ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერამ  რუს ოპერის მომღერალს კონტრაქტი გაწყვიტა

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერამ რუს ოპერის მომღერალს კონტრაქტი გაწყვიტა

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერამ უკრაინაში ომის გამო,  რუს ოპერის მომღერალ ანა ნეტრებკოსთან კონტრაქტი გაწყვიტა. რუს ქალს ოპერა „ტურანდოტში“ უკრაინელი მომღერალი ლუდმილა მონასტირსკაია შეცვლის. 

მეტროპოლიტენ ოპერის გენერალურმა მენეჯერმა პიტერ გელბმა თქვა, რომ მონასტირსკაიას გამოჩენა ნიუ-იორკში სცენაზე დაეხმარება “უკრაინელი ხალხის გასაჭირზე ყურადღების მიქცევას”. 

უკრაინელმა მომღერალმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ არ სურდა პოლიტიკაში ჩართვა და ანა ნეტრებკოსთან ურთიერთობის გაფუჭება, მაგრამ პიტერ გელბმა დაარწმუნა იგი მიეღო წინადადება, წერს სააგენტო News-ის ტელეგრამის არხი. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის  დაწყების შემდეგ, მეტროპოლიტენის ოპერის ხელმძღვანელობამ გააუქმა ანა ნეტრებკოს სპექტაკლები, რადგან მან არ შეასრულა თეატრის მოთხოვნა,  უარი ეთქვა ვლადიმერ პუტინისა და საომარი მოქმედებების მხარდაჭერაზე და საჯაროდ დაეგმო ისინი. 

მოგვიანებით რუსმა მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გმობს უკრაინაში წამოწყებულ ომს  და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს. 

ნეტრებკომ ასევე განაცხადა, რომ ის არ არის არც ერთი რუსეთის ლიდერის მხარდამჭერი. თუმცა აღსანიშნავია, რომ  ის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის რწმუნებული იყო.