,,ყოველთვის მომწონდა პრინცესობა” – 6 წლის ლუსი ოქროპირიძის საერთაშორისო წარმატება

,,ყოველთვის მომწონდა პრინცესობა” – 6 წლის ლუსი ოქროპირიძის საერთაშორისო წარმატება

ყველა წარმატებული ტოპ მოდელი ლამაზია, მაგრამ ყველა ლამაზი გოგო არ არის ტოპ მოდელის მონაცემების პატრონი. იმისთვის, რომ იყოთ წარმატებული მოდელი უნდა გქონდეთ დიდი სურვილი, მუდმივად უნდა განვითარდეთ და გაუმჯობესდეთ.

დღევანდელი ჩვენი საბავშვო რუბრიკის სტუმარმა ამ წარმატებას, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, სამი წლის ასაკში მიაღწია.

6 წლის უნიჭიერესი და ულამაზესი ლუსი ოქროპირიძე, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ წარმატებული მოდელია. გამარჯვებულია ისეთი საერთაშორისო კონკურსების, როგორებიცაა: „Top child Model of the Planet -2018“, „World Rising Star – Grand Prix – 2020“, „Best Princess of the World -2018“, „Little Model Earth-Grand Prix – 2019“, „Little Miss & Mister United World – Gold -2019“.

_ ლუსი, უპირველსად მინდა გთხოვო, ჩვენს მკითხველს გაეცნოთ.

_ მე ვარ 6 წლის ლუსი ოქროპირიძე. დავიბადე ინგლისში. საქართველოში ყოველწლიურად ჩამოვდივარ. ვსწავლობ დაწყებით სკოლაში. მოდის სფეროში უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გავედი. მყავს ერთი და 17 წლის. 11 წლით  უფროსია ჩემზე. მაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ მასზე უკეთესად გაავაკეთო ყველაფერი, ვიდრე ჩემი და ქმნის. ალბათ, ეს მაძლევს სწორედ იმ სტიმულს, რაც შევძელი ამ ასაკში. ამბიციური ვარ, მიზანს რომ დავისახა, სანამ არ მივაღწევ ვერ მოვისვენებ.

_ მშობლები როგორი პრინციპით გზრდიან. მკაცრები არიან შენს მიმართ, თუ მეგობრულები?

_ მეგობრულები არიან ჩემს მიმართ. შეძლებისდაგვარად მიხსნიან ცუდსაც და კარგსაც. უკვე შემიძლია ავხსნა და განვმარტო რა ცუდია და რა კარგია. არ მზღუდავენ, არასდროს მაძალებენ არც სწავლას და არც არაფრის გაკეთებას.

_ სამოდელო სააგენტო „კატრინში“ როგორ მოხვდით და თუ გახსოვს შენი პირველი ნაბიჯები სცენაზე?

_ ირმა ბარნაბიშვილის დახმარებით მოვხვდი სამოდელო სააგენტო „კატრინში“. პოდიუმზე პირველად 2018 წლის სექტემბერში გამოვედი. სამი წლის ვიყავი მაშინ. ძალიან ვცდილობდი, რომ კარგად გამომსვლოდა ყველაფერი. ამის მერე, უკვე აქტიურად ჩავერთე ამ სფეროში. ყოველთვის მომწონდა პრინცესობა, ვუყურებდი ასეთ პროგრამებს და ამ სფეროს ადვილად მოვერგე. ძალიან რთულ ეტაპებზე გავედი საერთაშორისო ასპარეზზე.

_ სხვადასხვა სილამაზისა და სამოდელო კონკურსების გამარჯვებული ხართ. გიცნობენ, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. მოგვიყევი, რა ტიტულების მფლობელი ხარ?

_ გამარჯვებული ვარ ისეთი საერთაშორისო კონკურსების, როგორებიცაა: Top child Model of the Planet -2018“, „World Rising Star – Grand Prix – 2020“, „Best Princess of the World -2018“, „Little Model Earth-Grand Prix – 2019“, „Little Miss & Mister United World – Gold -2019“. ამ ორ წელიწადში, პანდემიის პერიოდამდე რაც შევძელი მხოლოდ ეს არის. ასევე ნამყოფი ვარ უნგრეთში ჩვენებებზე. ვიყავი ბუქარესტში გინესის რეკორდის ჩვენებაზე, ასევე პარიზში VOGUE FASHION WEEK-ზე.

_ ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. ყველაზე მეტად რომელი ქვეყანა, ადგილი მოგეწონა?

_ 5 წლამდე დავდიოდი საერთაშორისო ასპარეზზე, უკვე იმდენი რამე ვნახე და დავათვალიერე, შეუძლებელია ნორმალური ცხოვრებით ეს შეძლო. მოვიარე ტაჯმაჰალი, პარიზი სრულად დავათვალიერე, ვიყავი გინესის რეკორდის ჩვენებაზე, სადაც ნამდვილი პრინცი ესწრებოდა და პირადად გავეცანი. ევროპაში უფრო დაცულია ადამიანი, თავისუფალია ყველაფერი, გადიხარ სადაც გინდა. ყველაზე საინტერესო იყო მოგზაურობა ინდოეთში. განსხვავებული ცხოვრებაა ევროპასთან შედარებით. არ მქონდა გადაადგილების უფლება დაცვის გარეშე. შოკი იყო ჩვენთვის, როგორი გაჭირვებულია ცხოვრება ტაჯმაჰალამდე, ნაბიჯს გადადგამ და ცხოვრება სულ სხვანაირია. სულ სხვანაირი სამყარო ვნახე იქ. ჩემი დაბადების დღე დაემთხვა იქ ყოფნის დროს. ძალიან ბევრი ქვეყანა ესწრებოდა ჩემს დაბადების დღეს და ყველა ქვეყანამ თავის ენაზე მიმღერა დაბადების დღის სიმღერა. გაოცებული ვიყავი. საერთაშორისო დაბადების დღე გამომივიდა, დაუვიწყარი, რომელსაც ხშირად ვიხსენებ.

