პირველად საქართველოში – მაღალი მოდის კვირეული თბილისში

პირველად საქართველოში – მაღალი მოდის კვირეული თბილისში

რა არის მაღალი მოდა? ალბათ, ბევრს დაგისვამთ ეს კითხვა და დაინტერესებულხართ ამ საკითხით. ცნობისთვის: მაღალი მოდა წარმოიშვა მე-19 საუკუნის შუა წლებში, როდესაც პირველი მოდის სალონები გამოჩნდა. 1868 წელს შეიქმნა სამკერვალო მრეწველობის პროფკავშირის პარიზის კომიტეტი და უკვე 1943 წელს შეიმუშავეს კანონი, რომლის მიხედვითაც მოდის დიზაინერებმა მიიღეს „ოტ კუტიურე“, ანუ მაღალი მოდა.

Haute Couture-ის პარიზის სინდიკატის თანახმად, მაღალი მოდური პროდუქტები უნდა იყოს ხელნაკეთი, არანაკლებ 70%-ისა. ეს ძირითადად მიიღწევა ნაქარგებისა და აპლიკაციების გამოყენებით. ყველა პროდუქტი იკერება სპეციალურად დამზადებული ქსოვილისგან, რომელიც ძალიან ძვირი და ხარისხიანია. სწორედ ამიტომ არის მაღალი მოდა ასეთი ძვირი.

თითოეულ მოდის სახლს ჰყავს ხელოსნების პერსონალი, რომელთა რაოდენობა უნდა იყოს, მინიმუმ, 20 ადამიანი. ამ მაღალი კლასის სპეციალისტების მუშაობის წყალობით მზადდება უნიკალური მაქმანები, ნაკეცები, სამკაულები, ღილები და სხვა აქსესუარები.

წელიწადში ორჯერ მოდის სახლი ვალდებულია წარუდგინოს საერთაშორისო პრესას მინიმუმ 50 მაღალი მოდური მოდელის ჩვენება. საქართველოში არსებობს მოდის სახლები, რომლებიც ქმნიან მაღალ მოდას. არაერთ ქართველ დიზაინერს მიუღწევია საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებისთვის, თუმცა აქამდე ჯერ მოდის კვირეულების გარდა არასდროს ჩატარებულა მაღალი მოდის კვირეული საქართველოში, რომ არა დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის წამოწყება.

სწორედ მოდის სახლი „თინათინი“ გახლავთ საქართველოში მაღალი მოდის კვირეულის დამაარსებელი, რომელიც თბილისში სულ ახლახან გაიმართა. მასში მონაწილეობდა მსოფლიოს ხუთი ქვეყნის წარმატებული დიზაინერი. ჩენებებს ესწრებოდნენ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, რეპორტიორები, მოდის ჟურნალის რედაქტორები და უცხოელი სტუმრები.

მაღალი მოდის კვირეული თბილისში დიზაინერმა ფატუნა ბუშიჰედმა გახსნა, რომელიც ასევე წარმატებით სარგებლობს საერთაშორისო სამოდელო ბაზარზე. მას არაერთ მსოფლიო მოდის კვირეულზე მიუღია მონაწილეობა და უსახელებია საქართველო. კვირეულის მეორე დღეს დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა წარმოადგინა თავისი კოლექცია, რომელიც თავისუფლებისთვის მებრძოლ ქალებს მიუძღვნა.

„ეს კოლექცია მივუძღვენი თავისუფლებისთვის მებრძოლ ქალებს, თავისუფლებისთვის ბრძოლა შენი ქვეყნის სასარგებლოდ, შენი პრინციპების სასარგებლოდ, ბრძოლა თავისუფლებისთვის უკრაინაში, ბრძოლა საქართველოს სასარგებლოდ, თუნდაც ოჯახში იბრძოლო შენი თავისუფლებისთვის, ეს არის მრავლისმეტყველი, იმიტომ რომ ყველა ნაზ არსებაში არის მებრძოლი სული“, – განაცხადა Fashiontime-თან დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა:

