გლამურული სტუმრები, უცხოელი ჟურნალისტები, მოდის კრიტიკოსები, დიზაინერები, მოდელები, საგანგებოდ მორთული დარბაზი, გრძელი პოდიუმი, ვიზაჟისტებისა და სტილისტების ათეულობით ჯგუფი _ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ რამდენიმე დღით მაღალი მოდის კვირეულს მასპინძლობდა.
მაღალი მოდის კვირეულის მეორე სეზონი დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა გახსნა, რომელიც ასევე გახლავთ ამავე კვირეულის დამფუძნებელი და ორგანიზატორი.
თინათინ მაღალაშვილი, დიზაინერი:
_ როგორც ორგანიზატორმა, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარეთ მეორე სეზონი. პირველ სეზონს ყველა ატარებს, ერთ ღონისძიებას ყველა მართავს, მთავარია, მეორე როგორ ტარდება. როგორც ორგანიზატორი, როგორც დიზაინერი, როგორც უბრალოდ მაყურებელი ამ კუთხით ვამბობ, – ერთი ყოველთვის კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, მეორე როგორ ჩატარდბა. ან იგივე დონით უნდა ჩატარდეს, ან უფრო მაღალი დონით, რომ პროექტს ჰქონდეს განვითარების ხაზი.
რა თქმა უნდა, ახლა უკეთესი პროექტი განვახორციელეთ, გავითვალისწინეთ პირველი სეზონის ხარვეზები. მართალია, მეორე სეზონსაც ჰქონდა პატარ-პატარა ლაფსუსები, რომელსაც მესამე სეზონზე გამოვასწორებთ. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ყველა გახლდათ კმაყოფილი. დიზაინერებს, რომლებიც პირველ სეზონზეც გამოდიოდნენ და მეორეზეც, კვლავ უნდათ ჩამოსვლა შემდეგ სეზონზე.
რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბრუნდები იმ ადგილზე, სადაც მოგწონს. როცა კოლექციას ქმნი, რამდენიმე თვე მუშაობ, მით უმეტეს, როცა ეს მაღალი მოდის დიზაინია და ქსოვილი ხელით იქმნება, ასევე ხელითვე იქარგება, ყველაფერი ხელით მუშავდება – ეს არის ძალიან მძიმე და ხანგრძლივი შრომა… ხოლო ჩვენება მაქსიმუმ 10-15 წუთი გრძელდება. ყველაფერი შედეგზეა ორიენტირებული, ასევე დიზაინერს უნდა დაგრჩეს ფოტო-ვიდეო მასალა.
ჩვენი გათვლა არის ზუსტად ამაზე – როცა ჩამოდის უცხოელი დიზაინერი და ჩვენც საერთაშორისო ფორმატით ვხვდებით, კიდევ მეტი ინტერესია წელს, მან უნდა წაიღოს შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალა. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ფოტოგრაფებს, რომლებიც აკრედიტაციას გადიან და მუშაობენ.
ფოტოგრაფების ჯგუფს ხელმძღვანელობს ლაშა შალამბერიძე და წელს ხელმძღავნელობდა ირაკლი ქობულაშვილი, რომლებსაც განსაკუთრებული მადლობა მინდა რომ გადავუხადო პროფესიონალიზმისთვის და იმ მასალისთვის, რაც ჩვენს ხელთ არის.
დიზაინერები საგანგებოდ ვარჩევთ ფოტოგრაფებს და ყველას არ ვაძლევთ გადაღების უფლებას, რადგან ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზუსტად ამ მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო მასალის დათვალიერების შემდეგ მოდიან დიზაინერები. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ახალგაზრდა გუნდს, მის ხელმძღვანელ ციცი გოგინაშვილს და წარმატება ვუსურვო მომავალ პროექტებზე მუშაობისას.
