H&M -ს უკვე ციფრული მატილდა ჰყავს. ფოტოზე გამოსახული მოდელი მატილდა არაა, ეს მისი ციფრული ორეულია, რომელიც H&M -მა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნა. სწრაფი მოდის პოპულარულმა ბრენდმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ჯამში, უკვე 30 ტოპ მოდელის ციფრული კლონი შექმნა. მიზანი მათი სარეკლამო კამპანიებში გამოყენებაა. რატომ?
AI მოდელი არ იღლება, არც დროშია შეზღუდული, სულ ფორმაშია, არ სჭირდება სპეციალური ვარცხნილობა და მაკიაჟი, რაც ბრენდს დროსაც უზოგავს და თანხასაც, მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ ბრენდები მასობრივად გადაერთვებიან AI მოდელთან თანამშრომლობაზე? მოდელებთან ერთად, რა ბედი ეწევათ ვარცხნილობისა და მაკიაჟის სპეციალისტებს, რომლებიც გადაღებებზე მუშაობენ?
გარდა ამისა, ტრადიციული მიდგომით, როდესაც მოდელი იწყებს ბრენდთან თანამშრომლობას, იგი აფორმებს კონტრაქტს, მიდის გადაღებაზე, ხდება გადაღება, რის შემდეგაც, ბრენდი იყენებს მოდელის ფოტო და ვიდეო მასალას სარეკლამო აქტივობებისთვის, მაგრამ ახლა, როდესაც H&M-ს ციფრული მატილდა ჰყავს, რომლის გამოსახულების გამოყენება, ტექნიკურად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კამპანიაში, ნებისმიერ ფორმაში შეუძლია, ამ შემთხვევაში როგორ ხდება მოდელის უფლებების დაცვა?
H&M-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მოდელი ვისი ციფრული ორეულიც შეიქმნა, გამოსახულებაზე საკუთრების უფლებას თავად ფლობს.
შესაბამისად, იმისათვის, რომ ბრენდმა გამოიყენოს მოდელის ციფრული ორეული, მათ სჭირდებათ მოდელთან შეთანხმების გაფორმება.