ჰოლივუდის მსახიობმა ბრედ პიტმა ყოფილი მეუღლის ანჯელინა ჯოლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. პიტი ჯოლის რუს მეწარმეზე ერთობლივი ღვინის ქარხნის ფარულად მიყიდვაში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას TMZ სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქმე იმაშია, რომ 2021 წლის ივლისში გავრცელებული ინფორმაციით, ჯოლიმ შეიტანა სარჩელი პიტთან ერთობლივი აქტივების გაყიდვის დროებითი აკრძალვის მოხსნის მოთხოვნით. კერძოდ, მსახიობს სურდა გასაყიდად გაეტანა თავისი წილი, ერთობლივ კომპანია Miraval Chateau-ში, რომელიც საფრანგეთში ღვინოს აწარმოებს.
სექტემბერში პიტმა ყოფილ მეუღლეს უფლება მისცა გაეყიდა თავისი წილი იმ პირობით, რომ ის პირადად დაამტკიცებდა მყიდველის კანდიდატურას.
თუმცა, ერთი თვის შემდეგ, პიტი, მისი თქმით, შოკში ჩავარდა, როცა გაიგო, რომ ღვინის ქარხნის ნახევარი ალკოჰოლური სასმელების კომპანია, Stoli Group-ის ფილიალმა შეიძინა, რომელიც რუსი ბიზნესმენის იური შეფლერის დაქვემდებარებაშია.
პიტი ამტკიცებს, რომ ჯოლიმ მას ეს მნიშნველოვანი დეტალები შეგნებულად დაუმალა. ჰოლივუდის მსახიობი ჩივის, რომ ახალმა კომპანიონმა ღვინის ქარხნის ხელმძღვანელობას ქაოსი მოუტანა, წერს გაზეთი.
მსახიობი სასამართლოს გარიგების გაუქმებას სთხოვს. ბრედ პიტი მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს.