რა წესები და როგორი დრეს კოდი დაწესდა კანის კინოფესტივალზე?

რა წესები და როგორი დრეს კოდი დაწესდა კანის კინოფესტივალზე?

კანის 78-ე კინოფესტივალის გახსნის წინა დღეს, მისმა ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ წითელ ხალიჩაზე ისეთი ტანსაცმლით გამოჩენა, რომელიც „ზედმეტ სიშიშვლეს“ აჩვენებს, შეუძლებელია. ასევე, არასასურველია გამჭვირვალე კაბები და ღრმა დეკოლტეს მქონე ტანსაცმელი, – იუწყება Daily Mail.

მსგავს სურათებში ცნობილი ადამიანები წითელ ხალიჩაზე არაერთხელ გამოჩენილან. ყველაზე ცნობილთა შორისაა სუპერმოდელი ბელა ჰადიდის 2021 წელს ღრმა დეკოლტეს მქონე კაბაში გამოჩენა, ხოლო 2024 წელს – გამჭვირვალე ყავისფერ კაბაში საცვლების გარეშე.

ასევე აიკრძალა სპორტული ფეხსაცმელი და მოცულობითი კაბები გრძელი შოლტებით, რომლებიც „სტუმრების თავისუფალ გადაადგილებას აფერხებს და დარბაზში მათ განთავსებას ართულებს“. ელეგანტური საღამოს კაბები, კოქტეილის კაბები, „პატარა შავი კაბები“, შარვლის კოსტიუმები და სმოკინგები დაშვებულია.

კანის კინოფესტივალი დღეს, 13 მაისს იწყება.

წელს ის უკრაინაში ომის შესახებ სამი ფილმის სპეციალური ჩვენებით გაიხსნება:

ზელენსკი – ფრანგული დოკუმენტური ფილმი ვლადიმერ ზელენსკის მსახიობობიდან პრეზიდენტობამდე გზაზე.

Notre Guerre (“ჩვენი ომი”). ფრანგულ-უკრაინული ფილმი პოკროვსკის და სუმის ფრონტებზე, სადაც უკრაინელები ფრანგ მოხალისეებთან ერთად იბრძვიან რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.

À 2000 mètres d’Andriivka (“2000 მეტრი ანდრიივკადან”). ეს ოსკაროსანი რეჟისორის, მსტისლავ ჩერნოვის ახალი ნამუშევარია.სხვათა შორის, BBC Two არხისთვის გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა „უკრაინა: მტერი ტყეში“ 2025 წლის პრესტიჟული ბრიტანული ჯილდო BAFTA TV Awards 2025 მიიღო საუკეთესო ერთსერიანი დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში. ეს არის ომის სიმართლე, რომელიც თხრილებშია ჩაწერილი.