„საქართველოში კონკურენტები არ გვყავს“

„საქართველოში კონკურენტები არ გვყავს“

ისტორია დაწერილია _ აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილი ორგზის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში.

ჩემპიონატი ლათინოამერიკული ცეკვების პროგრამით გაიმართა ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ექვსეული კი ასე გამოიყურებოდა: 1-ელი ადგილი _ საქართველო, მე-2 ადგილი _ ამერიკის შეერთებული შტატები, მე-3 ადგილი _ ბულგარეთი, მე-4 ადგილი _ გერმანია, მე-5 ადგილი _ გერმანია, მე-6 ადგილი _ ჩეხეთის რესპუბლიკა.

აკასა და გვანცას თანაცხოვრება და კარიერული მოღვაწეობა 20 წელზე მეტს მოიცავს. სწორედ დაუღალავმა და თავდაუზოგავმა შრომამ გაუნათა მათ ის გზა, რომელიც ბნელი გვირაბიდან გამოდიოდა. ის ერთადერთი წყვილია საქართველოდან, რომელსაც მოგებული აქვს ევროპისა და ყველა საერთაშორისო კონკურსი.

ახლა ისინი ორმაგად ამაყები არიან, რადგან საქართველო კიდევ ერთხელ ასახელეს და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებიც გახდნენ.

აკასა და გვანცას ისტორია იმდენად საინტერესოა, რომ გაზეთის ფურცლები ნამდვილად არ გვეყოფა, თუმცა ვეცადეთ იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გაგვემახვილებინა ყურადღება, რომელიც თქვენც დაგაინტერესებდათ.

„ქრონიკა+“-სთან წყვილმა ისაუბრა ამ დიდ გამარჯვებაზე, დაფასება-დაუფასებლობაზე, რთულ გზასა და საერთაშორისო წარმატებაზე.

გვანცა ციხელაშვილი, მოცეკვავე:

_ სპორტის ყველა სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება წელიწადში ერთხელ და რომელი ქვეყანაც იყიდის ლიცენზიას, იქ იმართება ხოლმე. ჩვენ, როგორც ყოველთვის, უკვე 11 წელია, წარმოვადგენთ საქართველოს, როგორც პირველი წყვილი მსოფლიო ჩემპიონატზე. რამდენიმე წელი ვიყავით ფინალისტები და ველოდებოდით, როდის დადგებოდა ის დრო, რომ გავიდოდით ამ ჩემპიონატზე, დავწერდით ისტორიას და გავიმარჯვებდით. შარშან ჩატარდა გერმანიაში, ქალაქ დრეზდნეში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც პირველად გავიმარჯვეთ და მოვიტანეთ ეს ტიტული. ეს იყო საოცარი შეგრძნება და გამარჯვება, რადგან გავხდით მსოფლიო ჩემპიონები. წელს, უკვე მეორედ, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, სადაც ორგზის მსოფლიო ჩემპიონები გავხდით.

_ როგორი იყო თქვენი ემოციები?

_ არ ვიცი, შეუძლებელია ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა. ძალიან რთულია მოპოვება, მაგრამ მოპოვებული ტიტულის დაცვა ყოფილა საოცრად რთული, სტრესული, თუმცა ჩვენ რისი სპორტსმენები ვართ, ამდენი წლის გამოცდილებით რომ ამ ყველაფერს ვერ გავუმკლავდეთ. საქართველო წარმოვაჩინეთ მართლა საამაყოდ, ეს იყო 100- პროცენტიანი გამარჯვება, რაც ნიშნავს, რომ ახლოს ვერცერთი ქვეყანა ვერ მოგვიახლოვდა.

_ რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა?

_ ძალიან ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა, მაგრამ ჩვენს მთავარ კატეგორიაში იყო 15 ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით. ფინალური შედეგი ასე გამოიყურება: საქართველო _ პირველ ადგილზე, აშშ _ მეორე ადგილზე, მესამე ადგილს ბულგარეთი იკავებს, მეოთხესა და მეხუთეზე გერმანია გავიდა, რადგან ორი წყვილი ჰყავდა წარმოდგენილი და მეექვსეზე _ ჩეხეთი.

_ მსგავსს კონკურსებზე  საუკეთესოებს არჩევენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვსაუბრობთ მსოფლიო ჩემპიონატზე, იქ მოხვედრა არცთუ ისე ადვილია. გარდა იმისა, რომ თქვენ, როგორც წყვილი, ხართ საუკეთესოები, ყველა ხედავს, თუ როგორ შრომას და დიდ ენერგიას დებთ ამ საქმეში, ხართ საოცრად მიზანსწრაფულები. რა არის ის მთავარი, რითაც თქვენ ასე იქცევთ ყველას ყურადღებას და ზედიზედ ხდებით მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები? მოკლედ რომ გვითხრათ, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

_ არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ საქართველოში კონკურენტი არ გვყავს, მაგრამ თუ მსოფლიო ბაზარზე გვეკითხებით, გეტყვით, რომ ისეთ არანორმალურ შრომას, როგორსაც ჩვენ ამ საქმეში ვდებთ, არა მგონია, რომელიმე წყვილი დებდეს მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ 20 წელზე მეტია, რაც ყოველდღიურად დილიდან საღამომდე სულ ვვარჯიშობთ.

აკა მოდებაძე, მოცეკვავე:

_ ვარჯიშის მიღმა აუცილებელია, რომ მენტალურად და განათლებით ვიყოთ სხვებზე მეტი. განათლება გულისხმობს იმას, რომ მუსიკალური რიტმები კარგად შევისწავლოთ, ტექნიკურად გავმართოდ ჩვენი სხეული, ანუ თუ არ ვვარჯიშობთ ფიზიკურად, ვვარჯიშობთ გონებივრად, შესაბამისად, სულ გვიწევს ვარჯიში და სწავლა.

გვანცა:

_ გარდა ამისა, ხშირად მსმენია, რომ ნიჭი ყველას აქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნიჭი გამორჩეულ ადამიანებს აქვთ. შრომისმოყვარეობა აუცილებლად სჭირდება ნიჭს, რადგან შრომისმოყვარეობის გარეშე ნიჭი არაფერია. მადლობა ღმერთს, ჩემი ცხოვრების მეგზური, პარტნიორი და ყველაფერი არის აკა, რადგან მისნაირი უარმაზარი გალაქტიკის, ნიჭის, შრომისმოყვარეობის უნარის მქონე ადამიანი აქამდე არ მინახავს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს იტყვის აკა. ორივეს გვაქვს რაღაც გამორჩეული ნიშა, რომელიც ჩვენ თვითონაც არ ვიცით, საიდან მოდის. გრძნობ რაღაც ძალიან დიდ შინაგან ძალას, რომლითაც გრძნობ, რომ ყველასგან განსხვავებული ხარ, მაგრამ ვერ ხვდები, ეს ძალა საიდან და როგორ გაქვს.

_ საქართველოში კონკურენტები არ გვყავსო…

_ დიახ, იცით რა ხდება? მოცეკვავეები არსებობენ, მაგრამ კონკურენტები ნამდვილად არ არიან, რადგან მსოფლიო ბაზარზე ერთადერთი წყვილი ვართ მე და აკა, რომელიც გავედით და მოვიპოვეთ ჩემპიონობა, თან ორგზის. ამ ყველაფერს სჭირდება სხვანაირი შრომა, მონდომება, სხვანაირი მიდგომები, რაც საქართველოში არავის აქვს.

ინტერვიუს სრული ვერსიის წაკითხვა გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის 17 სექტემბრის ნომერშია შესაძლებელი.