პუტინს ბოტოქსი ეწურება

პუტინს ბოტოქსი ეწურება

რუსეთის კლინიკებს ევროკავშირის სანქციების გამო ბოტოქსის მარაგი აღარ აქვთ. ამის შესახებ რუსული გაზეთი „კომერსანტი“ იუწყება. იანვრიდან მარტამდე Botulinumtoxin-ის  იმპორტი სამჯერ დაეცა – 74 500 შეფუთვამდე. ეს პრეპარატი საჭიროა ნაოჭების კორექციისთვის.

უკრაინის ომის გამო, რომელიც უკვე მეოთხე თვეა  გრძელდება, ბევრმა დასავლურმა კომპანიამ გადაწყვიტა დაეხურა  ან შეემცირებინა ბიზნესი რუსეთში. სააგენტო Reuters-ის ცნობით, მათ შორისაა ფარმაცევტული კომპანიები, “Eli Lilly and Co.” და “Abbvie Inc.”, ეს უკანასკნელი ნეიროტოქსინის ბოტოქსის მთავარი მწარმოებელია. 

როგორც დასავლური გამოცემები წერენ,  კრემლის ბოსი პუტინიც ბოტოქსს იყენებს.  კრემლში გავრცელებული ჭორების თანახმად, რუსმა დესპოტმა უკვე არაერთგზის გაიკეთა  ნაოჭების კორექცია  ბოტოქსის ინექციებით.  The New Times Magazine-ში  ჯერ კიდევ 2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, კოსმეტოლოგები  ამტკიცებდნენ, რომ პუტინს თვალის ლიფტინგი და ლოყებზე ფილერი ჰქონდა გაკეთებული. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეკონომიკა უკვე მასიურ  სიმძიმეს განიცდის  სანქციების ქვეშ. სულ ახლახან, ევროკავშირმა დაამტკიცა  სანქციების კიდევ ერთი პაკეტი ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით.

ევროკავშირს სურს გამოიყენოს ნავთობის ბოიკოტი, რათა მოსკოვმა არ განაგრძოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსება. სწორედ ნავთობის ექსპორტით  რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში დიდი თანხები შედის. 

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის რობერტ ჰაბეკის განცხადებით,  სანქციების გამო რუსეთი მალე ეკონომიკურად დასასრულს მიაღწევს.