ჩემი მისიაა, რომ ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებს გავულამაზო ცხოვრება – ეკა მგალობლიშვილი

ჩემი მისიაა, რომ ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებს გავულამაზო ცხოვრება – ეკა მგალობლიშვილი

საქართველოში ჩატარდა ფესტივალი „მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი“ – „World Rising Stars“. სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი, ეკა მგალობლიშვილი, ერთი კვირის განმავლობაში მასპინძლობდა მსოფლიოს 25 ქვეყნის 250 სტუმარს.

უცხოელი სტუმრების ვიზიტი, ფესტივალი, კონკურსი და დაჯილდოება გაშუქდა საერთაშორისო მედიაში. ფინალურ შოუზე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები.

წელს პირველად ფესტივალ World Rising Stars-ს დაემატა საერთაშორისო კონკურსი „მისის პლანეტა“, სადაც მონაწილეობდნენ 25-იდან 55 წლამდე ქალბატონები. მატება იყო ქვეყნებს შორის, ინტერესი _ უფრო დიდი, მრავალფეროვანი პოროგრამა და ბრძოლა ოქროს გვირგვინის მოსაპოვებლად.

თოთხმეტ ქართველ და უცხოელ დიზაინერს ორი დღის მანძილზე ჰქონდა პერსონალური ჩვენება, უცხოელმა სტუმრებმა კი  დაათვალიერეს თბილისის სხვადასხვა უბანი, გაეცნენ ქართულ კულტურას და დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები. ქართული სტუმართმასპინძლობით აღფრთოვანებული საერთაშორისო ჟიურის წევრები და მონაწილეები ერთხმად ამბობდნენ, რომ საქართველო მათი მეორე სახლია.

“2015 წლიდან დღემდე საქართველოში ჩემი ხელმძღვანელობით წელიწადში სამჯერ იმართება საერთაშორისო სამოდელო კონკურსი, სილამაზის კონკურსი, ფესტივალი, დაჯილდოების ცერემონია და ფეშენ შოუ. საქართველო მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და უამრავ სტუმარს.

რაც შეეხება პროექტს, რომელიც 17 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით განხორციელდა, ეს გახლავთ მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი World Rising Stars, ფესტივალი, მოდის კვირეული და დაჯილდოების ცერემონია, თუმცა წელს ჩემი კოლეგის, ირინა პაპაზოვას შემოთავაზებით, დაემატა საერთაშორისო კონკურსი „მისის პლანეტა“, რომელიც ითვალისწინებს საქმიანი ქალბატონების შეხვედრას, კონკურსში მონაწილეობას.

ეს პირველად გაიმართა საქართველოში. შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამ წელს ორ საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლა: World Rising Stars და „მისის პლანეტას“, სადაც მონაწილეობდნენ ქალბატონები 25 წლიდან 55 წლის ჩათვლით”, – განაცხადა სამოდელო სააგენტო “კატრინის” დამფუძნებელმა, ეკა მგალობლიშვილმა.

სასტუმრო „ბილტმორში“ მაყურებლის წინაშე წარდგა 14 ქართველი და უცხოელი დიზაინერი, ასევე საერთაშორისო მონაწილეები და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელები.

საღამო გახსნა მომღერალმა ნინი შერმადინმა და დახურა ქეთი ორჯონიკიძემ.

“არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი ფაქტი: 7-8 წუთის განმავლობაში შუქი ჩაქრა და 800 სტუმრის ტაშის ფონზე წამითაც არ გაჩერებულა ჩვენება, მოდელებს მოუწიათ მუსიკის გარეშე გამოსვლა პოდიუმზე. შევინარჩუნეთ სიმშვიდე, რისთვისაც მადლობა დამსწრე საზოგადოებას და შემდეგ ყველაფერი მოწესრიგდა”, – ამბობს ეკა მგალობლიშვილი.

რაც შეეხება ფინალურ დღეს, აქაც შოუ ნინი შერმადინმა გახსნა მსოფლიო ჰიტით „We are the world“ და მსოფლიოს უამრავი მონაწილე ნაციონალური სამოსით და დროშებით შემოვიდა დარბაზში. ისინი ორი კოსტიუმით წარდგნენ მაყურებლის წინაშე, საღამო მუსიკალურად გააფორმეს ჩვენთვის უსაყვარლესმა „რანინას“ ბავშვებმა, ვოკალის აკადემიის სასწაულმა ბიჭებმა გეგამ, ვაჩემ, ნიკოლოზმა და ოთომ, ასევე იმღერა ქეთი ორჯონიკიძემ, მარკუს მეტრეველმა, ვიხილეთ დიზაინერ ხათუნა კობახიძის, „ხატკოს“ პერსონალური ჩვენება, ასევე ლაქშერი ბრენდ „ანასტასიას“ კოლექციის ჩვენება და ბოლოს, რაც მთავარია, ყველა მონაწილე დაჯილდოვდა დიპლომით, გვირგვინით, ნომინაციით და სამახსოვრო საჩუქრით.

