დემნა გვასალია: მოდა ჩემთვის სამოსის შექმნის ხელოვნებაა

დემნა გვასალია: მოდა ჩემთვის სამოსის შექმნის ხელოვნებაა

რამდენიმე თვის წინ მომხდარი უზარმაზარი სკანდალის შემდეგ, ბევრ ადამიანს ეჭვი ჰქონდა იმის შესახებ, გააგრძელებდა თუ არა დემნა გვასალია მოღვაწეობას მოდის სფეროში, თუმცა ბოდიშის საჯაროდ მოხდის შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულმა ქართველმა დიზაინერმა და Balenciaga-ს მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცა. დემნა ექსცენტრიული ხედვით, რევოლუციური იდეებითა და სენსაციური კოლექციებით მოდის ინდუსტრიას გასული წლების განმავლობაში მართლაც “იპყრობდა”.

ამჯერად დემნამ გადაწყვიტა საზოგადოების ყურადღება არა მოედანზე და მასზე გამართულ შოუზე, არამედ სამოსსა და მოდელებზე გადაეტანა. შეგახსენებთ, რომ ჩვენებაზე უცხოელ მოდელებთან ერთად ქართველი მოდელი დეა თავაძეც გამოვიდა.

მაყურებლებს შოუს დაწყების წინ დემნას პატარა მონოლოგი დახვდათ:

“6 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა უფლება მომცეს მეზობლის მიერ შეკერილი ჯინსის შარვალი მქონოდა. მე შევქმენი მისი დიზაინი. შევარჩიე ნაჭერი, მკერავთან კი მორგებებზე ორჯერ მივედი. ეს იყო დასაწყისი ჩემსა და სამოსს შორის შექმნილი სასიყვარულო ურთიერთობის. მოდა გართობის ერთ-ერთი სახეობა გახდა, რაც ხშირად მის მთავარ აზრს ფარავს, რაც იმალება ფორმებში, ქსოვილებში, სილუეტებში, კავშირში, რომლითაც ჩვენ ვქმნით ურთიერთობას სხეულსა და სამოსს შორის. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მე ვეძებდი თავშესაფარს იმ სიყვარულისთვის, რომელიც მე მოდის მიმართ გამაჩნია და ეს ყველაფერი ვიპოვე ტანსაცმლის შექმნის პროცესში. ამან კიდევ ერთხელ დამანახა, რომ მაქვს ძალა, რომელიც საშუალებას მაძლევს სამოსის შექმნისას სიხარული და ბედნიერება გამოვხატო. ამიტომაც, მოდა ჩემთვის გართობა არ არის, არამედ სამოსის შექმნის ხელოვნებაა”. – დემნა გვასალია.

Okmagazine.ge