50-ზე მეტმა ფრანგმა კულტურის მოღვაწემ ხელი მოაწერა ღია წერილს ცნობილი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს დასაცავად, რომელსაც ბრალს სდებენ გაუპატიურებაში, სექსუალურ შევიწროებაში და ქალების მიმართ სხვა არასათანადო ქცევაში.
წერილში ნათქვამია, რომ დეპარდიე, რომელსაც დღეს, 27 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდა, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის საწინააღმდეგოდ, „ლინჩირების“ და „სიძულვილის ნაკადის“ მსხვერპლი ხდება. იმავდროულად, ხელმომწერები თვლიან, რომ დეპარდიე არის “ალბათ ყველაზე დიდი მსახიობი”, “საფრანგეთს მისი ბევრი ვალი აქვს” და “ვერავინ გააქრობს წარუშლელ კვალს”, რომელიც მისმა მუშაობამ კინოსა და თეატრში დატოვა.
როგორც გერმანული გამოცემა Deutsche Welle იხსენებს, დეპარდიეს გარშემო სკანდალი საფრანგეთში მას შემდეგ აგორდა, რაც ტელეკომპანია France 2-მა გადაიღო დოკუმენტური ფილმი მსახიობის ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობის შესახებ. მასში იგი უპატივცემულო, ვულგარულ და სექსისტურ კომენტარებს აკეთებს ქალების, კერძოდ, ახალგაზრდა მთარგმნელის, ასევე, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ.