ნინა ჯალიაშვილი: „ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გვირგვინი ის ღირსებაა, რომელსაც გულით ვატარებ“

ნინა ჯალიაშვილი: „ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გვირგვინი ის ღირსებაა, რომელსაც გულით ვატარებ“

წარმატება შემთხვევით არ მოდის — მის უკან ყოველთვის დგას შრომა, მიზანდასახულობა, გამოცდილება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.

ნინა ჯალიაშვილი ქართული მედიისა და სამოდელო სფეროსთვის კარგად ნაცნობი სახეა. წარმატებულ ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობასთან ერთად სამოდელო სფეროშიც არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვს გადადგმული. მისი კარიერა მრავალფეროვანი გამოცდილებითა და მიღწევებით გამოირჩევა, თუმცა ამჯერად მის წარმატებათა ისტორიას კიდევ ერთი განსაკუთრებული გამარჯვება შეემატა — ნინა ჯალიაშვილი საერთაშორისო სილამაზისა და ტალანტის კონკურსის, „მისის პლანეტა 2026“-ის გამარჯვებული გახდა.

რა გზა გაიარა ამ აღიარებამდე, რა ემოციები ახლდა გამარჯვებას და რა იმალება წარმატებული ქალის თავდაჯერებული იმიჯის მიღმა?

FashionTime ნინა ჯალიაშვილს პროფესიულ გზაზე, სამოდელო გამოცდილებაზე, პირად გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებზე ესაუბრა.

– ნინა, პირველ რიგში, გილოცავთ გამარჯვებას! საინტერესოა, რას გრძნობდით იმ წამს, როდესაც „მისის პლანეტა 2026“-ის გამარჯვებულად გამოგაცხადეს?

– საერთოდ არ ველოდი, რომ მე დამასახელებდნენ. რამდენიმე წუთით ადრე ნომინაციაში „მსოფლიო პრესის რჩეული“ გავიმარჯვე, ამიტომ აღარ მეგონა, რომ მეორედაც გამოაცხადებდნენ ჩემს სახელს. თუმცა შინაგანად მაინც ვღელავდი. როდესაც საქართველოს სახელი გამოაცხადეს, ისეთი ბედნიერი ვიყავი! ეს იყო სრულიად მოულოდნელი სიხარული.

– როგორ მოხვდით ამ საერთაშორისო კონკურსზე და რა იყო თქვენი მონაწილეობის მთავარი მოტივაცია?

– კონკურსზე სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მეშვეობით მოვხვდი. მონაწილეობა ეკა მგალობლიშვილმა შემომთავაზა და სიხარულით დავთანხმდი. კონკურსის მთავარი გზავნილი იყო „მწვანე პლანეტა“. წარმატებულ ქალბატონებს დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან შესაძლებლობა მიეცათ, სცენიდან მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილი გაეჟღერებინათ — მოვუფრთხილდეთ ბუნებას და ჩვენს პლანეტას.

– როგორ ემზადებოდით კონკურსისთვის და რა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე რთული?

– კონკურსისთვის მომზადება რთული არ ყოფილა, რადგან პოდიუმზე სიარულის გამოცდილება უკვე მქონდა. მე გახლავართ „წლის დედოფალი 2022“-ის ტიტულის მფლობელი, ამიტომ სამოდელო სფერო ჩემთვის უცხო არ იყო. ყველაზე მეტად დროის გამონახვა მიჭირდა, რადგან თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. გვქონდა რეპეტიციები, მოდის ჩვენება [Fashion Show], ტალანტების შოუ [Talent Show], ინტერვიუ ჟიურის წევრებთან და მეგობრობის საღამო.

კონკურსისთვის სამი კაბაც უნდა მომემზადებინა. პირველი იყო ეკოთემატიკის შესაბამისი, ყვავილებიანი კაბა, რომელიც ბუნებასთან ასოცირდებოდა; მეორე — ეროვნული სამოსი, ხოლო მესამე — საღამოს კაბა.

– თქვენი აზრით, რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს თანამედროვე ქალი, რომელიც საერთაშორისო სილამაზის კონკურსში იმარჯვებს?

