„რამშტაინის“ 2024 წლის ევროპული ტურნე ცნობილია

„რამშტაინის“ 2024 წლის ევროპული ტურნე ცნობილია

„რამშტაინის“ 2024 წლის ევროპული ტურნეს გარკვეული დეტალები ცნობილია. კერძოდ, 12 ქვეყანაში 18 კონცერტია დაგეგმილი. რას გულისხმობს მომავალი წლის ტურნე, აქვს თუ არა ლინდემანს სცენაზე გამოსვლის უფლება და საბოლოოდ, იშლება თუ არა „რამშტაინი“ – Deutsche Welle-მ გაარკვია. 

როგორც „რამშტაინის“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, პირველი კონცერტი პრაღის სტადიონზე გაიმართება. წინა წლების მსგავსად, კონცერტები გერმანიაშიც ჩატარდება. ახალი ტურნეს კონცერტების ბილეთების ონლაინ გაყიდვა 18 ოქტომბერს დაიწყო.

შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ 2024 წლის ტურის განრიგში „რამშტაინის“ მშობლიური ქალაქი ბერლინი არ შედის. თუმცა, როგორც ამბობენ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. წელს მიუნხენში ოთხგზის გამოსვლის შემდეგ, ჯგუფმა გერმანიის დედაქალაქში უკვე სამი კონცერტი გამართა.

60 წლის ფრონტმენი ტილ ლინდემანი (Till Lindemann), გიტარისტები – რიჰარდ კრუსპე (Richard Kruspe) და პაულ ლენდერსი (Paul Landers), ბასისტი ოლივერ რიდელი (Oliver Riedel), კლავიშისტი კრისტიან “ფლაკე” ლორენცი (Christian “Flake” Lorenz) და დრამერი კრისტოფ შნაიდერი (Christoph Schneider) ჯერ კიდევ ბერლინში ცხოვრობენ.

1994 წელს, სწორედ გერმანიის დედაქალაქში შეიკრიბა ეს ექვსი მუსიკოსი და ჩამოაყალიბა საერთაშორისო არენაზე ყველაზე წარმატებული გერმანული როკ-ჯგუფი, რომელსაც თავისი უნიკალური და შეუდარებელი სტილი და ჟღერადობა აქვს.