როგორი იქნება 2024 წლის მთავარი მოდის ტენდენციები

როგორი იქნება 2024 წლის მთავარი მოდის ტენდენციები

მოდის ექსპერტთა მტკიცებით, 2024 წელი განსაკუთრებით მრავალფეროვანი და აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, რადგან დიზაინერებმა არ დაიზარეს და სრულიად ახალი, მეტად თამამი ტენდენციები შესთავაზეს მოდურად ჩაცმის მოყვარულებს.

ტყავი

მართალია, ტყავის ქურთუკი მანამდეც მოდის მიმდევარი ყველა ქალის გარდერობში იყო, მაგრამ ახალ სეზონზე ნატურალურთან ერთად ხელოვნური ტყავის ნაწარმიც განსაკუთრებულ აქტუალურობას შეიძენს, რადგან დიზაინერების აზრით, სწორედ ტყავის პალტოს, შარვლისა და ბლეიზერის დენიმთან ან სხვა რბილ ქსოვილთან კომბინაციით შეიძლება უნივერსალური სტილის შექმნა.

წითელი და კრემისფერი

ფერის ამერიკული ინსტიტუტის Pantone-ს ინიციატივამ, რომელმაც 2024 წლის მთავარ ფერად წითელი დაასახელა, პირველ რიგში დიზაინერები გაახარა, რადგან მსოფლიოს პრესტიჟულ პოდიუმებზე წარდგენილ კოლექციებში სწორედ წითელი ფერი ჭარბობდა. როგორც ჩანს, „ვარდისფერმა ციებ-ცხელებამ“ გადაიარა, მისი ადგილი კი, „წითელმა ვნებამ“ დაიკავა, რადგან ახალ სეზონზე სწორედ წითლის სხვადასხვა შეფერილობა გახდება ნებისმიერი სტილისა და მოდელის აუცილებელი ატრიბუტი, მათ კი, ვისაც, წითელი ზედმეტად თვალს ჭრის, თუმცა არც მოდას უნდა  ჩამორჩეს, შედარებით მშვიდი ტონი შეუძლია შეარჩიოს და მოკრძალებულად გამოიყენოს აქსესუარებში.   

კონკურენციას წითელ ფერს მხოლოდ კრემისფერი გაუწევს თავისი მრავალფეროვანი ტონებით – ღია კაკაოსფრით დაწყებული მუქი კარამელით დასრულებული. განსაკუთრებით საინტერესო კრემისფრის სხვადასხვა კომბინაცია ზამთრის სეზონზე იქნება, რაც ელეგანტურობასა და მეტ მყუდროებას შესძენს ნებისმიერ სამოსს. 

ბაჰრამა, მაქმანი, ბუმბული

საკუთარი ადგილი დაიკავა 2024 წლის კოლექციებში ბუმბულმა, მაქმანმა და ბაჰრამამ, რადგან სწორედ მსგავსი დეკორატიული ელემენტები შემატებენ სიმსუბუქესა და გრაციას მელანქოლიურ და რომანტიკულად განწყობილ ქალბატონებს, რომლებიც მანამდეც ღრუბლებში დაფრინავდნენ. 

სვიტერი

ნებისმიერი ქალის გარდერობის აუცილებელი ატრიბუტი გახდება სვიტერიც, რომელიც სტილისა და დიზაინის მრავალფეროვნების გათვალისწინებით, შემოქმედებითი ძიებისა და თვითგამოხატვის ბრწყინვალე საშუალებად იქცა დიზაინერებისთვის. სავარაუდოდ, 2024 წელს განსაკუთრებულ პოპულარობას ე.წ. პოლო-სვიტერები მოიპოვებენ საყელოზე ელვაშესაკრავით. მართალია, მსგავსმა სვიტერმა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში დაიპყრო მსოფლიო პოდიუმები, მაგრამ 21-ე საუკუნეში არა სპორტული სამოსის, არამედ წამყვანი მოდელის სტატუსით დაბრუნდება მოდის არენაზე. მომავალ წელს საბაზოდ კლასიკური მუქი ფერები ჩაითვლება, მათ კი, ვისაც კლასიკის გახალისება უნდა, თამამად შეუძლია შეუხამოს მუქი ფერის სვიტერი უკვე პოპულარულ წითელს ან პასტელის ფერის სამოსს.