– ჩემი აზრით, თანამედროვე ქალი, რომელიც საერთაშორისო სილამაზის კონკურსში იმარჯვებს, პირველ რიგში, უნდა გამოირჩეოდეს არა მხოლოდ გარეგნული სილამაზით, არამედ შინაგანი სიძლიერით, ინტელექტით, თავდაჯერებულობითა და საკუთარი თავის რწმენით. ის უნდა იყოს განათლებული, მიზანდასახული და თავისუფალი საკუთარ არჩევანში. ქალი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შესაძლებლობებით შთააგონოს სხვები, დაიცვას საკუთარი ღირებულებები და თავისი ხმა მნიშვნელოვანი საკითხების გასაჟღერებლად გამოიყენოს.

მჯერა, რომ ნამდვილი სილამაზე მხოლოდ გარეგნობით არ იზომება. ის გამოიხატება ჩვენს ქცევაში, სიტყვებში, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებასა და იმ კვალში, რომელსაც საზოგადოებაში ვტოვებთ. დღეს სილამაზის გვირგვინი მხოლოდ ტიტული არ არის — ეს არის პასუხისმგებლობა, შესაძლებლობა და მაგალითი იმისა, რომ ქალი შეიძლება ერთდროულად იყოს ლამაზი, ძლიერი, განათლებული, კეთილი და წარმატებული. ჩემთვის თანამედროვე სილამაზის დედოფალი ის ქალია, რომელიც საკუთარი სინათლით არა მხოლოდ თავად ანათებს, არამედ სხვებსაც ეხმარება საკუთარი სინათლის აღმოჩენაში.

– სილამაზე მხოლოდ გარეგნობაა თუ გაცილებით მეტი? რას ნიშნავს თქვენთვის ნამდვილი ქალური სილამაზე?

– ყველა ქალში არის რაღაც ლამაზი. მჯერა, რომ ქალი ყველაზე ლამაზია მაშინ, როდესაც საკუთარ თავს იღებს, არ კარგავს ინდივიდუალობას, ინარჩუნებს შინაგან სიმშვიდეს და თავისი არსებობით დადებით გავლენას ახდენს სხვებზე.

ჩემთვის ნამდვილი ქალური სილამაზე მხოლოდ ის არ არის, რასაც თვალით ვხედავთ. სილამაზე შიგნიდან უნდა ასხივებდეს. გარეგნული სილამაზით შეიძლება ყურადღება მიიპყრო, მაგრამ შინაგანი სილამაზით ადამიანების გულებში რჩები.

– ყოფილა თქვენს ცხოვრებაში მომენტი, როდესაც საკუთარი შესაძლებლობების მიმართ ეჭვი შეგპარვიათ? როგორ გადალახეთ ეს მდგომარეობა?

– დიახ, ყოფილა. მქონდა პერიოდი, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ მიდიოდა, როგორც მინდოდა. ასეთი დღეები ყველა ადამიანს აქვს. მაგრამ მჯერა, რომ თუ უფლის რწმენა, იმედი და სიყვარული გაქვს, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. როდესაც ასეთი დღეები მაქვს, ყოველთვის ვგრძნობ, რომ უფალი ჩემთანაა. ლოცვა ძალიან მეხმარება და საბოლოოდ ყველაფერი კარგად არის.

– გამარჯვების შემდეგ შეიცვალა თუ არა თქვენი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და მომავლის მიმართ?

– დიახ, რა თქმა უნდა. უამრავი ადამიანი გილოცავს გამარჯვებას, რაც კიდევ უფრო თავდაჯერებულს გხდის. ამავდროულად, პასუხისმგებლობაც იზრდება. როდესაც ასეთ ტიტულს იღებ, აცნობიერებ, რომ გვირგვინი და ეს აღიარება ღირსეულად უნდა ატარო.

– როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობებს უხსნის ასეთი საერთაშორისო ტიტული ქართველ ქალებს მსოფლიო ასპარეზზე?

– ჩემი აზრით, ასეთი საერთაშორისო ტიტული ქართველი ქალებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა, რადგან გვაძლევს შანსს, მსოფლიოს გავაცნოთ არა მხოლოდ ჩვენი სილამაზე, არამედ კულტურა, ღირებულებები და ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულობა.

ეს არის შესაძლებლობა, მსოფლიო ასპარეზზე წარმოვაჩინოთ ქართველი ქალის ხასიათი და საქართველოს მრავალფეროვანი კულტურა. კონკურსის ფარგლებში იმართება მეგობრობის საღამო, სადაც თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრებს საკუთარი ქვეყნის ისტორიას, ეროვნულ სამოსს, სამზარეულოსა და სუვენირებს აცნობს.

