მუსიკოსი კონსტანტინე კარანაძე, Youtube-არხზე საკუთარ გადაცემას აკეთებს. კარანაძეს მაყურებელი მუსიკალური პროექტიდან „მხოლოდ ქართული“ იცნობს.
მუსიკოსის პირად ცხოვრებაში სიახლეებია – ის შეყვარებულია ქეთი ქიმერიძეზე, თუმცა როგორც ამბობს, შეყვარებულთან სამომოვალო გეგმები არ გააჩნია და დინებას მიყვება.
_ კონსტანტინე, როგორც ვიცი ახალ გადაცემას აკეთებთ და მოგვიყევით სად გავა ეს გადაცემა?
_ დიახ, ჩვენ გავაკეთეთ „იუთუბ არხი“ და იმ არხზე გავა გადაცემა.
_ მრავლობითში საუბრობთ და ვისთან ერთად აკეთებთ?
_ მე და ჩემი ძმაკაცი.
_ როგორი სახის გადაცემა იქნება?
_ გასართობი გადაცემა იქნება. ცოტა იუმორი, გვექნება თამაში „გეიმინგის“ მომენტი, ანუ სამაგიდო თამაში, ასევე ინტერვიუს ხაზი და გვექნება ჩვენი ნიშა, სადაც იქნება მუსიკალური ნომერი. ნებისმიერი სტუმარი, ვინც იქნება მუსიკოსი, ან ხელოვანი, მასთან კოლაბორაცია შედგება.
_ გასაგებია. ანუ, წამყვანი ხდებით…
_ დიახ, წამყვანი ვარ, იმიტომ, რომ გადაცემა უკვე ჩავწერეთ, რომელიც მალე დაიდება უკვე „იუთუბ არხზე“.
_ როგორ მოგეწონა წამყვანის ამპულაში ყოფნა?
_ განსხვავებული ამპლუაა, მაგრამ დიდად არა. გადაცემაში ძალიან ბუნებრივად ვიქცევით, ისე როგორებიც ვართ სინამდვილეში. ჩვენ ვართ ჩვენი თავის პროდიუსერები, მემონტაჟეები, მუსიკის შემქმნელებიც და სცენარისტებიც. მე და ჩემი ძმაკაცი, დავით ლომიძე.
_ პირველი სტუმარი ვინ გყავთ და რა ნიშნით შეარჩიეთ?
_ ეს სიურპრიზია.
_ თქვენი კოლეგაა?
_ ეს გინდათ გაგიმხილოთ?
_ ხო, რაღაც ხომ უნდა გაგვიმხილო…
_ კი, ჩემი კოლეგაა. ძალიან საინტერესო მუსიკოსია და გარდა მუსიკოსობისა, ძალიან საინტერესო ადამიანია.
_ ძალიან კარგი. ახლა მაინტერესებს, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? უფრო სწორად, მე კი არა იმ ადამიანებს აინტერესებთ, ვინც უსმენს შენს მუსიკას, ტაშს გიკრავს და ვფიქრობ, იმსახურებენ, რომ გავცეთ პასუხი.
_ ჩემს „ფეისბუქზე“ დევს ყველაფერი. მყავს შეყვარებული, რომელიც ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანია. გრაფიკული დიზაინერია, ხატავს, ბრწყინვალე გოგონაა…
_ პირველად განიცადეთ ეს გრძნობა?
_ პირველად არ განმიცდია.
_ ახლა განსხვავებულია ეს გრძნობა? ასე აღფრთოვანებით რომ საუბრობთ, იმიტომ ჩაგეკითხეთ.
_ კი, რადიკალურად განსხვავებულია და ძალიან ფერადი.
_ ძალიან ფერადი რას ნიშნავს?
_ უბრალოდ ფერადია, თბილია და ნაზი.
_ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
_ ქორწილს თუ გულისხმობთ, ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა. არავინ არ იცის, რა მოხდება… რაც შეეხება მუსიკას, ვმუშაობ სიმღერებზე. რა მუსიკასაც ვწერ, ის არ დაიკარგება… ან ალბომის სახით იქნება, ან „მოტოციკლეტის ძრავის“ სახით.
_ საინტერესოა მუსიკოსს თუ ეხმარება კარიერულ წარმატებაში, პირადი ცხოვრება?
_ ცხადია, მაგრამ ესე გადაჭრით ვერ ვიტყვით. როცა დაულაგებელია შეიძლება ის უფრო მეტად დაეხმაროს, გააჩნია რა ემოციაა. თუ ადამიანი ილტვის სიყვარულისკენ და არ გააჩნია ის, მაგ დროს შეიძლება ძალიან საინტერესო ნაწარმოები დაწეროს. როცა უკვე სიყვარული აქვს და ამას გრძნობს ან განიცდის, ამ დროსაც შეიძლება ძალიან საინტერესო აზრები მოუვიდეს თავში. შესაბამისად, ვიტყოდი, რომ უფრო ეხმარება, როცა აქვს სიყვარული, მაგრამ არც მაშინ არის დიდად წარუმატებელი, როცა არ აქვს.
_ თქვენ რაში დაგეხმარათ?
_ ალბათ, განწყობაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ცხოვრებისეული განწყობა გამიჩნდა, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ არ ვითრგუნები. რაღაც გარე ფაქტორები დიდად აღარ მოქმედებს. თითქოს რაღაც წრე „გაიჩითა“ ჩემს გარშემო, რაც მიცავს ნეგატიური ენერგიისა და ემოციებისგან.
_ რამეს ხომ არ ეტყოდით თქვენს გოგოს?
_ ახლა გაგითიშავთ ტელეფონს და მერე ვეტყვი…
_ სხვა რამ ვიგულისხმე…
_ ვიცი, ვიცი… არაფერს ისეთს, რაც მინდა რუპორით ვიყვირო, გულში ვეუბნები ხოლმე.
_ შგიძლიათ უფრო მეტი მითხრათ თქვენი შეყვარებულის შესახებ?
_ არა, არა… მე ძალიან მსიამოვნებს თქვენი ჟურნალისტური შერლოკ ჰოლმსობა, მაგრამ თავს შევიკავებ სხვა დეტალებისგან.
მარი ნაკაიძე, Fashiontime