მის ძმას, მსახიობ გიორგი ჩაჩუას მიუძღვის. უმცროს ძმას იგი ხშირად აძლევს პროფესიულ რჩევებს და ისიც ითვალისწინებს მას.

_ „თესეაში“ როგორ მოხვდი?
_ 2019 წელს სპექტაკლში თამაშისას ჩემი და ჩემი ძმის ახლობელმა გიგა გოგიჩაძემ მნახა. როცა „თესეას“ ქასთინგი გამოცხადდა, არაფერი ვიცოდი, მაგრამ გიგამ მათ ჩემი ვარიანტი შესთავაზა. ამის შემდეგ დამიბარეს ქასთინგზე ვაჟიკოს როლზე. წავიკითხე სცენარი, ვისწავლე, მივედი და იქ დამხვდა ეკა მჟავანაძე. ნორმალურად გავიარე პირველი ტური. ერთი კვირის შემდეგ მეორე ტურზეც დამიბარეს. ძალიან მინდოდა, როლი მიმეღო და მონდომებული ვიყავი.
მანდ ვაჟიკო ცოტა სხვა ამპლუაში უნდა წარმედგინა, მოვამზადე ყველაფერი და საკმაოდ კარგ ფორმაში მივედი. ჩემს ძმასაც ვკითხე რჩევები. შედეგად კი მეორე ტური პირველზე უკეთ გავიარეთ. ბოლოს, ეკამ დამირეკა მეგობართან ყოფნისას და მითხრა: როლზე დაგამტკიცეთო. სიმართლე გითხრათ, ამის შემდეგ არაფერი მახსოვს, შოკში ვიყავი, ფეხის ზომაც კი დამავიწყდა და არასწორი ინფორმაცია მივეცი. ნოემბრის დასაწყისში დაიწყო გადაღებები.

_ შენს პერსონაჟზე რას იტყვი: რამდენად არის მსგავსება რეალურ დათასა და ვაჟიკოს შორის?


_ ვაჟიკოს როლის შესრულება ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან სრულიად განსხვავდება დათასგან. ვაჟიკო ზედმეტად ეჭვიანია, მე _ საერთოდ არა. ერთი იყო ის, რომ დედაზე ვეჭვიანობდი ხოლმე ბავშვობაში, რაც ოჯახურმა მდგომარეობამ გამოიწვია. ამაში კი ვგავართ ერთმანეთს _ დედა ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ორივეს მარტო დედა გვყავს. მაგრამ მე ეს გადავლახე, გადამიარა. გარდა ამისა, ვაჟიკო ძალიან ბუზღუნა და წუწუნაა, მე კი იშვიათად ვწუწუნებ.
ვაჟიკოს მსგავსად როდესმე ჩარეულხარ დედაშენის ცხოვრებაში?
_ ისე არა, როგორც ვაჟიკო, მაგრამ ადრე ბევრჯერ, _ როცა ტელეფონზე შეტყობინება მოსდიოდა, უსიამოვნოდ ვიყავი და ვეკითხებოდი, ვინ იყო. ახლა, როცა გავიზარდე, დედაჩემის ბედნიერება პირველ ადგილზე გადმოვიტანე. მთავარია, ის იყოს ბედნიერი.
შენ რას ეტყვი ვაჟიკოს და მის მსგავსს ბიჭებს?
_ ვეტყვი, რომ იფიქრონ ყველაფერზე. გულის სიღრმეში მიხვდებით, რომ მთავარია, დედა ბედნიერი იყოს, მას პირადი ცხოვრებაც სჭირდება, მხოლოდ კარგი ნიშანი არ მოქმედებს. ყველა დედა და ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას, ტყუილად ნურც თავს დაიღლით და ნურც სხვას დაღლით.
_ დათა, როგორც კი ეკრანებზე „თესეა“ გამოჩნდა, მაყურებელმა იგი განსაკუთრებულად შეიყვარა. როგორ ფიქრობ, რატომ? რით გამოირჩევა და განსხვავდება ეს სერიალი სხვა სერიალებისგან?
_ პირველ რიგში იმით, რომ „ვეფხისტყაოსანზეა“. ამის ირგვლივ ბევრი რამ არ გაკეთებულა. მე სიუჟეტმა ძალიან დამაინტერესა, „ვეფხისტყაოსანზე“ მიუზიკლი მართლაც საინტერესოა. გარდა ამისა, როცა ამ აზრს ხალხისგან ხვდება წინააღმდეგობა, „მუღამში“ შევდივართ. აღსანიშნავია ისიც, რომ შესრულებაც და გადაღებაც საკმაოდ მაღალ დონეზეა _ სხვა ხარისხია, პროფესიონალთა გუნდი მუშაობს, თვითონ სიუჟეტია აქტუალური, პრობლემური საკითხებია წინ წამოწეული და ვფიქრობ, მაყურებელმაც სწორედ ამიტომ შეიყვარა ეს სერიალი.


