როგორ იქმნება ქართული ბრენდი „ხატკო“?!

როგორ იქმნება ქართული ბრენდი „ხატკო“?!

მიუხედავად იმისა, რომ მოდა მუდმივად იცვლება, შავი და თეთრი ტანსაცმელი ყოველთვის არის მსოფლიოში ყველაზე ქალური ბრენდების ყველა კოლექციაში: Versace, Gucci, Carolina Herrera და .. დიზაინერები სრულ პატივს მიაგებენ 50-70-იანი წლების ტენდენციას, როდესაც ეს კომბინაცია იყო ჰიტი.

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ხათუნა კობახიძე სხვა დიზაინერებისგან სწორედ განსხვავებული სტილით, არაორდინალურობითა და ორი ფერით გამოირჩევა. მისი შავ-თეთრი, ტყავით გაწყობილი სამოსი კი შეუმჩნეველი ნამდვილად არ დაგრჩებათ. რაც ყველაზე მთავარია, „ხათკოს“ ხელწერას ყველასგან და ყველაფრისგან გამოარჩევთ.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბრენდი „ხატკო“ ბაზარზე უკვე ოთხი წელია  არსებობს, ის წამყვანი ბრენდების გვერდით მოწინავე პოზიციებს იკავებს და ყოველწლიურად ფართოვდება.

FashionTime-ის სტუმარია დიზაინერი ხათუნა კობახიძე (ხატკო).

_ როგორ იქმნება „ხატკო“?

_ არ ვხატავ. არაფერს ვგეგმავ. მივდივარ, შევხედავ, მომწონს და ვქმნი  მოდელებს. თარგს არ ვაკეთებ, პირდაპირ ვჭრი და ვქმნი კოსტიუმს.

_ თქვენი ინსპირაციის წყარო ვინ არის?

_ ინსპირაცია ისევ საკუთარი თავია. ვქმნი და ვაკეთებ იმას, რასაც მე ჩავიცვამ. ისეთ სამოსს ვთავაზობ მომხმარებელს, რაშიც პირადად მე ვგრძნობ თავს კომფორტულად. არასდროს არ ვუყურებ სხვას, ვინ რას აკეთებს. მე მაქვს ჩემი საქმე, ჩემი სტილი და მხოლოდ ამას ვუშვებ.

_  გაამართლა ამ პრინციპმა?

_ რა თქმა უნდა, ძალიან გაამართლა. დღეს უკვე ბრენდ „ხათკოს“ ხუთი მაღაზიაა და კმაყოფილი ვარ. ქუთაისში ვაპირებ მაღაზიის გახსნას, რადგან იქაც ძალიან დიდი მოთხოვნაა.

_ რატომ შავ-თეთრი და არა სხვა?

_ შავი და თეთრი არის ჩემი საყვარელი ფერი, თუმცა სხვა ფერის სამოსსაც ვაკეთებ. ძირითადად კი ნამდვილად შავი ფერის სამოსია.

_ კონკურენციის არ გეშინიათ?

_ ზოგადად არაფრის მეშინია. ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და ზუსტად ვიცი, რა დროს, როგორ და რანაირად უნდა მოვიქცე. პანდემიის დროს რადიკალურად შევცვალე მიდგომები. ფასები გავანახევრე, ონლაინ გამოწერებზე გადავედით და მომხმარებელი არ დამიკარგავს.  აქედან გამომდინარე, სიახლეების არასდროს მეშინია. ჩემი რადიკალურად განსხვავებული სტილია და კონკურენტად არავის მივიჩნევ.

_ რითი განსხვავდება დღეს „ხატკო“ სხვა დიზაინერებისგან?

_ ბევრი რამით. ჩემი ხაზით, სტილით და ინდივიდუალიზმით.