_ ზოგადად, მოდის კვირეულები საკმაოდ ბევრია სხვადასხვა ქვეყანაში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოში, სადაც განებივრებულები ვიყავით მოდის კვირეულებით, მაგრამ მსგავსი მაღალი მოდის კვირეული აღმოსავლეთ ევროპას არ გააჩნია. არც საქართველოს და არც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მაღალი მოდის კვირეული არ არსებობს. მაღალი მოდის დიზაინერობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენებაზე სამოსი არის ხელით შექმნილი, უნიკალური კოსტიუმი, რომელიც არ იკერება სერიულად, მოკლედ, ეს არის ერთადერთი ხელით შექმნილი სამოსი. კოსტიუმები, ნაქარგი დეკორაცია, ყველაფერი ხელით იქმნება. აქედან გამომდინარე, მაღალი მოდის დიზაინერები ყოველთვის იკარგებოდნენ სხვა დიზაინერების ფონზე მოდის კვირეულებში, იმიტომ, რომ იქ სხვა ტემპი და მოთხოვნებია და ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ ამ ჩარჩოში ჩავმჯდარიყავით, იმიტომ, რომ მაღალ მოდას სჭირდება მოდელების პარამეტრები, სხვანაირი განათება, ყველაფერი განსხვავებული, ისეთი პუბლიკა, რომელიც ხელოვნებას აფასებს. მაღალი მოდა ეს არის ხელოვნება მოდაში, ეს არის მწვერვალი მოდაში. აქედან გამომდინარე, დიზაინერებს ეს პლატფორმა არ გააჩნიათ. წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ გამეკეთებინა. ვფიქრობდი, ამისთვის მზად არ ვიყავი.

მაღალი მოდის კვირეულის მომზადებას სჭირდება სხვადასხვა მაღალი მოდის კვირეულზე წასვლა, დაკვირვება, გადახარშვა, რა არის კარგი, რა არის ცუდი. მაღალი მოდის კვირეულის ორგანიზება არ ნიშნავს მხოლოდ ფასადსა და ჩვენებას. აქ არის ბექსთეიჯის ორგანიზება, სტუმრების მიღება, რადგან ჩვენ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო საერთაშორისო. პირველივე ღონისძიებაზე გვყავდა 5 უცხო ქვეყანა წარმოდგენილი: მაკედონია, სერბეთი, მოლდოვა, ყაზახეთი და სომხეთი, საქართველოდან კი ორი ქართველი დიზაინერი  მონაწილეობდა.

პირველი მოდის კვირეული წელს დავგეგმეთ, მაშინ 14 ქვეყანა აპირებდა მონაწილეობის მიღებას. ეს ქვეყნები იყო: პორტუგალია, ესპანეთი, იტალია და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ თავიანთი მაღალი მოდის კვირეულები, საქართველო რაღაცნაირად მიმზიდველი აღმოჩნდა ამ დიზაინერებისთვის.

_ ისევე, როგორც ქართველი დიზაინერები არიან მათთვის მიმზიდველი და სასურველი პერსონები.

_ რა თქმა უნდა, _ ჩვენ საერთაშორისო დიზაინერებს გვეძახიან და გვიწვევენ ხოლმე ასეთ კვირეულებზე საპატიო სტუმრების სტატუსით. ვინც საქართველოში ჩამოვიდა, სწორედ მოდის კვირეულებზე მყავდა გაცნობილი ჩემი მეგობრებისგან და კიდევ უფრო დიდია მათი სია.

_ როგორც ვიცი, მაღალი მოდის კვირეულის ჩატარება გაცილებით ადრე გქონდათ დაგეგმილი, მაგრამ ვერ განხორციელდა. რატომ?

_ დიახ, პირველად 2020 წელს დავგეგმეთ და პანდემიის გამო გავჩერდით, შემდეგ 2022 წლის იანვარში იყო დაგეგმილი და ომის გამო გავჩერდით. ახლა კი ნოემბერში ვთქვი, რომ დროა, მაღალი მოდის კვირეული გავაკეთოთ და განვახორციელე კიდეც. ვინც იმას იტყვის, რა დროს ჩვენება და მაღალი მოდააო, მინდა მათ ვუთხრა, რომ მოდა არის დიზაინერისთვის ისეთივე პროფესია, როგორც ჟურნალისტისთვის ეთერში ჯდომა, სტატიის წერა და ა. შ. ეს არის ჩვენი შემოსავლის წყარო, ჩვენი ყოფა და ზოგადად ცხოვრების აზრი. მთელი ეს პერიოდი ვაკუუმი იყო და ამ დროს დაიწყეს მოდის კვირეულების გაკეთება აზერბაიჯანში, ყაზახეთში, დუბაიში, ტაჯიკეთში, ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა მოდის კვირეულები. მოწვევები მოდიოდა და მოდიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან. მხოლოდ ჩვენთან შეიქმნა ვაკუუმი, რასაც გარღვევა სჭირდებოდა, გავბედე და დავდგით კოშკი თავისი მწვერვალით _ მაღალი მოდის კვირეული.

