ნინო სუხიშვილი სულ ცოტა ხნის წინ 60 წლის გახდა. ის ასაკის მატებას ტრაგედიად არ განიხილავს, უმტკივნეულოდ იღებს ყველა ახალ ნაოჭს სახეზე და მათ წარსულის ანარეკლად მიიჩნევს:
“ნატურალიზმია ჩემთვის მთავარი. რამდენი ნაოჭიც გაქვს, იმდენი პრობლემა გაწერია სახეზე. მივიჩნევ, რომ ნაოჭები ბუნებრივია. როდისღაც ჩამოგეკიდება კანი და ყოველთვის 20 წლის ვერ იქნები. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ხელოვნურად რაღაცის გამოსწორებას, დამატებას, გაკეთებას არ მივესალმები. ნაოჭებში პრობლემას ვერ ვხედავ. ბებიაჩემი ისეთი დაჭმუჭნილი სახით დადიოდა, მაგრამ ყველაზე ლამაზი იყო.

ასაკის მატებასთან ერთად შინაგანმა ხიბლმა უნდა წამოიწიოს წინ. ქალს უნდა ჰქონდეს შარმი და ხიბლი, რაც ტუჩის ზომითა და თვალის ჭრილით არ განისაზღვრება. არ მეშინია არც დაბერების, არც ასაკის. ერთადერთი, რისიც მეშინია, ავადმყოფობაა. მომემატოს ასაკი, მაგრამ მინდა, ჯანმრთელი ვიყო”, – ამბობდა ნინო სუხიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ნინო სუხიშვილის ჩაცმულობა, გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის დახვეწილი და ელეგანტურია, თავად ამბობს, რომ მის გარდერობში ბევრი ბრენდული სამოსი არ მოიძებნება. უპირატესობას ქართველ დიზაინერებს ანიჭებს და ბებიის კაბებსაც ხშირად ირგებს:
“მაქვს რამდენიმე გამოსასვლელი ბრენდული კაბა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი ცნობილი ბრენდი ნამდვილად არ მაცვია. სასცენოდ მაქვს ბევრი ქართველი დიზაინერის სამოსი, თუკი მკითხავენ, ვისი კაბა მაცვია, მიყვარს, როცა ქართველს ვასახელებ. გარდერობში არის ასევე „დრის ვან ნოტენის“, „ლანვინის“ კაბები. არ მაქვს „შანელი“, რადგან ძალიან ძვირია… „შანელი“ ბებიაჩემს უყვარდა. ასევე „ჰერმესი“ და „დიორი“.დღემდე მაცვია ბებიაჩემის საკონცერტო კაბები, მხოლოდ სცენაზე, რა თქმა უნდა.

ის, რაც ბებიისგან არ მაქვს, თავის მოვლის სიყვარულია. დაახლოებით საათ-ნახევარს ატარებდა სარკის წინ, მე კი სახლიდან გასვლის წინ 10 წუთი მჭირდება მხოლოდ”, – ამბობს ნინო.
“სილამაზე ჩემთვის განწყობაა, დადებითი იმპულსი, სიხარულისა და ბედნიერების მომტანია. კარგი არ არის, როცა ქალი თავის თავს დროს არ უთმობს, თუმცა მე ამის ფუფუნება დიდად არ მაქვს. მიუხედავად ამისა, არის ასაკი, რომლის შემდეგაც საჭიროა მცირე ძალისხმევა მაინც გაიღო”, – ამბობდა ნინო სუხიშვილი.