როგორ მოვუაროთ სახის კანს – დერმატო-კოსმეტოლოგ ინგა ურუშაძის მნიშვნელოვანი რჩევები

როგორ მოვუაროთ სახის კანს – დერმატო-კოსმეტოლოგ ინგა ურუშაძის მნიშვნელოვანი რჩევები

სახის კანის მოვლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა სანამ მასზე ზრუნვას დავიწყებთ,  უნდა გავიგოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს – მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული/მგრძნობიარე. მიუხედავად კანის ტიპისა, ყოველდღიური რუტინა შედგება დილა-საღამოს პროცედურებისგან.

გახსოვდეთ, ადამიანის სახის კანი არა მხოლოდ სილამაზეა, არამედ ის შეიძლება მიგვანიშნებდეს შინაგანი ორგანოების პრობლემებზეც.

გაითვალისწინეთ: ყველა ადამიანს ინდივიდუალური მოვლისა და მკურნალობის კურსი სჭირდება მისი სახის კანის თავისებურებიდან გამომდინარე.

დერმატო-კოსმეტოლოგი ინგა ურუშაძე ქალბატონებსა და არა მარტო მათ სასარგებლო რჩევებს აძლევს და თავის გამოცდილებას ჩვენი ჟურნალის მკითხველს უზიარებს:

_ 20-21 წლია, უკვე ამ სფეროში ვმუშაობ. ზოგადად, ხატვის ნიჭი არ მაქვს, მაგრამ როცა ადამიანს თვალებით ხატავ, ეს არის ძალიან კარგი შეგრძნება. როცა ფურცელზე ხატავ ფუნჯს, კალამს ან ფანქარს იყენებ, მაგრამ შენს წარმოდგენაში ადამიანის დახატვა სულ სხვაა, იქვე ფიქრობ, რა როგორ მოუხდება, როგორ აღიქვამ კონკრეტული სახის მოტივს. მაგალითად, ზოგიერთი შეიძლება 20 წლის ასაკში დაბერდეს. აქ გენეტიკური თემაც ერთვება და არასწორი მოვლის ფაქტორიც. ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს გარეგნობაზე, განსაკუთრებით _ ქალზე.

ინგა ურუშაძე

კანი ურთულესი და მოცულობით ყველაზე დიდი ორგანოა. მასზე აისახება ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები, სხვადასხვა ორგანოს პრობლემა, ასევე სისხლძარღვების პრობლემა. უყურებ ადამიანს და ხვდები, რა სჭირს, რა სჭირდება მას. თუ შინაგანად რაღაც დარღვეულია ორგანიზმში, რა თქმა უნდა, კანს მარტო ვერაფერს უზამ. ეს არის კომპლექსურად სამკურნალო. შეიძლება იყოს ჰორმონული დისბალანსი, განსაკუთრებით მოზარდებში, გარდატეხის ასაკი იწვევს ხოლმე გამონაყარს აკნეს სახით. რა თქმა უნდა, აქ ერთვება ჰიგიენა, არასწორი ცხოვრების წესი ან ჯანსაღი ცხოვრების წესი, კვება. როცა კვება დარღვეულია, ეს იმწამსვე აისახება სახეზე, კანი მაშინვე იწყებს დაბერებას. არასწორი დიეტა და, ზოგადად, დიეტები, საშინლად მოქმედებს ორგანიზმზე. დამღუპველია კვების არასწორი რეჟიმი, უძილობა, სტრესული მდგომარეობა, დეპრესია. როგორც ვთქვი, ეს პრობლემები განსაკუთრებით უფრო გამოხატულია მოზარდებში. ისინი საფუძველს უყრის ისეთ დაავადებებს, როგორიც არის დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, კანის დაბინძურება. მნიშვნელოვანია კანის დაცვა. ზოგიერთი ამბობს, საბავშვო კრემს ვისვამ და მშვენივრად გამოვიყურებიო. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან საბავშვო კრემი კარგია, თავის როლს ასრულებს, მაგრამ ხანგრძლივი და ღრმა ეფექტი არ აქვს.

სახის კანი უნდა გამოირჩეოდეს ფერით, ხარისხით, სიბრჭყვიალით. ზოგიერთი კანის ტიპი მიდრეკილია ნაოჭებისკენ, ძალიან გამოფიტული და გამომშრალია. ასაკთან ერთად ნელ-ნელა უფრო იცვლება, _ კოლაგენ-ელასტინის, ჰიალურონის პრობლემა მოდის.