_ სერიალში პროფესიონალ მსახიობებთან გიწევს თამაში. რას ნიშნავს ეს შენთვის? ალბათ, გამოცდილების მხრივ ბევრი რამ შეგძინა, ასეა?
_ პირველ რიგში, მათთან თამაში დიდი პატივია. რა თქმა უნდა, მათთან თამაში დიდი გამოცდილებაა ჩემთვის. როცა ვუყურებ, რას როგორ თამაშობენ, ვცდილობ, მათგან ვისწავლო. ჩემთვის მათი ნახვა ყოველდღე ძალიან კარგი იყო, სულ ახალს ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა, რომ ტყეშიც გვიწევდა გადაღება, ყოველი სამუშაო დღის შემდეგ მოუთმენლად ველოდი მომდევნო დღეს, რომ მათთან ერთად ვყოფილიყავი. ვიღლებოდი, თუმცა მათთან მუშაობა ამას მავიწყებდა.
ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი რეჟისორი გიორგი ლიფონავაა. რას გეუბნება იგი, გაქებს?
_ ზოგადად, ჩემთვის პირადად არაფერი უთქვამს, მაგრამ გავიგე, პირველ დღეს კარგ რაღაცას ამბობდა ჩემზე დამდგმელ მხატვართან და ძალიან გამიხარდა. მე ბოლომდე დავიხარჯე და მინდოდა, უფრო გამეუმჯობესებინა ჩემი შესრულება, რომ კიდევ ეთქვა მსგავსი რამ. კარგია, როცა რაღაცას აკეთებ და რეჟისორს ეს მოსწონს.
თეატრში პატარა გამოცდილება გაქვს, ახლა უკვე კინოშიც და წინ კიდევ ბევრი წარმატებული ეტაპი გელოდება, მაგრამ ამ გადმოსახედიდან რომელი უფრო საინტერესოა შენთვის, _ კინო თუ თეატრი?
_ ორივე, უბრალოდ, თეატრში ყველაფერი ცოცხალია. იქ ხალხია, მეტი თავისუფლებაა, სერიალსა და ეკრანზე ეგეთი რაღაცები _ ნაკლებად. აქ ყველაფერი მეტად ხელოვნურია _ მონტაჟი და ა. შ. ვფიქრობ, კინო საინტერესოა, მაგრამ მე თეატრი მეტად მიზიდავს, მიყვარს და მაინტერესებს.
_ ერთმა პერსონაჟმა, ვაჟიკომ, საოცარი პოპულარობა მოგიტანა, რა ემოციას აღძრავს შენში ეს ყოველივე?
_ იმ ადამიანების სახეების ნახვა, რომლებიც ქუჩაში გიყურებენ ან ფოტოს გადაღება სურთ ან გეხუტებიან, ძალიან სასიამოვნოა. უარყოფითსაც ამბობენ, თუმცა მათგან იმდენ სითბოს გრძნობ, რომ ნეგატივს ფარავს.

თეკლა ნემსაძე, Fashiontime