ეს ჩვენთვისაც შესანიშნავი შესაძლებლობაა, მსოფლიოს გავაცნოთ ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციები, დავაგემოვნებინოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. ქართული ცეკვა და სიმღერა ყოველთვის განსაკუთრებულ აპლოდისმენტებს იმსახურებს. მეამაყება, რომ დღეს ამ ტიტულით შემიძლია არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ჩემი ქვეყნისა და ქართველი ქალების წარმოჩენა. როდესაც ქართველი ქალი მსოფლიო სცენაზე იმარჯვებს, ის მხოლოდ საკუთარ გამარჯვებას არ აღნიშნავს — ის საქართველოს აცნობს მსოფლიოს.

– რა იმალება გვირგვინის მიღმა? როგორია ნინა ჯალიაშვილი მაშინ, როდესაც კამერები გამორთულია და სცენის განათება ქრება?

– ჩემს ცხოვრებაში კამერები უკვე მრავალი წელია ჩართულია. 16 წელია, ტელევიზიაში ვმუშაობ. ჟურნალისტი ვარ და კამერა და მიკროფონი ჩემი ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრები არიან.

მაგრამ როდესაც კამერები გამორთულია, ნინა, პირველ რიგში, დედაა. მყავს ორი საოცარი შვილი — 9 წლის ნიკოლოზი და 6 წლის მარიამი. მათთან ერთად ვთამაშობ, ვკითხულობთ წიგნებს და დრო არასოდეს გვყოფნის.

გვირგვინის გარეშე და კამერებს მიღმა ნინა ზუსტად ისეთივე ადამიანია, როგორიც კონკურსამდე იყო — გულწრფელი, ემოციური, მეოცნებე და მიზანდასახული. მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი ოცნებები, ზოგჯერ ეჭვებიც, ბევრი ემოცია და მუდმივი სურვილი, რომ ყოველდღე უკეთესი გახდეს.

მიყვარს უბრალო მომენტები, გულწრფელი ურთიერთობები და ადამიანები, რომლებთანაც არ მჭირდება, იდეალური ვიყო. გვირგვინი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, თუმცა ის ჩემს პიროვნებას არ ცვლის. კამერების მიღმა ისევ ის ნინა ვარ, რომელსაც სჯერა სიკეთის, სიყვარულის, შრომისა და საკუთარი ოცნებების. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გვირგვინი ის არ არის, რომელსაც თავზე ვატარებ, არამედ ის ღირსებაა, რომელსაც გულით ვატარებ.

– რას ეტყოდით ქალებს, რომლებსაც დიდი ოცნებები აქვთ, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავენ?

– „უფალი არასოდეს ჩადებს იმ ოცნებას შენს გულში, რომლის ასრულებასაც ვერ შეძლებ“ — ამ სიტყვების ძალიან მჯერა. ყველა ქალს აქვს უფლება, იოცნებოს, იბრძოლოს, დამარცხდეს, შეცდეს, თავიდან დაიწყოს და გაიმარჯვოს.

ვეტყოდი მათ, რომ არასოდეს დაელოდონ იდეალურ დროს, რადგან იდეალური დრო ხშირად საერთოდ არ მოდის. ყველაზე დიდი ცვლილებები სწორედ იმ ერთი გაბედული ნაბიჯით იწყება, რომლის გადადგმაც ყველაზე მეტად გვაშინებს. არ მისცენ საკუთარ შიშებს უფლება, გადაწყვიტონ მათი მომავალი. არ შეადარონ საკუთარი გზა სხვების წარმატებას და არასოდეს იფიქრონ, რომ მათი ოცნებები ძალიან დიდია. აქ ისევ იმ ფრაზას დავუბრუნდები, რომლითაც ამ კითხვაზე პასუხი დავიწყე: „უფალი არასოდეს ჩადებს იმ ოცნებას შენს გულში, რომლის ასრულებასაც ვერ შეძლებ“.

თუ დღეს ჩემი ეს სიტყვები თუნდაც ერთ ქალს მისცემს მოტივაციასა და გამბედაობას, რომ საკუთარ ოცნებას გაჰყვეს, მაშინ ჩემი გამარჯვება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. მე ეს მოტივაცია ეკა მგალობლიშვილმა მომცა და მადლობას ვუხდი მას ამ შესაძლებლობისთვის.

ესაუბრა გიორგი საკარული