_ სულ გვესმის მოწოდება სწორ კვებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე. როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად?

_ პირველ რიგში, მაინც მგონია, რომ აუცილებელია ძილის მოგვარება. უძილობა ფიტავს ორგანიზმს. ასევე მნიშვნელოვანია წყლის  რეგულარულად სმა _ ბევრს არ უყვარს წყლის სმა, არადა, ეს დეჰიდრატაციას იწვევს. ბავშვებს განსაკუთრებით არ უყვართ ბოსტნეული, რაც ვიტამინების წყაროა. ასევე  აუცილებელია ხილი. უნდა გადაანაწილო ხილისა და ბოსტნეულის მიღება. იმას არ ვამბობ, რომ არ ჭამო, არ იკვებო ცომეულით ან შენელებული ნახშირწყლებით, უბრალოდ, ყველაფერი უნდა მიიღო მცირე დოზით. უნდა იცოდეთ, რომ 6-7 საათის შემდეგ არ უნდა მიირთვათ მძიმე საკვები.

_ ჯანსაღი კვება ხომ ერთგვარად ფუფუნების საგანია?

_ არ არის, იმიტომ რომ ბოსტნეულის ჭამას ფუფუნება არ სჭირდება. ჩვეულებრივად, როგორც დასაბანი გელი გინდა და  სახის კანის გასუფთავება დილა-საღამოს, მაკიაჟის გაწმენდა, რომ მოიშორო მიკრობები, ბაქტერიები და ისე დაწვე, უფრო მსუბუქად არ იგრძნობ თავს? პატარა რუტინაა, მაგრამ მცირე დრო მაინც აუცილებლად უნდა დაუთმო საკუთარ თავს. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ნიღბები გაიკეთო. ასევეა მსუბუქი და ჯანსაღი კვებაც _ უნდა გადაერთო ამაზე და ყოველდღიურობად აქციო.

_ რა ასაკიდან არის რეკომენდებული ქალებსა და მამაკაცებში თავის მოვლის დაწყება? ასევე დერმატოლოგისგან სწორი რჩევების მიღება?

_ ბავშვობიდან უნდა დაიწყო თავის მოვლა, თუნდაც კრემების მოხმარება, თუ ნიღბების გაკეთება. შემდეგ უკვე ჩვევაში გადადის, რომ ლამაზად გინდა გამოიყურებოდეს კანი. ხშირად ადამიანები სკეპტიკურად უყურებენ სახის მოვლას, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, თუ რამე პრობლემაა, კოსმეტოლოგმა და ექიმმა აუცილებლად ნახოს, შეაფასოს კანის მდგომარეობა. ის უკეთესად გირჩევს, რა უნდა გაუკეთო საკუთარ კანს, ვიდრე სკეპტიკურად შეხედო პრობლემას და წინააღმდეგობა გაუწიო შენს თავს, _ ეს არ მინდა, კრემს არ წავისვამ და ა. შ. ეს არის აბსურდი. კრემიც უნდა წაისვა და ნიღაბიც უნდა დაიდო ყველა ასაკში.

ხშირად დაბერების პროცესი უკვე შორს  წასულია. ასეთ დროს აუცილებლად უნდა ჩავრთოთ გამაახალგაზრდავებელი მედიკამენტური საშუალებები, თუნდაც ჰიალურონის მჟავა, ანტიოქსიდანტები, ამინომჟავები, ვიტამინები, ინექციური პრეპარატები, რომლებიც ძალიან კარგია და არ არის მავნე.

_ ინექციებიც ადრეული ასაკიდან უნდა გაკეთდეს? მაგალითად, ფილერის, ბოტოქსის დაწყება როდიდან არის რეკომენდებული?

_ რაც უფრო პატარა დაიწყებ, უკეთესია. როგორც წეღან ვახსენე, ხშირად ხდება ფოტოდაბერება, ანუ პატარა ასაკში როდესაც ჩნდება ნაოჭები, თუნდაც წვრილი ნაოჭი, მიმიკური და ა. შ. მიმიკური ნაოჭი ზოგს იმდენად აქტიური აქვს, რომ მაშინვე ჩაჭრის ხოლმე სახის კანს, ეს ხაზები იმდენად ღრმავდება, ეჩვევა კანი მათ და ჩაღრმავების გასწორება ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ნაოჭის დამაგრება, რომ უფრო მეტად არ ჩაღრმავდეს, უფრო მეტად არ გამოიკვეთოს, ამიტომ 20 წლიდან შეიძლება, რაღაც პატარა ნაოჭი დაამაგრო ბოტოქსით.

