რუსი მომხმარებლები ამერიკულ სტრიმინგ გიგანტ Netflix-ს რუსეთის ბაზრიდან გასვლის გამო სასამართლოში უჩივიან.
რუსული მედიის ცნობით, კოლექტიური სარჩელი მომხმარებლებმა მოსკოვის ხამოვნიკის რაიონულ სასამართლოში შეიტანეს.
“სარჩელს საფუძვლად უდევს რუსი მომხმარებლების უფლებების დარღვევა, რაც უკავშირდება Netflix-ის მიერ რუსეთში სერვისების მიწოდებაზე ცალმხრივად უარის თქმას”, – იტყობინება იურიდიული კომპანია, რომელიც მომჩივანთა ინტერესებს დაიცავს სასამართლოში.
რუსი მომხმაარებლები Netflix-ისგან “მიყენებული ზიანის კომპენსაციის მიზნით” 60 მილიონი რუსული რუბლის გადახდას მოითხოვენ.
იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კოლექტიურ სარჩელს 20 ადამიანი აწერს ხელს, მუშავდება კიდევ 100 განცხადება.
გავრცელებულ ცნობას Netflix-ი არ გამოხმაურებია.
სტრიმინგ გიგანტმა რუსეთში თავისი სერვისები მარტის დასაწყისში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში შეაჩერა. ამასთან, კომპანიამ შეაჩერა რუსეთში მიმდინარე ყველა პროექტზე მუშაობა.