მსოფლიოს მაღაზიათა უმსხვილესი ქსელი „ზარა“ ემზადება, ხელახლა გახსნას მაღაზიები უკრაინაში, რომლებიც ორი წლის წინ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაიხურა.
„ფაინენშალ ტაიმსის“ ცნობით, „ზარას“ მფლობელმა ესპანურმა კომპანია „ინდიტექსმა“ ადგილობრივ მოიჯარეებს აუწყა, რომ მაღაზიების გახსნა აპრილის დასაწყისში იგეგმება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „ზარა“ ერთ-ერთი ბოლო ბრენდია, რომელიც უკრაინაში ბრუნდება.
„ინდიტექსი“, პირველ ეტაპზე, 50 მაღაზიის გახსნას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ მიიღო, როდესაც უკრაინულმა მედიამ და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა ესპანური ბრენდი „დაბომბა“ კითხვებით, თუ როდის გახსნიდა ისევ თავის მაღაზიებს უკრაინაში.
საცალო მაღაზიებმა, რესტორნებმა და ბარებმა 2023 წლის გაზაფხულიდან თანდათან დაიწყეს გახსნა. „ეიჩ ენდ ემ“-მა (H&M), რომელსაც ომამდე უკრაინაში რვა მაღაზია ჰქონდა, 2023 წლის ნოემბერში განაახლა მუშაობა.
„ინდიტექსმა“თავისი 84 მაღაზია უკრაინაში, მათ შორის ბრენდები: „ზარა“, „ფულ ენდ ბეარი“, „მასიმო დუტი“ და „ბერშკა“ 2022 წლის 24 თებერვალს დახურა. მას შემდეგ კომპანიამ უკრაინაში საქონლის მიწოდება შეწყვიტა, მაგრამ განაგრძო გადასახადებისა და ხელფასების გადახდა თავისი 1000 უკრაინელი თანამშრომლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა არ მუშაობდა და სახლში იმყოფებოდა. ამასთან, „ინდიტექსმა“ იჯარის ხელშეკრულებები მაღაზიების დახურვის შემდეგაც შეინარჩუნა, მაგრამ არ გაამჟღავნა, რა პირობებით.
თავდაპირველად, უკრაინაში „ინდიტექსი“ 20 მაღაზიას გახსნის, მათ შორის „ზარას“ სამ აუთლეტს კიევის სავაჭრო ცენტრებში. მთლიანობაში, კომპანია უკრაინაში 50 მაღაზიას გახსნის, თუმცა გადაჭრით ვერ აცხადებს, რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი. დანარჩენი 34 მაღაზია უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც ბრძოლები დღემდე გრძელდება.