_ ძალიან აქტუალურია ბოტოქსის თემა და ფილერი. მათი მოხმარება ინდივიდუალურია?

_ თუ პატარა ასაკში შეიძლება გაიკეთონ „ე“ ვიტამინი, რომელზე დიდი საშინელებაც არ არსებობს, მაშინ რატომ უნდა თქვას ადამიანმა უარი ისეთ კარგ პრეპარატზე, როგორიც არის ჰიალურონის მჟავა? ეს გახლავთ კონცენტრირებული, ტექნოლოგიურად სწორად დამზადებული პრეპარატი. უამრავი ადამიანი მუშაობს იმაზე, რომ ჰიალურონის მჟავა იყოს რაც შეიძლება ბუნებრივი. აქედან გამომდინარე, როდესაც ამაზე ამბობენ უარს და „ე“ ვიტამინს იკეთებენ – ეს არის არასწორი არჩევანი. ყოველთვის უნდა ავარჩიოთ კარგი ბრენდი, შესაბამისი პრეპარატი. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სპეციალისტს.

_ საკმაოდ რთულია დღეს იპოვო პროფესიონალი, ვისაც ანდობ საკუთარ თავს.

_ არასოდეს უნდა მოატყუო პაციენტი. თუ მოატყუე, აუცილებლად უკან დაგიბრუნდება. თუ შენ პაციენტთან არ ხარ გულახდილი და არ გაქვს სწორი მიდგომა, არა მხოლოდ პაციენტთან, ზოგადად, ადამიანებთან, ვერასოდეს მიიღებ კარგ შედეგს, ბუმერანგივით დაგიბრუნდება. კარგი შედეგის მისაღებად აუცილებელია კარგი პრეპარატის შერჩევა და მისი სწორად გაკეთება. არასწორ მიდგომას პაციენტი აუცილებლად დაინახავს. ჩვენ  ძალიან ვენდობით კონკრეტულ კომპანიებს, რომელთაც შემოაქვთ ხარისხიანი პრეპარატები. ყველაფერი მათთან შეთანხმებულად ხდება. აქ მუშაობენ გამოცდილი,  არაჩვეულებრივი გოგონები, კარგი დისტრიბუტორები. ასევე  უცხოეთიდან ჩამოდიან პროფესიონალი სპიკერები, რომლებიც ატარებენ მასტერკლასებს, კონგრესებს, კონფერენციებს, სადაც იმ პრეპარატებზე საუბრობენ, რომლებიც არის სუფთა, ნამდვილი და არ გამოიწვევს ალერგიას.

_ დღეს ძალიან მოდაშია ტუჩის დაბერვა, ბოტოქსი და ა. შ. თუმცა ძალიან ბევრ ქალბატონს ზედმეტი მოსდის და ბუნებრიობას კარგავს.

_ დიახ, ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია მსგავსი. რამდენიმე ადამიანი ამას გადავაჩვიე. ვეცადე, ამეხსნა, რომ მათთვის მთავარი დატვირთვა არ იყო ტუჩი, არამედ სხვა რაღაცები, რომლებიც უფრო ლამაზ ვიზუალს შექმნიდა. ზოგს ჰგონია, რომ რადგან ტუჩი დაბერილია, უკვე ლამაზი სახე აქვს, ასე არ არის. მაგალითად, შეიძლება ყვრიმალები აწიო, ლამაზი სახე შექმნა და საერთოდ არ იყოს საჭირო დატვირთული ტუჩი; ან შეიძლება ოვალის კორექცია გააკეთო და საერთოდ არ იყოს საჭირო ტუჩის გაკეთება. ან წარბების გადაჭარბებულად აწევა არ არის საჭირო. ყველაფერში უნდა იყოს ზომიერება. მაგრამ ზოგიერთს ჩვევაში გადასდით მუდამ რაღაცის კეთება და სახეს იფუჭებს.

ბევრი პრობლემაა ამ მხრივ. როცა ქალი ასაკში შედის, მთავარია, პატარა, წვრილი ნაოჭების გასწორება.

