სტილისტი ლიზა ბეჟანიშვილი 15 წელია, რაც სილამაზის ინდუსტრიაშია და გოგონების გარეგნობაზე ზრუნავს. უკვე 2 წელია, ახალი ბინა დაიდო იმიჯ სტუდიო „კესანეში“, სადაც ყველაზე კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს.
აღსანიშნავია, რომ „კესანე“ ის ცენტრია, რომელიც კონკურს Miss Angels 2022-ის კონკურსანტების სილამაზეზე ზრუნავდა. სწორედ „კესანეს“ რჩეული გახდა „პირველი ვიცე მის ენჯელ 2022“-ის გამარჯვებული, თაკო კალანდაძე, რომელიც ერთი წლის მანძილზე ისარგებლებს „კესანეს“ ჯადოქარი სპეციალისტების მომსახურებით.
Fashiontime-ი ესაუბრა სტილისტ ლიზა ბეჟანიშვილს, რომელიც საჭირო და სასარგებლო რჩევებს აძლევს ქალბატონებს:
_ თმის როგორი ვარცხნილობაა აქტუალური დღეს?
_ ძირითადად, ბუნებრივი ვარცხნილობებია აქტუალური. მოდაში აღარ არის განსაკუთრებული „პრიჩოსკები“, ამას აღარავინ იკეთებს. გოგონებთან საინტერესო იყო მუშაობა, ყველა აბსოლუტურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან: თმა, ვიზუალი, ფერები. ძირითადად ღია თმის ფერისკენ მივდივართ _ აქტუალურია ქერა, ხოლო მელირება მოდაში აღარ არის.
_ თმის სიგრძე როგორია, _ დამოკლდა, უფრო გრძელია აქტუალური თუ ინდივიდუალურია?
_ სიგრძე მაინც ინდივიდუალურია, _ მოდაშია როგორც ძალიან გრძელი, ასევე ძალიან მოკლე თმაც. ამ გოგონებს საუკეთესო თმები აქვთ. კარგად მოვერგე გარემოს, მათთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. არასოდეს მქონია კონკურსანტებთან მუშაობის გამოცდილება, ჩემთვის ეს პროცესი საინტერესოა, ოცივე მონაწილე იმდენად გამორჩეულია ხასიათით, სტილით, რომ უაღრესად კომფორტული და საინტერესოა მათთან მუშაობა. ისინი მომყვებიან და რასაც ვთავაზობთ, ასრულებენ.
_ პრეტენზიული მომხმარებელი ბევრია? თუ გენდობიან და რასაც ურჩევთ, გთანხმდებიან?
_ ასეთი შემთხვევებიც არის, თუმცა მირჩევნია, ცოტა მომთხოვნები იყვნენ, მაგრამ ისიც ძალიან სასიამოვნოა, როცა მენდობიან და რასაც ვუკეთებ, მოსწონთ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან პრეტენზიულები არიან.
_ მამაკაცების ვარცხნილობაზეც მუშაობთ?
_ ორივე მიმართულებით ვმუშაობ. ქალების მიმართულებით უფრო მომწონს მუშაობა, რადგან უფრო საინტერესოა და ბევრ რაღაცას ვაკეთებ მათთან, ამის საშუალებას თმა მაძლევს. მამაკაცებთან ნაკლები შესაძლებლობებია _ ახალგაზრდები არიან, სტილსაც იცვლიან და ზოგჯერ შეღებვაც უწევთ, თუმცა მაინც უფრო საინტერესო ქალებთან მუშაობაა.
ისე, თუ მამაკაცი პრეტენზიულია, მას ვერც ერთი ქალი ვერ აჯობებს.
_ რაში გამოიხატება მამაკაცის პრეტენზიულობა?
_ მოგიყვანთ ელემენტარულ მაგალითს: შეიძლება უბრალოდ თავი გადაპარსო ადამიანს და ნახევარი საათი სარკესთან იდგეს და ეძებოს, რამე ბუსუსი ხომ არ დარჩა.
_ რატომ იქცევიან ასე?
_ არიან ნარცისი პერსონები, ძალიან რომ მოსწონთ საკუთარი თავი. ხანდახან თმის ღერი აქვთ სადღაც და წუწუნებენ, ეს რატომ არის ასეო?! როცა თმა თხელდება, არასწორად მიდის და ამაზე მთელ ამბებს ტეხენ. ხასიათიდან გამომდინარე, ასაკიანი მამაკაცები ბევრად რთულები არიან, ვიდრე ახალგაზრდები.
_ რჩევები, რომლებსაც ქალბატონებს მისცემთ თმის მოვლის შესახებ…
_ გოგონებს, ძირითად, პრობლემები აქვთ კორონა ვირუსიდან გამომდინარე, რაც გამოიხატება თმის საშინელი ცვენით. მე მათ დავაიმედებ და ვეტყვი, რომ ძალიან ბევრ ჩემს მომხმარებელს თმა ამოუვიდა და საშიში არაფერია. მართალია, მათ მკურნალობა, ექიმის ჩარევა დასჭირდათ, მაგრამ თმა აუცილებლად ამოუვათ.
გოგონებს ვურჩევ, არ გაიღიავონ თმა სახლში, მერე დამწვარი თავებით მოდიან. თმა ასევე ზიანდება, როდესაც აფთიაქებში ნაყიდი საღებავით იღებავენ ან სახლში გამაღიავებელი თავისით დაიდეს. ამ შემთხვევაში მაინც ვცდილობ, რომ ხელი არ მოვკიდო, სანამ სპეციალური ნიღბებით არ უმკურნალებენ თმას. თმის აღდგენას დრო სჭირდება. სალონში არის სპეციალური თმის ნიღბები, თუმცა ეს ცოტა ძვირი სიამოვნებაა და ყველას არ აქვს საშუალება, აქ მოვიდეს და თმა გაიჯანსაღოს. „კესანეში“ არის ყველაფერი: ოლაპლექსის სპეციალური ზეთი და ნიღაბი, რომლითაც გამაჯანსაღებელ პროცედურებს ვაკეთებთ და ნამდვილად შველის თმას, ძალიან კარგი შედეგები აქვთ. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს ძვირი სიამოვნებაა და ვისაც საშუალება არ აქვს, ვცდილობ, სახლის პირობებში რჩევებით დავეხმარო.
_ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: გოგონები ამ მდგომარეობამდე რომ არ მივიდნენ, საჭიროა დამოუკიდებლად არ გაიღიავონ სახლში თმები; და მეორეც: საკუთარი თავისთვის უნდა გაიმეტონ ფინანსები, რომ გამოძვრნენ ამ პრობლემიდან.
_ მყავს ისეთი მომხმარებლები, რომლებიც ჩემთან იჭრიან თმას, თუმცა ფინანსებიდან გამომდინარე, სახლის პირობებში იკეთებენ მელირებას ან იღებავენ თმას. მე ყოველთვის ვეუბნები მათ, რომ არანაირად არ გაიღიავონ თმა სახლში. მათ ვურჩევ, პროფესიონალური მოვლის საღებავები მაინც შეიძინონ და ამით შეიღებონ თმა სახლის პირობებში.