ლუსი ოქროპირიძე: „ვოცნებობ, გავხდე წარმატებული მოდელი“

ლუსი ოქროპირიძე: „ვოცნებობ, გავხდე წარმატებული მოდელი“

6 წლის ლუსი ოქროპირიძე სამოდელო სააგენტო „კატრინის“ პატარა მოდელია. მისი ოცნებაა, რომ ცნობილი და წარმატებული მოდელი გახდეს. იგი ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში ეზიარა სცენის მტვერს, მხურვალე აპლოდისმენტებსა და ხალხის სიყვარულს. 

_ ლუსი, მოგვიყევი, როგორ მოხვდი სამოდელო სააგენტო „კატრინში“?

_ 3 წლის ვიყავი, როცა ეკა მგალობლიშვილი  გავიცანი. მას ძალიან შევეჩვიე და შემიყვარდა. ასე გავხდი „კატრინის“ მოდელი.

_ რატომ მოგწონს მოდელობა და გინდა თუ არა, რომ ბოლომდე გაჰყვე ამ პროფესიას?

_ ძალიან მიყვარს საკუთარი თავის მოვლა, გაპრანჭვა. მიყვარს სხვადასხვა დიზაინის კაბები, მაკიაჟი. რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ  ამ სფეროში მოღვაწეობა გავაგრძელო, რადგან მომწონს პოდიუმზე გასვლა.

_ შენს პირველ გამოსვლას პოდიუმზე როგორ გაიხსენებ?

_ 3 წლის ვიყავი, როცა პირველად გამოცხადდა ჩემი სახელი და გვარი სცენაზე. თავიდან ძალიან შემეშინდა და დავიბენი, მაგრამ მერე მივეჩვიე. მახსოვს, ვიტირე კიდეც.

_ ვიცით, რომ ბევრ კონკურსში მონაწილეობდი.  ამის შესახებ უფრო დაწვრილებით მოგვიყევი…

_ დიახ, ბევრ საერთაშორისო პროექტში ვმონაწილეობდი. ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებული და საინტერესო იყო. მაგალითად, პარიზი თავისი მაღალი დონის მოდით დამამახსოვრდა, ინდოეთი _ საინტერესო ტრადიციით, ტენერიფე _ თავისი სათავგადასავლო ისტორიით  და ა. შ. ძალიან ბევრი ადგილი დავათვალიერე, მაგრამ მაინც დისნეი ლენდი მომეწონა. მინდა, ისევ წავიდე მეგობრებთან ერთად და გავერთო.

ასევე ვნახე ტაჯმაჰალი დღისით, რომელიც ძალიან ლამაზია და მინდა ვნახო ღამითაც. როგორც ამბობენ, სავსე მთვარეობისას ღამით ფერს იცვლის და საოცარი მუქი ფერის ხდებაო. ვიყავი მეკობრეების გემზე ატლანტიკის ოკეანეში. ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე სხვადასხვა ქვეყნიდან.

ეკა მგალობლიშვილი & ლუსი ოქროპირიძე

განსაკუთრებით დამამახსოვრდა ჩემი დაბადების დღე, როდესაც 5 წლის გავხდი, ინდოეთში ვიყავი და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი თავიანთ ენაზე მიმღეროდა: „გილოცავ დაბადების დღეს!“

_ რაზე ოცნებობ?

_ ვოცნებობ, გავხდე ცნობილი და წარმატებული მოდელი. მინდა, ზღაპრული ცხოვრება მქონდეს.

_ რა არის შენი ჰობი?

_ ძალიან შემიყვარდა კაბების დიზაინის ხატვა და მინდა, შემიკერონ. ჩემი ჰობია მოგზაურობა, რომელიც ძალიან მიყვარს და მომენატრა. იმედია, მალე დასრულდება კორონა და ისევ შევძლებ საყვარელი საქმის კეთებას.

ავტორი: ვივიენ ხაჩიძე, Fashiontime

ფოტოს ავტორი- Van De Kamp, Brand – Anastasia & Lucy by Katrini