„მოერიდეთ ცხელ წყალს“ – რჩევები თაზოსგან

„მოერიდეთ ცხელ წყალს“ – რჩევები თაზოსგან

„Fashiontims”-ის სტუმარი „Aesthetics Center Art studio“-ს დამფუძნებელი, სტილისტი და ვიზაჟისტი თაზოა, რომელიც თავის მოვლასთან დაკავშირებით, ქალბატონებს არაერთ სასარგებლო რჩევას აძლევს.

_ წლების მანძილზე სტილისტად მუშაობდით, თუმცა დღეს უკვე საკუთარი ესთეტიკის ცენტრი გაქვთ. რთული იყო იმ გზის გავლა, რაც აქამდე გამოიარეთ?

_ მოგესალმებით და მივესალმები თქვენს მკითხველს, დარწმუნებული ვარ უამრავი ვიქნებით როგორც საქართველოში , ასევე მის ფარგლებს გარეთ. პირველ რიგში, მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო მსოფლიოს და საკუთარ თავს. დავიწყოთ იმით , რომ უკვე 13 წლია, რაც სტილისტად ვმუშაობ, ხოლო 7 წელია საკუთარი ესთეტიკის ცენტრის დამფუძნებელი ვარ, არ ვიტყვი იმას რომ, როდესაც 17 წლის ასაკში რაიმე პროფესიას იწყებ, მარტივია საკუთარი თავის დამკვიდრება ამა თუ იმ სფეროში, თუმცა მალევე მოვიპოვე ადამიანების ნდობა და მოწონება.

_ დიდი კონკურენციის მიუხედავად, რამდენად რთულია ამ სფეროში თავის დამკვიდრება?

_ დაგეთანხმები რომ კონკურენცია ნამდვილად დიდია, განსაკუთრებით იმ ტერიტორიაზე (ვაკეში), სადაც მე ვმუშაობ. ყველაზე რთული არის იდეალური გუნდის შეკვრა, შემდეგ კი უკვე უფრო გიმარტივდება ამ ბაზარზე სახელის დამკიდრება. რაც შეეხება საკუთარ თავზე საუბარს ( იცინის) მირჩევნია ჩემმა მომხმარებელმა ისაუბროს.

_ როგორი თმის ვარცხნილობაა დღეს მოდაში?

_ ჩემთვის მოდა არის ის, რაც ჩემს მომხმარებელს უხდება, ყველაფერი ზომიერად და ბუნებრივობის ფარგლებში.

_ თქვენთან ბევრი ცნობილი ადამიანი დადის . პრეტენზიულები არიან ისინი?

_ დაგეთანხმები რომ ჩემთან უამრავი ცნობილი ადამიანი დადის, მაგრამ დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან. არ მახსენდება რომელიმეს პრეტენზია გამოეთქვას.

_ ძირითადად როგორ ვარცხნილობას ანიჭებენ უპირატესობას?

_ ჩემი მომხმარებელი, განსაკუთრებით ბოლო დროს ბუნებრივობას ანიჭებს უპირატესობას. 2020 წლის ტრენდულ ვარცხნილობად, თმის საშუალო სიგრძე ითვლება. თმის ფერს ვარჩევ კანის ფერის ტიპის მიხედვით.

_ რა რჩევებს მისცემთ ქალბატონებს?

_ რეგულარულად მოიჭერით თმის ბოლოები, აუცილებელია მოუაროთ თავის ქალას, რომ ის არ გამოშრეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. ჩაიტარეთ თმის გამაჯანსაღებელი პროცედურები, რომელსაც მომხმარებელს ჩვენს ესთეტიკის ცენტრში ვთავაზობთ. მოერიდეთ ცხელ წყალს, რომელიც იწვევს თმის გამოშრობას. ეს ძირითადად ამოუწურავი თემაა, რომელსაც შემდეგ ინტერვიუში გავაგრძელებ.