ქართული ბრენდი „თინათინი“ 12 წლის მანძილზე არ კარგავს აქტუალურობას და ინდივიდუალიზმს. აქამდე თუ თინათინ მაღალაშვილი, ძირითადად, მხოლოდ ვიაიპი კლიენტებისთვის მუშაობდა, დიზაინერმა ახლა გადაწყვიტა, რომ ყველა სეგმენტს მოერგოს და პანდემიის პირობებში მომხმარებელს ის ხაზი შესთავაზოს, რომელზედაც განსაკუთრებული მოთხოვნაა.
_ თინათინ, როგორც ვიცი ზამთრის კოლექციაზე მუშაობთ. მოგვიყევით ამის შესახებ?
_ დიახ, პალტოების კოლექცია უკვე მზადების პროცესშია. ასეთი იაფი ფასები მოდის სახლს არასდროს ჰქონია, მაგრამ რას ვიზამთ. ეს მესიჯი საზოგადოებისგან მოვიდა და ჩვენ მისი ინტერესები უნდა დავაკმაყოფილოთ.
_ მამაკაცის ხაზი არ გაქვთ. ამ მიმართულებით არ გიფიქრიათ მუშაობა?
_ სხვათა შორის, მამაკაცის ხაზზე მუშაობას უკვე ვიწყებთ. პანდემიამ დაგვაზარალა, მაგრამ როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე იხსნება ახალი მიმართულებებით. მაღალი მოდა რომ გადავარჩინო, ახალი მიმართულებები უნდა შევქმნათ. აქედან გამომდინარე, თინათინის სახალხო ხაზს ვაკეთებ, რომელიც დამუშავების პროცესშია.
_ მოდის ტენდენციებზე რომ ვისაუბროთ, რა არის დღეს აქტუალური?
_ როდესაც მოდის ტენდენცია არსებობს, ის არსად ქრება. სულ ვამბობ, რომ მოდა არ არის ვიღაცის შექმნილი, იგი ადამიანის მოთხოვნებიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარეა. რეალურად, დღეს რომ გვაქვს სპორტულ-კლასიკური მოდა, ასეთი ტენდენციები ცხოვრების რიტმმა და რეჟიმმა მოიტანა.
როგორც მე-20 საუკუნის დასაწყისში კორსეტებისგან განთავისუფლდა ქალი, იმიტომ რომ ქალმა დაიწყო შრომა, მუშაობა და ფაშფაშა კაბით ფაბრიკაში ვერ დაჯდებოდა, მით უმეტეს, საჭეს ვერ ატარებდა. მოდა არ არის ცალკე აღებული სფერო.
მოდა, დაწყებული ძველი ეგვიპტის პერიოდიდან, ყოველთვის ეპოქის სოციალურ-პოლიტიკურ განვითარებას მიჰყვებოდა. რეალურად, დღეს ის მოდა გვაქვს, რაც ცხოვრებამ მოიტანა. დღეს ხალხს რგორც არასდროს, ისე სჭირდება ნათელი ფერები და პოზიტიური მუხტი.
_ თქვენთვის რა არის მოდა?
_ სულიერი მდგომარეობა. სიზმარში მინახავს კაბა, შემდეგ დამიხატავს და სამ დღეში დამიმთავრებია. ამ ყველაფერს განათლება უნდა უძღოდეს წინ, რათა შეგეძლოს ფერთა შეხამება, კონტურისა და სტილის შეგრძნება.