ასევე ხშირად გამიგია ცივი და ცხელი წყლის კომბინაცია – ეს გამორიცხულია. ცივი წყალი ავიწროებს, ცხელი აფართოებს. ჩვენ არც გაფართოებული სისხლძარღვი გვჭირდება და არც  _შევიწროებული. არ არის ეს სწორი მიდგომა. სასურველია, ოთახის ტემპერატურაზე ოდნავ თბილი წყლით დაიბანოთ, გაისუფთავოთ ფორები. ხანდახან კანის სტრუქტურას არ მიხედავენ ხოლმე და ჰგონიათ, რომ ბოტოქსი უშველით, მაგრამ რანაირად, როცა აუცილებელია, რომ ჯერ კანის სტრუქტურა მოაგვარო. ასევე მნიშვნელოვანია სისხლძარღვების პრობლემა, კაპილარები, რომლებიც ზედაპირზეა დაქსაქსული, ამას რას უშველი? როცა დამიანი ეწევა და თან გამოკვეთილი სისხლძარღვი აქვს,  იმას კიდევ ცხელი და ცივი წყალი რად უნდა? მას უნდა თბილი წყალი, შესაბამისი ნიღაბი, ექიმის სწორი რჩევა, რა გაიკეთოს, რომ კანი რაც შეიძლება ახალგაზრდა იყოს. თუ კანი ახალგაზრდაა, ყველაფერი დაცულია, კოლაგენ-ელასტინიც აღდგება, ჰიალურონიც, ჰიდრობლასტებიც, ყველაფერი დაიწყებს ფუნქციონირებას, კაპილარებიც ჩადგება – სწორად უნდა იყოს მიმართული მკურნალობა.

_ ვისაც ყოველდღიურად მძიმე მაკიაჟის ტარება უწევს, ამ ტიპის ადამიანებმა რა სიხშირით უნდა გაიწმინდონ სახე?

_ რაც არ უნდა სუფთად იყოს კანი, მიმაჩნია, რომ თვეში ერთხელ-ორჯერ მაინც უნდა მიხედოს ადამიანმა სახეს.  პირველ რიგში კანი, მერე აუგმენტაცია, კორექცია და კონტურული პლასტიკა.

_ აქტიური თავის მოვლის პირობებში შეიძლება თუ არა, რომ შევეწინააღმდეგოთ გენეტიკურ კოდს?

_ ერთი მოსვლით ვერ ვუშველით. ამას სჭირდება აქტიური ხაზი, თორემ შეწინააღმდეგებით, რა თქმა უნდა, შევეწინააღმდეგებით. ამ შემთხვევაში უფრო მეტად გვიწევს ხოლმე ბევრი სირთულის გადალახვა, მაგრამ თუ კარგი გენეტიკა გაქვს, ამას არაფერი სჯობს.

_ თქვენ ასევე ამზადებთ საოცარ საცხებს. რას და როგორ, ამას აღარ შეგეკითხებით, რადგან ეს პირადი საიდუმლოებაა. ამ საცხებს თქვენს თავზე ტესტავთ და მერე აძლევთ სხვებს რეკომენდაციებს?

_ აბსოლუტურად ყველაფერს ვსინჯავ საკუთარ თავზე. როცა, ვთქვათ, რაღაც პრეპარატი მოდის, ან თუნდაც საცხი, პირველ რიგში, ვსინჯავ საკუთარ თავზე. დავინახე, რომ ასაკი მემატება, მაგრამ ამბობენ, ახალგაზრდულად გამოიყურებიო და ეს ძალიან მიხარია, ე. ი. რაღაცამ შედეგი მომცა. არ ჩამოვთვლი, რა კომპონენტებია, მაგრამ ის, რომ ეს საცხი არის სრულიად უსაფრთხო, სუფთა და ნატურალური, ამაზე თავს დავდებ. არასდროს არავინ მომიტყუებია. ყოველდღე, ყოველ წუთს ვსწავლობ, მაგრამ არასოდეს ვარ კმაყოფილი. სწავლა სიბერემდეო, ნათქვამია და ეს არის, თურმე, 100%-იანი.

_ ინექციები თუ გაგიკეთებიათ საკუთარი ხელით საკუთარ სახეზე?

_ როგორ არა. ზოგადად, ეს არ არის სწორი. ყოველთვის მეორე პროფესიონალმა უნდა გაგიკეთოს, რაც არ უნდა პროფესიონალი იყო, მაგრამ არის ისეთი პრეპარატები, რომლებიც არ ვიცი, როგორ შეიძლება კანზე დაჯდეს და მიიღოს მან. სხვათა შორის, ისეთი კანი მაქვს, რომ რეაქცია აქვს, თუ პრეპარატი ცუდია და უხარისხო კომპონენტებისგან შედგება. ამიტომ აუცილებლად ვსინჯავ საკუთარ თავზე და მერე სხვაზე, _ სხვას ვერასდროს გავუკეთებ იმას, რაც არ ვიცი.