„შემიძლია, დღე და ღამე ეს საქმე ვაკეთო“ – ინგა შარვაძის ექსკლუზიური ქსოვილები და განსხვავებული სტილი

„შემიძლია, დღე და ღამე ეს საქმე ვაკეთო“ – ინგა შარვაძის ექსკლუზიური ქსოვილები და განსხვავებული სტილი

2005 წლიდან სამოდელო სფეროშია. მუშაობს დამოუკიდებლად და სამოსის შექმნისას ყველაფერს თვითონ აკეთებს. ფიქრობს ბევრს, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ქსოვილებს ირჩევს, რომელიც საზღვარგარეთიდან ჩამოაქვს. კერავს, ქარგავს და სრულყოფილებაში მოჰყავს ყველაფერი.

მისთვის მთავარია ხარისხი და კმაყოფილი მომხმარებელი. არაერთი მოდელის, მსახიობის, მომღერლისა თუ ბიზნესმენის იმიჯზე უმუშავია და როგორც ამბობს, მომხმარებლის გემოვნებაში დიდად არ ერევა. ის მიიჩნევს, რომ მასთან სწორედ იმიტომ მიდიან, რომ შეიქმნას მხოლოდ ერთი, გამორჩეული და ექსკლუზიური მოდელი.

ინგა შარვაძე, დიზაინერი:

_ ვსწავლობდი კომაროვში, მერე _ ტექნიკურ უნივერსიტეტში. მათემატიკური ტვინი მაქვს. საერთოდ არ ვიცი ხატვა. არავინ თქვას, რომ ამ საქმეს ხატვა სჭირდება. ან უნდა მენდოს, თუ ადამიანს არ აქვს რამე ინიციატივა, თუ არადა, უნდა მითხრას, რა უნდა.

_ თუმცა ნახაზებს აკეთებთ, ხომ?

_ დიახ, ნახაზებს ვაკეთებ.

_ რა თვისება ან უნარი უნდა ჰქონდეს დიზაინერს?

_ მახვილი თვალი _ ადამიანს როცა შეხედავ, უნდა წარმოიდგინო, რა უხდება მას.

_ მომხმარებელს თქვენ ურჩევთ კონკრეტულ სტილს?

_ ზოგიერთმა საერთოდ არ იცის, რა უხდება, კაბა უნდა და დამთავრდა. ტელეფონის დახმარებითაც შემიკერავს სამოსი ისე, რომ არც მინახავს ადამიანი. მაგალითად, ერთ-ერთ პატარძალს მეუღლემ სიურპრიზი გაუკეთა. ვთხოვე, გეხვეწები, ქუჩაში გამოატარე და დავინახავ-მეთქი. ესეც კი არ გააკეთა და ქორწილიდან დამირეკა იმ ქალბატონმა. მოკლედ, საქორწილო კაბაც კი ასე მაქვს შეკერილი. ერთი სიძისთვისაც ასე შევკერე. დღესაც არ ვიცი, ვინ არის ის ბიჭი. ქობულეთში იყო ქორწილი, მისმა მეგობრებმა დამირეკეს, _ შენი ჩვენებაა აქ პირდაპირი გაგებით, მინიმუმ, შვიდ ადამიანს აცვია შენი შეკერილი ტანსაცმელი, სიძიდან დაწყებულიო. უშიკიშვილის ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლები იყვნენ.

_ არ გიჭირთ ასე მუშაობა?

_ საერთოდ არა. თვალით ვსაზღვრავ ზომას ან ფოტოთი. სახლში მიმავალმა, შემიძლია გითხრა, სად, რა ფერის და რომელი მარკის მანქანა დგას _ ანუ მხედველობითი მეხსიერება მაქვს. შემიძლია, დღე და ღამე ეს საქმე ვაკეთო. ყაისნაღი, ნემსით ქარგვა, მაკრამე, ჭაღები, ტახტი, ყველაფერს ვაკეთებ _ ჩემი საქმე ძალიან მიყვარს.

_ რა არის ყველაზე უფრო რთული ამ საქმეში? ხელით მუშაობა?

_ რთულია, მაგრამ სასიამოვნო. საკმაოდ შრომატევადია, თუმცა განსხვავებული.

_ ყველაფერი თქვენით ისწავლეთ?