_ სამოდელო სფეროს რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში? ფიქრობ, რომ ეს ის სფეროა, რომელსაც ბოლომდე გაყვები?

_ ვფიქრობ, რომ ამ სფეროს გავყვები. ვცდილობ, ჩემ თავს მივხედო, სულ ფორმაში ვიყო. ახლა სახლში ვარ მაგრამ ნებისმიერ დროს, რომ დამირეკონ სპეციფიური ჩაცმულობა მაქვს. ვერასდროს მნახავთ მაკიაჟის გარეშე და პიჟამოებით. ჩემი სამყარო მაქვს. ბევრი მეგობარი შევიძინე სხვადსახვა ქვეყნიდან. მაქვს დიდი სახელი, მცნობენ ძალიან ბევრ ქვეყანაში. სხვა რა უნდა ინატრო ამ ასაკში. ახლა ვმუშაობ ჩემს ბრენდზე „ლუსი&ანასტასია“, რომელიც უკვე დასრულებული კოლექციაა და იმედია, მალე წარსდგება მაყურებლის წინაშე.

_ რა არის მოდელის ცხოვრებაში ყველაზე რთული მხარე?

_ ცოტა რთულია ამდენ უცხო ხალხთან ურთიერთობა ჩემი ასაკის ბავშვისთვის.

_ ლუსი როგორია შენი ერთი დღე. რას საქმიანობ, რითი ხარ დაკავებული?

_ დავდივარ ცეკვაზე, სიმღერის ნიჭიც მაქვს, რომელსაც გავყვები, როგორც კი ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება. კორონა ვირუსის გამო ძალიან სიმკაცრე გვაქვს. ამ ეტაპზე ფიზიკურად ვერაფერს ვაკეთებ. ერთი წელია ჩაკეტილები ვართ. ონლაინ ვსწავლობ საღამოს 4 საათამდე.

_ შენი ოცნებების და მიზნების შესახებ გვიამბე. რა სამომავლო გეგმები გაქვს?

_ ძალიან მომწყინდა სახლში ყოფნა, ერთი სული მაქვს როდის მოიხსნება რეგულაციები. ამ ეტაპზე საუბარი იყო დუბაიში fashion week-ზე წასვლაზე, რომელიც დაანონსებულია, მაგრამ არ ვიცი რამდენად შევძლებ. ძალიან კარგად ვხატავ. ვქმნი რაღაცის დიზაინს. ჩემს დას აქვს ამის ნიჭი და მას რომ ვუყურებ მეც ვქმნი ჩემი დიზაინის კაბებს. დარწმუნებული ვარ ამას გავყვები ბოლომდე, იმდენ დროს ვუთმობ და ისეთი სიამოვნებით ვაკეთებ.

_ საკმაოდ პოპულარული ბავშვი ხარ და ხომ არ გახდა ეს შემაწუხებელი?

_ არა, მივეჩვიე უკვე. მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ვბრაზობ და ვეჭვიანობ ეს თუ მომაკლდა.

_ თავს თუ უვლის განსაკუთრებულად? რამდენად ხშირად იკეთებ მაკიაჟს და კოსმეტიკის რომელი ნივთია შენთვის ყველაზე შეუცვლელი?

_ ძალიან მიყვარს სახის მაკიაჟი. ანტიალერგიული პარფიუმერია მაქვს. როგორ განწყობაზეც ვარ, ისეთი მაკიაჟი მაქვს. რამდენიმე დღის წინ, ვალენტინობას ვარდისფერები ჩავიცვი და მაკიაჟიც შესააფერისი მქონდა. თუ მოწყენილი ვარ სახეს ისე ვიხატავ, გამოიყურება უფრო მოწყენილად. არის მომენტი, როცა მინდა ვბრწყინავდე და მაკიაჟს თვლებს ვუმატებ, რომ უფრო გამოვანათო.

_ რას ურჩევს თანატოლ ან მოზარდ გოგონებს, რომლებსაც უნდათ, სამოდელო სფეროში წარმატებას მიაღწიონ?

_ მეგობრებს ვეუბნები რა უნდა გააკეთონ და რა არა. ვაიძულებ, ივარჯიშონ და ტანს მიხედონ. ვასწავლი, რომ გარეთ ზედმეტი დრო არ უნდა დახარჯონ. ხანდახან მგონია, რომ ზედმეტად დიდი ადამიანივით ვაზროვნებ. ალბათ, ეს ყველაფერი იმ დამოუკიდებელმა ცხოვრებამ გამოიწვია, რაც დედამ და მამამ შემიქმნეს.

ლელა დევდარიანი, Fashiontime