მსოფლიო კიდევ ერთ ვარსკვლავს ემშვიდობება – 56 წლის ასაკში სუპერმოდელი ტატიანა პატიცი გარდაიცვალა

მსოფლიო კიდევ ერთ ვარსკვლავს ემშვიდობება – 56 წლის ასაკში სუპერმოდელი ტატიანა პატიცი გარდაიცვალა

მსოფლიო 90-იანი წლების სამოდელო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახეს ემშვიდობება. 56 წლის ასაკში სუპერმოდელი ტატიანა პატიცი გარდაიცვალა.

“ის ყოველთვის იყო ელეგანტურობის ევროპული სიმბოლო, როგორც რომი შნაიდერი და მონიკა ვიტი… ის ნაკლებად ჩანდა, ვიდრე მისი კოლეგები – უფრო იდუმალი, უფრო ჩამოყალიბებული, უფრო მიუწვდომელი. მას თავისი მიმზიდველობა ჰქონდა” – ასე გამოეხმაურა 56 წლის სუპერმოდელის გარდაცვალებას VOGUE-ის მთავარი რედაქტორი, მსოფლიო მოდის ინდუსტრიისა და მოდური ჟურნალისტიკის ლეგენდა ანა ვინტური.

ტატიანა პატიცის გარდაცვალების შესახებ პირველი ცნობაც, სწორედ “ვოგმა” გაავრცელა. პატიტსი – “ოქროს თაობის” წარმომადგენელი, რომელმაც სუპერმოდელებთან ერთად, მოდის სამყარო ააფეთქა და სამოდელო ბიზნესში ყველაზე დასამახსოვრებელი ეპოქა შექმნა.

ტატიანა პატიცის, დიდება 80-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება მოდის სამყაროში ფოტოგრაფ პიტერ ლინდბერგს უკავშირდება. 1988-1995 წლებს “ტატიანას ეპოქას” უწოდებენ.

პატიცი პოდიუმზე ფაქტობრივად 40 წელი იდგა. ის ამშვენებდა არაერთი გამოცემების ყდას. საზოგადოებას თავი გამორჩეული შოუების გახსნით დაამახსოვრა. მოდელის ფოტოები კი იბეჭდებოდა ისეთი ჟურნალების გარეკანზე როგორიცაა: “ვოგი”, “ელი” და “ჰარპერს ბაზარი”. განსაკუთრებულ წარმატებას კი 90-იან წლებში სუპერმოდელების ეპოქად აღიარებულ პერიოდში მიაღწია. პატიცი მონაწილეობდა მოდის ინდუსტრიის წამყვანი დიზაინერების ჩვენებებში – ლინდა ევანგელისტას, კრისტი ტარლინგტონის, ნაომი ქემბელის და კლაუდია შიფერის გვერდით.

მოდელმა ითანამშრომლა ისეთ ფოტოგრაფებთან როგორებიც არიან: რიჩარდ ავედონი, ირვინგ პენი, ბრუს ვებერი, სტივენ მეიზელი და პატრიკ დემარშელიე. საზოგადოებამ ის 90-იანების სუპერმოდელებთან ერთად ჯორჯ მაიკლის მუსიკალურ ვიდეოში Freedom იხილა.

გერმანული და ესტონური ფესვების მოდელი ტატიანა პატიცი 1966 წლის 25 მარტს გერმანიაში დაიბადა. ტატიანა არ ფიქრობდა, რომ მოდელობა ზღაპარს ჰგავდა. ის ყოველთვის ცდილობდა ბუნებასთან ახლოს ეცხოვრა და მის ცხოვრებაში ცხოველებს დიდი ადგილი ეკავა. სუპერ მოდელს 19 წლის ვაჟი დარჩა, რომელთან ერთადაც ბოლოს საზოგადოების წინაშე 2022 წლის სექტემბერში “დიორის” სუნამოს წვეულებაზე გამოჩნდა.

მილიონ დოლარად შეფასებული გარეგნობა, ბუნებრივად, ჩარევების გარეშე, ე.წ. ორიგინალი სუპერმოდელი მოდის სამყაროს სამუდამოდ დაემშვიდობა. ტატიანა პატიცი მკერდის კიბოთი კალიფორნიის სანტა ბარბარას საავადმყოფოში გარდაიცვალა.