ერთია, რომ ამას აშუქებს ქართული პრესა, მაგრამ ჩვენ არც გვქონდა აქცენტი მედიაზე გაკეთებული, რადგან როგორც კი შეხედავთ ფოტო და ვიდეომასალას, მიხვდებით, თუ როგორი მაღალი დონის ღონისძიება იყო. ამ ჩვენებაზე წერს საერთაშორისო პრესა, მარტო მაკედონიიდან შვიდი სტატია გამომიგზავნეს. ასევე წერს სერბეთი, ყაზახეთის მოდის პუბლიკაციები ჩვენ გვეძღვნება, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი რეკლამაა საქართველოსთვის. ჩვენ ვაპირებთ გაზრდას, გაფართოებას და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მეტი ქართველი მონაწილეობდეს ოტ კუტიურეში. ჩვენ გვქონდა თვე-ნახევარი მოსამზადებელი პერიოდი და აქედან გამომდინარე, ბევრმა დიზაინერმა ვერ მიიღო მონაწილეობა. იანვრიდან დავაანონსებ მეორე სეზონს და დიზაინერებს საშუალება ექნებათ, მიიღონ მონაწილეობა.

_ მაღალი მოდის კვირეულები ძალიან ბევრ დიზაინერს მისცემს სტიმულს, რომ აკეთოთავისაქმე.

_ რა თქმა უნდა. ძალიან ბევრმა დიზაინერმა მომწერა, რომ დიდი ხანია არ უმუშავია, არ შეუქმნია სამოსი და ეს მათთვის უდიდესი სტიმულია. მომავალში აუცილებლად მიიღებენ ისინი მონაწილეობას. ეს ყველაფერი კი მათ აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავი თუ შემოქმედება წარმოაჩინონ საზოგადოების წინაშე. გარდა ამისა, იგეგმება დამწყები დიზაინერებისთვის ძალიან საინტერესო პროექტები.

_ კერძოდ?

_ ვგეგმავთ აქსესუარების გამოფენას. საქართველო ძალიან მდიდარია ნიჭიერი ხალხით, მათ სჭირდება თავისი ნიჭის გამოჩენა. ჩვენ უამრავი პროექტი გვაქვს გეგმაში და ამას ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ

_ აუცილებლად უნდა აღინიშნოს თქვენი კოლექცია, რომელიც კვირეულზე გამოიტანეთ. როგორც მომღერალი გადმოსცემს თავის სათქმელს სიმღერით, რეჟისორი და მსახიობი სპექტაკლით, თქვენ პოდიუმზე თქვით ძალიან ბევრი ქალის სათქმელი…

_ ეს არის ჩემთვის ცხოვრების აზრი, ჩემი სათქმელი. თუ მომღერალი თავის იდეას მუსიკაში, სიმღერაში დებს, ჩემთვის ეს არის გადმოცემის საშუალება და ამით ვამბობ ჩემს სათქმელს, მე ამით ჩემს კოლექციაში ვაჩვენებ კონცეფციას და ეს მეტყველებს იმაზე, რაც ხდება მსოფლიოში. ჩემი კოლექცია იყო მიქსი, ძველისა და ახლის შერწყმა, რომელიც მივუძღვენი ირანელ ქალებს. იწყებოდა ქალური, ნაზი კაბებით და შუაში იყო წყვეტა, ჩადრით გამოვიდა მოდელი, რომელმაც შუა ჩვენების დროს მოიხსნა ჩადრი და ჩადრის შიგნით ეცვა აბჯარი. ეს კოლექცია მივუძღვენი თავისუფლებისთვის მებრძოლ ქალებს, თავისუფლებისთვის ბრძოლა შენი ქვეყნის სასარგებლოდ, შენი პრინციპების სასარგებლოდ, ბრძოლა თავისუფლებისთვის უკრაინაში, ბრძოლა საქართველოს სასარგებლოდ, თუნდაც ოჯახში იბრძოლო შენი თავისუფლებისთვის, _ ეს იყო მრავლისმეტყველი, რადგან ყველა ნაზ არსებაში არის მებრძოლი სული და სწორედ ეს იყო აბჯრებიანი კოლექცია.