სერენა უილიამსი გახდება პირველი ათლეტი, რომელსაც ამერიკის დიზაინერთა საბჭო პრესტიჟულ Fashion Icon-ის ჯილდოს გადასცემს. წარსულში ეს ჯილდო მიღებულ აქვთ სტილისა და კულტურის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: რიანა, ფარელი, ნაომი ქემბელი, ლენი კრავიცი, ლედი გაგა და ა.შ.
აღიარებული, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, სერენა ქალ ჩოგბურთელთა რეიტინგში, პირველ პოზიციაზე 300-ზე მეტი კვირის განმავლობაში არ თმობდა ადგილს, მას მოგებული აქვს 23 გრანდ სლემი და Forbes-ის მიერ არაერთხელ დასახელებულა ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ ათლეტად.
ლეგენდარული კარიერის პარალელურად, 2018 წელს, უილიამსმა დააარსა ტანისამოსის საკუთარი ბრენდი S by Serena, გამოუშვა პარფიუმერიის ხაზიც, სხვადასხვა დროს, იგი დაბეჭდილია ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე, 2019 წელს კი, მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საღამოს, Met Gala-ს თანაორგანიზატორის როლშიც მოგვევლინა.
CFDA-ის 2023 წლის დაჯილდოება ნიუ-იორკის ეროვნულ მუზეუმში 6 ნოემბერს გაიმართება. როგორც ცნობილია, მისი წამყვანი მსახიობი და სტილის ვარსკვლავი, სარა ჯესიკა პარკერი იქნება.