„ზარა“, „მანგო“, „მასიმო დუტი“ – ბათუმში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი იხსნება

„ზარა“, „მანგო“, „მასიმო დუტი“ – ბათუმში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი იხსნება

30 სექტემბერს ბათუმში, დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“ გაიხსნება, სადაც 100-მდე ბრენდული მაღაზია იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ისეთი საერთაშორისო ბრენდები როგორიც არის „ზარა,“ „მასიმო დუტი,“ „მანგო“ და სხვა.

„რიტეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილის ინფორმაციით, კომპანია რეგიონში 10 საერთაშორისო ბრენდს წარადგენს.

„ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური მოვლენაა რიტეილში 2019-ში იყო „სითი მოლი საბურთალოს“ გახსნა და 2023 წელს ეს იქნება ბათუმში, „გრანდ მოლის“ გახსნა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ბრენდები.

ბათუმში ასეთი მასშტაბის რითეილ მოვლენა არასდროს ყოფილა. მხოლოდ ჩვენი კომპანია 10 ბრენდს წარმოადგენს, ეს იქნება ზარა, მასიმო დუტი, სტრადივარიუსი, მანგო და ა.შ. ზარა გაიხსნება 1 თვის დაგვიანებით, ყველა დანარჩენი კი ხელმისაწვდომი იქნება 30 სექტემბრიდან. 

აჭარის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ერთ-ერთი მაღალია საქართველოში, საშუალოს ოჯახზე შემოსავალი თბილისსაც კი აჭარბებს, ამიტომ აქ დიდი მოლოდინია. ამას გარდა, ქალაქი წლიურად 2-3 მლნ-მდე ტურისტს მასპინძლობს და ეს მონაცემები წარმატების წინაპირობა უნდა გახდეს.

ვფიქრობ, რომ 1,200 მლნ ადამიანი, რომელიც დასავლეთში ცხოვრობს იმსახურებდა მაღალი დონის რითეილ ინფრასტრუქტურას და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ბრენდები ამ შესაძლებლობას შექმნის.“ – განაცხადა მაღალაშვილმა.

„გრანდ მოლი,“ დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი იქნება, სადაც ბრენდული მაღაზიები, კვების ობიექტები, კინოთეატრი, ფიტნეს კლუბი, ბავშვთა გასართობი ცენტრი და ბოულინგი იქნება წარმოდგენილი.

სავაჭრო ცენტრი ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ის 24000 კვადრატულ მეტრზე მეტია და 5 სართულს აერთიანებს. პირველ 4 სართულზე განთავსებულია სავაჭრო ობიექტები, ხოლო მინუს სართულზე 150 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი.