დუბაის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში რუს ქალს უარი უთხრეს Chanel-ის ჩანთის მიყიდვაზე. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ამ ქალზე დაყრნდობით ავრცელებს. როგორც მან კრემლის პრესას განუცხადა, მას მოსთხოვეს დოკუმენტზე ხელის მოწერა, რომ ნივთს რუსეთში არ წაიღებდა.
“გუშინ ემირატების მოლში ვიყავი, ჩანთას ვარჩევდი, შედეგად, როცა გადავწყვიტე გადახდა, საიდენტიფიკაციო მონაცემები მთხოვეს, რუსული ტელეფონის ნომერი მივაწოდე. გამყიდველი მივიდა მენეჯერთან, რომელმაც თქვა, რომ დღეიდან, ისინი ყიდიან რუსებზე ნივთებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომ ნივთს რუსეთში არ წავიღებ და იქ არ ვატარებ“, – ციტირებს რუს ქალს პროპაგანდისტული მედია.
რუსმა კლიენტმა ეს ამბავი დისკრიმინაციის გამოვლინებად შეაფასა. მან გადაიღო დოკუმენტი, რომლის ხელმოწერა სთხოვეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში პუტინის ჯარების შეჭრის გამო, ევროპასა და ამერიკაში რუსების მიმართ უმწვავესი სანქციები დაწესდა. გახშირდა რუსოფობიის შემთხვევებიც. დასავლელები რუსულ აგრესიას გმობენ და პროტესტს ყოველდღიურად გამოხატავენ.