“ჩვენ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში დავაჯილდოეთ ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იყვნენ. სცენაზე უამრავი სტუმრის წინაშე ვთქვი და ახლაც მაქვს საშუალება, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორსა და მეგობარს. მიუხედავად იმისა, რომ მილანის ტელევიზიაში როცა გვაქვს ჩართვები, გადაცემები, სხვადასხვა საერთაშორისო პრესაში იწერება ჩვენზე, საქართველოზე, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას წერს და როგორ აქტიურადაა შენი ქვეყნის მედია ამ ყველაფერში ჩართული”, – განაცხადა მგალობლიშვილმა.

_ ეკა, საკმაოდ დიდი ხანია, რაც სამოდელო სფეროში მოღვაწეობთ, ფაქტობრივად, ბავშვობიდან. რთული იყო გზა, რომელიც დღემდე გამოიარეთ?

_ რთული არა, უფრო შრომატევადი იყო და არის დღემდე. აბსოლუტურად ყველა ჩემი კოლეგა მწერს, რომ დაისვენეო, მაგრამ მე ჯერ კიდევ არ დამისვენია და შემდეგი პროექტისთვის ვემზადები.

_ ამბობენ, ხელშეწყობის გარეშე რთულია, ადამიანმა მიაღწიოს რამეს. თქვენ შემთხვევაში ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც გვერდით დაგიდგათ და დღემდე გიდგათ?

_ მხოლოდ საკუთარი თავი, ლამაზი, ჯანსაღი და წრფელი ურთიერთობები. ეს ყველაფერი არ ისწავლება, ასეთი უნდა დაიბადო. მე დავიბადე ასეთი და ეს არის ჩემი მისია, რომ არა მარტო სცენაზე ან კარიერაში, ცხოვრებაშიც სულ გავულამაზო ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ცხოვრება, რადგანაც სიცოცხლე არის ძალიან ხანმოკლე. ყველაფერი ბუმერანგივით ბრუნდება და მე არ ვარ ფრთიანი ანგელოზი, თუმცა არასოდეს გამომიყენებია სამაგიეროს გადახდის მიზნით ჩემი შესაძლებლობები, ყოველთვის ვანდობ ცხოვრებასა და უფალს.

_ ეს არის ის სფერო, სადაც კონკურენცია ძალიან დიდია: მონაწილეებს შორის, ჟიურის წევრებს შორის, საერთაშორისო დირექტორებსა თუ პრეზიდენტებს შორის. რა სახის ბრძოლები გიწევთ ხოლმე უცხო ქვეყანაში?

_ რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი კონკურენცია, განსაკუთრებით ფინალის მერე. იყო შემთხვევა, როდესაც 2018 წელს 120 ქვეყანას შორის ნიკოლოზ ბერძენიშვილმა, ბიჭმა და გოგონამ, საქართველომ ავიღეთ გრანპრი. ჩემი უახლოესი მეგობარი 2-3 დღე ნაწყენი იყო ჩემზე, რატომ არ თქვი, რომ არ მინდა მეორე გრანპრიო და მხოლოდ ერთი აგეღოო, ხომ მიხვდით, რა ხდება. რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარია დღემდე ნატალი კისილოვა, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევა, ავუხსენი და მან ძალიან კარგად გაიგო. ფატუნა ბუშიჰედია მომსწრე, რომ ალბანეთში ერთ-ერთი პორტუგალიელი დირექტორი ადგა და თქვა, რომ ყოველთვის შეიძლება, რომ გრანპრი საქართველომ აიღოსო? მე ყველას თვალწინ განვუცხადე მას: იცი, რა არის ჩემი დანაშაული, შენ რომ ჩემ გვერდით ზიხარ ჟიურიში-მეთქი, იმიტომ რომ პორტუგალიას ჰყავს სხვა კიდევ მეორე უძლიერესი დირექტორი და არ უნდა მოეწვიე შენ-მეთქი. ფატუნა გაოცებული იყურებოდა და შეგიძლიათ ჰკითხოთ მას. რა თქმა უნდა, უამრავი ბრძოლა მიწევს, მაგრამ ჩემს შვილსა და მოსწავლეებს ვასწავლი, რომ ნებისმიერ სფეროში როგორც კი პირველ ნაბიჯებს გადადგამ, როგორი ხარისხით გადადგამ და როგორ სახელსაც დაიმკვიდრებ, ამას მნიშვნელობა აქვს, მერე უკვე იოლია ყველაფერი, თორემ თავიდან არასწორ დროს, არასწორ სიტუაციაში ან პროექტში თუ მოხვდი, გამოსწორება ძალიან რთულია. მნიშვნელოვანია სწორი მიმართულებები.