„საუკეთესო შედეგებით უნდა დავბრუნდე“ – თაკო კალანდაძე საქართველოს Top Models Of The World 2023-ზე წარადგენს

„საუკეთესო შედეგებით უნდა დავბრუნდე“ – თაკო კალანდაძე საქართველოს Top Models Of The World 2023-ზე წარადგენს

Georgian Sky Angels-ის მოდელი და „პირველი ვიცე Miss angel 2022“-ის გამარჯვებული, თაკო კალანდაძე, თებერვალში საერთაშორისო კონკურს Top Models Of The World 2023-ზე ეგვიპტეში საქართველოს სახელით მიემგზავრება. დიდი კონკურენციის მიუხედავად, მოდელი არ ნერვიულობს და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია.

როგორ ემზადება და როგორია წინასაკონკურსო ციებ-ცხელება? _ ამას თაკო კალანდაძე Fashiontime-ის მკითხველს თავად მოუყვება:

_ შენი პირველი ნაბიჯები სამოდელო სფეროს  _Georgian Sky Angels უკავშირდება. სილამაზის კონკურსშიც მიიღე მონაწილეობა, სადაც „პირველი ვიცე Miss angel 2022“ გახდი. რას ნიშნავს შენთვის ეს გამარჯვება?

_ პირველ რიგში, მინდა ვაღიარო, რომ ჩემთვის ეს იყო უდიდესი გამარჯვება. ბავშვობის ოცნება ამიხდა. გამარჯვება მოულოდნელი და სასიხარულო იყო, რომელმაც თავდაჯერებულობა შემმატა,  უამრავი კარი გამიღო წარმატებისკენ.

Dress: ქართული ბრენდი MARIGOLD

_ რა მოგცა ამ კონკურსმა და Georgian Sky Angel-ის გუნდთან თანამშრომლობამ?

_ გავიცანი უამრავი ადამიანი, მივიღე უდიდესი გამოცდილება, შევიძინე, ასე ვთქვათ, მეორე ოჯახი ჩემი გუნდის სახით, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ სულ ჩემ გვერდით იყოს. ვგრძნობ, რომ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ამისთვის მადლობა მათ. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ნინო ქორთოშიძეს, რომელიც სულ ცდილობს, თითოეული ჩვენგანის გვერდით იდგეს და საზოგადოებას უჩვენოს ის ხარისხი, რაზედაც ყველა ვოცნებობთ. დიდ შრომას დებს ამ ყველაფერში, რაც ძალიან დასაფასებელია.

_ ამ გადმოსახედიდან, რა უნდა ჰქონდეს მოდელს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, _ იღბალი, სილამაზე, თუ, როგორც იტყვიან, საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვედრა?

_ ჩემი აზრით, იღბალიც, სილამაზეც და საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვედრაც აუცილებელია წარმატებისთვის. ამ შემთხვევაში ძალიან გამიმართლა, რადგან მართლა საოცარ გუნდში მოვხვდი, სადაც მუშაობენ პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი საქმე.

_ როგორც ვიცი, ემზადები საერთაშორისო სილამაზის კონკურსისთვის. მოგვიყევი უფრო დაწვრილებით, რომელ კონკურსზე მიემგზავრები და როდის?

_ 20 თებერვალს მივემგზავრები საერთაშორისო კონკურს Top Models Of The World 2023-ზე, სადაც საქართველოს წარმოვადგენ  და ეს არის ორმაგად საპასუხისმგებლო და დიდი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში. კონკურსის ფინალი 3 მარტს გაიმართება და დიდი იმედი მაქვს, რომ ღირსეულად წარვადგენ ჩვენს ქვეყანას.

_ საკმაოდ დიდი კონკურენცია იქნება. მზად ხარ ამისთვის?

_  ვიცი, რომ ძალიან დიდი კონკურენცია იქნება, მაგრამ არ ვნერვიულობ. საკუთარ თავში იმდენად ვარ დარწმუნებული და იმდენად დადებითი ემოციებით მივდივარ, რომ აუცილებლად საუკეთესო შედეგებით უნდა დავბრუნდე.

თამარ სანაძე, Fashiontime