როგორ ჩავიცვათ ვალენტინობის დღეს – რჩევები დაუვიწყარი და განსაკუთრებული სტილის შესაქმნელად

როგორ ჩავიცვათ ვალენტინობის დღეს – რჩევები დაუვიწყარი და განსაკუთრებული სტილის შესაქმნელად

თამარ სანაძე

ვალენტინობის საღამოს გამორჩეული ემოციებით ვგეგმავთ და ჩვენი ყურადღება მთლიანად მიმართულია, იმაზე რომ ეს საღამო ყველაზე ჯადოსნური იყოს. გოგონები ემზადებიან და ფიქრობენ როგორი ტაისსამოსი მოირონ, რომ განსაკუთრებულები და გამორჩეულები იყვნენ.

მნიშვნელოვანია, თუ სად ვგეგმავთ 14 თებერვლის გატარებას? რადგან, სტილი სწორედ ამის მიხედვით უნდა განვასხვაოთ.

1. თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი ვახშამს გეგმავთ კლასიკურ რომანტიკულ გარემოში, მაშინ ელეგანტური სტილი აქ უპირობოდ ყველაზე უკეთესია. თუმცა ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს სამოსის ფერიც.

არ აქვს მნიშვნელობა საღამოს კაბას მოირგებთ თუ კლასიკურ ორეულს, მნიშვნელოვანია რომ მათი ფერი ზუსტად შეარჩიოთ. და რა შეიძლება იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე წითელი, ბურგუნდიული ღვინისფერი, ან თუნდაც კლასიკური შავი? ალბათ ეს ის ფერებია, რომელიც სიყვარულის დღესასწაულს და რომანტიკულ ვახშამს ყველაზე მეტად უხდება.

ამავე ფერებში შეგიძლიათ აქსესუარების შერჩევა. რაც შეეხება ფეხსაცმელს, შეგიძლიათ მოირგოთ როგორც მაღალ, ასევე დაბალ ქუსლზე, მნიშვნელოვანია, ფეხსაცმლის შემთხვევაში უპირატესობა მინიმალიზმს მიანიჭოთ, რომ თქვენი ლუქი არ გადაიტვირთოს.

2. იმ შემთხვევაში თუ ვალენტინობის საღამო ისეთ გარემოში წარმოგიდგენიათ, როგორიცაა კოქტეილ ბარები, ან ჯაზის საღამო, არჩევანი შედარებით ნეიტრალურ ნაზ ფერებზე შეარჩიეთ, როგორებიცაა თეთრი, კრემისფერი, ღია ყვითელი და ა.შ.

ასეთ სიტუაციას განსაკუთრებით უხდება აბრეშუმის ქსოვილები, ამიტომ კაბის შერჩევისას შეგიძლიათ ეს ფაქტორიც გაითვალისწინოთ.

თქვენს ლუქს ასევე გამორჩეულს გახდის ბრჭყვიალა დეტალები, ბეწვის მოსაცმელები და სადა კლასიკური ფეხსაცმელი.

3. თუ არჩევანს კინოზე ან თეატრზე შეაჩერებთ ეცადეთ თქვენი სამოსი მეტად სადა იყოს და ნაკლებად „ყვიროდეს“.

იყავით ელეგანტური, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ კომფორტსაც.

მაგალითად შეგიძლიათ შეარჩიოთ ნაკლებად გადატვირთული კაბა, ან თუნდაც ვინტაჟური პიჯაკი, რომელსაც ქვედაბოლოს მოუხდენთ.

დაგვეთანხმებით კინო საღამოებს ვინტაჟი განსაკუთრებით უხდება.