_ დიახ, არავის არაფერი უსწავლებია. ერთადერთი, რაც არ ვიცოდი, ეს იყო თექა. როცა ეს საქმე ახალი შემოსული იყო და ბაზარზე ფეხს იკიდებდა, იმ პერიოდში საერთოდ ვერ მივხვდით, რა იყო თექა. მე არც სვანი ვარ, არც ხევსური. შემდეგ მოვიძიეთ ინფორმაცია თექის შესახებ. ერთ-ერთი გერმანელი ბიზნესმენი იყო ამით დაინტერესებული, მასთან მივედი. რაც იმ წუთში ავაწყვე, ვთხოვე, თუ შეიძლება, რომ წავიღო-მეთქი, სველი წამოვიღე… იმით დამთავრდა ჩემი იქ მისვლა და მას შემდეგ აღარც ვყოფილვარ. უბრალოდ, თექის კეთება ძალიან მაგარია, მაგრამ მე არ ვაკეთებ ხშირად. თუ გავაკეთე, მხოლოდ კომბინირებული _ ან ნაქსოვი მკლავებით, ან ნაქსოვი საყელოთი ან ნაჭრით. ჭაღიც გამიკეთებია.

_ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამკერვალოში მარტო მუშაობთ…

_ დიახ. მარტო უფრო მობილიზებული ვარ. მომიყვანია კიდეც დამხმარე, მაგრამ ყველაფერს მე ვუხსნიდი, ყავაც კი მოვუდუღე რამდენჯერმე და ვიფიქრე, რომ აზრი არ ჰქონდა. სხვათა შორის, დამხმარეები მყავდა, როცა კლინიკებისთვის თეთრეული, ხალათები, ლეიბები შევკერე… მაშინაც მხოლოდ მე ვჭრიდი. დამხმარეები უცხოელები იყვნენ, ინდოელი სტუდენტები, რომლებსაც ჩემი ენა არ ესმოდათ, მე ინგლისური არ ვიცი და, აქედან გამომდინარე, მშვენივრად ვეწყობოდით ერთმანეთს: დავუდებდი საკერავ მანქანას და კერავდნენ.

_ ანუ მუშაობის დროს მარტო უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?

_ დიახ. ძალიან მკაცრი ვარ მუშაობის დროს და მეშინია, ვინმეს რამე ისე არ ვუთხრა.

_ თქვენი მომხმარებელი, ძირითადად, ქალია თუ მამაკაცი?

_ ორივე. აბსოლუტურად ერთნაირად არის.

_ როგორც ვიცი, მასალები საღვარგარეთიდან ჩამოგაქვთ…

_ დიახ, ძირითადად, სტამბოლიდან ჩამომაქვს ფერადი ქსოვილები. იმდენი ქსოვილი მომაქვს, რაც ერთ კაბას ჰყოფნის. ანუ მეორეს არ ვკერავ ერთი და იგივე ქსოვილით. ეს ყველამ იცის, ვინც ჩემთან დადის.

_ ამ სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია. დიდი კონკურენციაა?

_ არავისთან მაქვს შეხება, მით უმეტეს, ამ ეტაპზე. ჩემთვის ვარ, არავის ვაწუხებ. თუ ვინმე წუხდება ჩემით, ეს მისი პრობლემაა. სადამდეც შევძლებ საყვარელი საქმის კეთებას, იქამდე ვიქნები. მარტო ბიზნესისთვის არ გამიკეთებია ეს საქმე. პოლონეთში მივდიოდი და მაქმანების გულისთვის ჩავედი სტამბოლში. დილით გავედი აეროპორტიდან, საღამოს პოლონეთში გავფრინდი. თან ისეთები ჩამომაქვს, რომლებიც აქ არ არის. ცოტას არ ვიხდი და ლამაზია, განსხვავებულია. არ მინდა, რაც ყველას აქვს, ის მქონდეს.

_ ბოლო პერსონალური ჩვენება 2009 წელს გქონდათ. უნდა ველოდოთ თუ არა მომდევნო ჩვენებას უახლოეს პერიოდში?

_ რა თქმა უნდა. დროა უკვე.

_ რატომ გქონდათ ამხელა პაუზა?

_ არ ვიცი, ძალიან დატვირთული ვიყავი, ალბათ მაგიტომ და ახლა უკვე ამის დრო დადგა.

_ ბევრ ადამიანთან გიწევთ თანამშრომლობა და ურთიერთობა, მათ შორის, ცნობილებთან. პრეტენზიულები არიან, როცა სამოსის არჩევაზე მიდგება საქმე?

_ ყოველთვის ჩუმად ვარ და ვუსმენ. არავის არაფერს ვახვევ თავზე, გამორიცხულია. ის იმიტომ მოდის შენთან, რომ რაც მას უნდა, ის გაუკეთო. მაშინ წავა და მაღაზიაში იყიდის.

_ რა თემათიკაზე აპირებთ ჩვენების გაკეთებას?

_ დიდი ჩანაფიქრი მაქვს, მაგრამ ამას წინასწარ ვერ გეტყვით.