რბილი ქსოვილი და ბეწვი

შეუძლებელია ზამთრის წარმოდგენა ქურქის გარეშე, რომელიც 2024 წელს ფაქტურის მრავალფეროვნებით გააკვირვებს მოდის მოყვარულებს, რადგან ერთნაირად მოდური იქნება როგორც ნატურალური, ისე სინთეტიკური და ეკოლოგიურად სუფთა ბეწვის ქურქები, თუმცა, მომავალ წელს ქალბატონები არა მხოლოდ ტრადიციული ქურქების, რბილი და ფუმფულა პალტოების, არამედ ბეწვით გაწყობილი ბლეიზერების და სვიტერების მოხდენასაც შეძლებენ. 

აქცენტი მხრებსა და წელზე

როგორც ჩანს „ყველაფერი ახალი, მართლაც კარგად დავიწყებული ძველია“, რადგან 1980-იან წლებში პოპულარული სტრუქტურული მხრები, მომავალ წელსაც აქტუალური იქნება, მით უფრო, რომ მასიური მხრები პალტოებსა და ქურთუკებთან ერთად, კაბებს, სვიტერებსა და პიჯაკებსაც დაამშვენებენ.

გასული სეზონების უფორმო სილუეტებისა და ე.წ. „ოვერსაიზის“ სტილისგან განსხვავებით, მომავალი წელი ბევრად ქალური და ელეგანტური იქნება, რასაც პირველ რიგში ტანზე მომდგარი და წელში გამოყვანილი სამოსი გაუსვამს ხაზს, თუმცა არაა საჭირო გარდერობის ერთიანად განახლება და ძველ სამოსზე უარის თქმა, რადგან ორიგინალური ქამრის მორგებითაც შეიძლება უფორმო სამოსისთვის ელეგანტური ფორმის მიცემა.   

მეტალის ელვარება

ე.წ. „მეტალიკი“ და მეტალიზირებული ქსოვილი მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს პოპულარობას, ამიტომ ქალბატონებს თამამად შეუძლიათ შეავსონ გარდერობი ვერცხლისფერი, ოქროსფერი მოდელებით და ყველა სეზონზე ერთნაირად იბრწყინონ, მით უფრო, რომ საღამოს კაბების შემდეგ „მეტალიკმა“ ყოველდღიური სამოსი – ქურთუკები და ჟილეტები, შარვლები და მაისურებიც დაიპყრო. მას კი, ვინც შედარებით თავშეკავებულ სტილს ანიჭებს უპირატესობას და ზედმეტად ბრჭყვიალს ერიდება, აქსესუარებით შეუძლია საკუთარ სტილში მეტალის ხაზგასმა.

„მრავალფენიანი“’ კომბინაცია

მართალია, ე.წ. მრავალფენიანი სტილი შემოდგომა-ზამთრის ტრენდად ითვლება, მაგრამ 2024 წელს სამოსის რამდენიმე დეტალის კომბინაცია გაზაფხული-ზაფხულის სეზონზეც შეინარჩუნებს აქტუალურობას, თუმცა არ ღირს ზედმეტად თავის გამოდება და ყველა ფერის ერთდროულად მორგება, რადგან ამგვარ სტილს ერთი ფერის სხვადასხვა ტონის ან ერთი ფაქტურის რამდენიმე მოდელის შეხამება უფრო უხდება. 

დენიმი

რა თქმა უნდა, თანამედროვე ქალის ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია კომფორტული დენიმის გარეშე, თუმცა მომავალი წლისთვის დიზაინერებმა მეტი მრავალფეროვნება შესძინეს ჯინსის კოლექციებს და ტრადიციულ შარვლებსა და ქურთუკებთან ერთად ქალბატონებს ამავე ფაქტურის მინი და მაქსი კაბების, პერანგებისა და კომბინეზონების, ჩანთების, კეპებისა და ჩექმების მორგება შესთავაზეს.  

წყარო: imedinews.ge