“მე ტრადიციული სილამაზის მქონე ქალი არ ვარ” – ქეით მოსი

“მე ტრადიციული სილამაზის მქონე ქალი არ ვარ” – ქეით მოსი

ქეით მოსი – ქალი, რომელმაც შეძლო და მიაღწია იმდენს, რაც დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებლად ითვლებოდა.

ინგლისელი ლამაზმანი სამ ათწლეულზე მეტია მუშაობს მოდის ინდუსტრიაში, რომლის პარალელურად ყალიბდება განსხვავებული ტენდენციები, მოთხოვნები და სილამაზის კრიტერიუმები. მუდმივად ცვალებად ბიზნესში კი ქეით მოსის ფენომენი კვლავ აქტუალური რჩება. 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელები კარიერული “აღორძინების” შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო საქმიანობას ხშირად თავს ანებებდნენ, ხოლო დიდხნიანი პაუზის შემდეგ საკუთარი ადგილის დაბრუნებას ცდილობენ. ცხადია, ქეით მოსი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. ის მოდის ინდუსტრიის მუდმივად განვითარებად სახედ რჩება.

ქეითი 1974 წლის 16 იანვარს ქალაქ კროიდონში, ინგლისში დაიბადა. მისი სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, როდესაც Storm Model Management-ის დამფუძნებელმა ნიუ-იორკში JFK-ის აეროპოტში მისი სახით 14 წლის პოტენციური სუპერმოდელი აღმოაჩინა. ქეითმა რამდენიმე წარმატებული ფოტოსესიისა და კამპანიის შემდეგ, 16 წლის ასაკში ჟურნალ The Face-ის გარეკანი დაამშვენა, ეს იყო მისი სადებიუტო ყდა, რომლის შემდეგაც ახალგაზრდა გოგონას სამოდელო კარიერა რადიკალურად შეიცვალა.

კარიერის დასაწყისში, ქეითი ცნობილი იყო ცხოვრების არაჯანსაღი სტილით, ის წლების განმავლობაში კარგავდა მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმების შესაძლებლობას გახმაურებული სკანდალებისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო. სუპერმოდელი არაერთხელ დაადანაშაულეს ანორექსიის პროპაგანდაში, როდესაც მან WWD-სთან საუბრისას განაცხადა, რომ “სიგამხდრე ყველაზე სასიამოვნო რამ იყო, რაც კი ადამიანს შეეძლო შეეგრძნო.”

ცხოვრებაში არსებული სირთულეებისა და გამოწვევების პარალელურად ქეითი ტრანსფორმირდა წარმატებულ მოდელად და ბიზნესვუმენად, რითიც დაამტკიცა, რომ საკუთარ თავზე მუშაობითა და მონდომებით ყველაფერი შესაძლებელია.

“ჩემი ცხოვრება ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. ვმუშაობდი, ვმოგზაურობდი, ვთამაშობდი, ვერთობოდი, ეს ყველაფერი კი ერთხელაც გაუწონასწორებელი გახდა… ძალიან ბევრი საშინელი და უსამართლო ბრალდება ითქვა ჩემს შესახებ. მე კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საუკეთესო შურისძიება – წარმატებაა.

“მინდა ცხოვრება გავატარო ისე, რომ, როდესაც ასაკი მომემატება და წარსულს გავიხსენებ ვთქვა – არა გადავრჩი, არამედ ვიცხოვრე”.

ქალი, რომელიც უბრალო თინეიჯერი გოგონადან საკულტო სუპერმოდელად იქცა, გამოირჩევა არატრადიციული გარეგნობით, რომელიც გამუდმებით უნარჩუნებს მას ხიბლსა და ელეგანტურობას. თავად ქეითი ფიქრობს, რომ სილამაზე ფართო ცნებაა და მას ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს.

“მე ტრადიციული სილამაზის მქონე ქალი არ ვარ, თუმცა, როგორც ჩანს ხალხი საპირისპიროს ფიქრობს. ბანალურად ჟღერს, თუმცა მგონია, რომ თუ შინაგანად ლამაზი ხარ, ეს ყველაფერი გარეგნულადაც აისახება. შეიძლება გქონდეს მშვენიერი სახე, მაგრამ არ იყო ლამაზი, როგორც ადამიანი.”

“ქეით მოსი ნებისმიერი ვიზაჟისტის ოცნებაა, გამოკვეთილი ყვრიმალებით, გულის ფორმის ტუჩებითა და ნუშისებრი თვალებით.” – აღწერს სუპერმოდელთან მუშაობის პერიოდს Makeup არტისტი შარლოტა ტილბერი.

ქეით მოსს ფანტასტიკურად აქვს შერწყმული პროფესიული საქმიანობა და დედობრივი მოვალეობები. კარიერა, რომელმაც მას სუპერმოდელის სტატუსი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნა, დღესაც ძალიან წარმატებულია, თუმცა ეს ყველაფერი ქალიშვილთან ურთიერთობაში ხელს საერთოდ არ უშლის.

47 წლის ინგლისელი ლამაზმანი აღნიშნავს, რომ ძალიან ნერვიულობდა, როდესაც Miu Miu-ს ჩვენებაზე ლაილას სადებიუტო გამოსვლა შედგა.

“ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სენტიმენტალური მომენტი ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ვნერვიულობდი, ამ დროს მეგობრებთან ერთად სამზარეულოში ვიჯექი და ჩვენების ციფრული ფორმატის დაწყებას ველოდი. როდესაც ლაილა პოდიუმზე დავინახე ძალიან გამიხარდა და ვამაყობდი, გამუდმებით ერთ ფრაზას ვუმეორებდი საკუთარ თავს “მან ეს გააკეთა, ლაილამ ეს შეძლო.”

ნათარგმნია okmagazine-ს მიერ