იმ შემთხვევაში, თუ მსახიობის და მოდელის, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელი, 26 წლის ბექა ჯაიანი, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იქნება გადაყვანილი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, კესარია აბრამიძის მეგობრები, საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
- მათი თქმით, ბექა ჯაიანს ეს დანაშაული ჰქონდა განსაზღვრული თავიდანვე და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, შესაბამისად, თუ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დადებს დასკვნას, რომ მკვლელობის ჩადენის მომენტში და ახლაც, ჯაიანს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ამას გააპროტესტებენ.
„დარტყმა იყო, ძალადობა იყო, ფსიქოლოგიური ძალადობა იყო, ბულინგი იყო, დამცირება იყო, ეს ყველაფერი მე ვიცი როგორც ახო მეგობარმა და არა მარტო მე, ძალიან ბევრმა და ბრალდებულს ჰქონდა მანამდეც ეს მცდელობები, რომ დაემცირებინა მაქსიმალურად გარდაცვლილი. თუ ასე დაადგინა გამოძიებამა და თუ საჭიროდ ჩათვალა გამოძიებამ, ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ და ასე არ დავტოვებთ, წინააღმდეგი ვართ ბრალდებულის ხონში გადაყვანის“, – განაცხადა კესარია აბრამიძის ერთ-ერთმა მეგობარმა.
პროკურატურა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოდელი და მსახიობის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანისთვის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებული მოთავსდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რათა დადგინდეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა ის.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა ბრალდებულ ბექა ჯაიანის ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსებასთან დაკავშირებით. ამ გამოძიების ფარგლებში გამომძიებლის მიერ დანიშნულ იქნა სასამართლოს სტაციონარულ, ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასადგენად იმისა, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა ბექა ჯაიანი. ამასთან, იმყოფებოდა თუ არა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ბრალდებული. აქედან გამომდინარე, სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა შუამდგომლობით, რომელიც იყო დასაბუთებული და სასამართლომ ის დააკმაყოფილა. შესაბამისად, ის მოთავსდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. ისეთი კატეგორიის შინაარსისა და სპეციფიკის დანაშაულებრივი ქმედებებთან დაკავშირებით, როგორიც არის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეები, აბსოლუტურად ყველა საქმეზე ინიშნება სასამართლო სტაციონარული, ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და ბუნებრივია, ამ სისხლის სამართლის საქმეზეც მოხდა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება. რაც შეეხება შედეგებს, ეს უკვე ექსპერტიზაზეა დამოკიდებული“,- განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, 37 წლის მოდელის კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.