ჩვენი პროექტი უფრო და უფრო ვითარდება და ეს არის ჩემთვის, როგორც ორგანიზატორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან, მოდის კვირეულის პარტნიორები იყვნენ სილამაზის აკადემია „მელანჟი“, მეიქაფ ატელიე „ჯორჯია“ და სასტუმრო „ველვეტი“, რომელიც მასპინძლობდა უცხოელ სტუმრებს.
დღეს მოდის სფეროში საკმაოდ რთულია ნდობის დამსახურება. პირველ სეზონზე ცოტა ეჭვის თვალით გვიყურებდნენ და პრეტენზიაც კი ჰქონდათ, ხმამაღალი სახელი რატომ დაარქვითო. იყო ასეთი ფრაზაც: „რა დროს მოდაა“, მაგრამ მეორე სეზონზე ეს პრეტენზიები აღარ ისმოდა, რადგან ვაჩვენეთ დიდი მონდომება, ხარისხი, დონე და ის, რომ არ ვაპირებთ დანებებას, პირიქით, მყარი ადგილის დამკვიდრება გვინდა არა მარტო საქართველოში, არამედ _ მის ფარგლებს გარეთ.
_ რას ნიშნავს მაღალი მოდა?
_ მაღალი მოდა ნიშნავს ხელით შექმნილ კოლექციას, სადაც თითოეული დეტალი დამუშავებულია. მთავარი კრიტერიუმია ხელით მუშაობა. ჩვენი პირველი მიზანი იყო, რომ აღმოგვეჩინა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი დიზაინერები, რომლებიც სხვა ქვეყნისთვის ქმნიან და მუშაობენ და ეს წარმოგვედგინა ქართველი პუბლიკისთვის. ასეთი აღმოგვაჩინეთ ივანა, ბრენდი „იაგაში“, სადაც ორი არაჩვეულებრივი ადამიანი თურქეთში ქმნის სამოსს. ისინი მომავალი სეზონისთვის მოვიწვიეთ და დარწმუნებული ვარ, საოცარ კოლექციას ჩამოიტანენ.
ძალიან გვინდა, რომ ქართულ სივრცეში გააქტიურდნენ დიზაინერები, რომლებიც კოლექციას ხელით ქმნიან და თამამად აკეთონ კოლექციები. პანდემიამდე უფრო აქტიურად იყვნენ, პანდემიამ თითქოს დაჩაგრა ქრთველი დიზაინერები. მათ ძალიან ვუწყობთ ხელს, დავიწყეთ კონტაქტების მოძიება საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამებისთვის, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნამდილი მოდის კვირეულის ჩატარება, რომელსაც ექნება განვითარება. მასში მონაწილეობა ქართველი დიზაინერებისთვის საინტერესო უნდა იყოს. იმედი მაქვს, მომავლ სეზონზე მრავალი ქართული მოდის სახლი იქნება წარმოდგენილი.
_ წელს რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა?
_ 5 ქვეყანა მონაწილეობდა: უკრაინა, საბერძნეთი, მოლდოვა, სომხეთი და ყაზახეთი.
_ ვინ არის მაღალი მოდის მთავარი შემფასებელი?
_ მაღალი მოდის კვირეული არის შოუ, რომელიც აჩვენებს დიზაინერის ფანტაზიასა და შესაძლებლობებს. შემდეგ ის ჩვენება მუშაობს დიზაინერზე, რომ უფრო გაყიდვადი და ცნობადი გახდეს. რეალურად, მთავარი შემფასებელი არის ხალხი. პრეტაპორტეს ჩვენებების ნაწილი არის წარმატებული, ნაწილი – წარუმატებელი. ყველაფერი გახლავთ შემდგომ შეკვეთებსა და გაყიდვაზე დამოკიდებული. ასე რომ, ეს არ არის კონკურსი, ეს არის კვირეული, სადაც შემფასებელი არის ხალხი და აუდიტორია.
ვრცლად ინტერვიუს წაკითხვა შეგიძლიათ გაზეთ “ქრონიკა +”-ში.