ევექსი ჰოსპიტლებმა კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ თბილისში კიდევ ერთი მძლავრი ჰოსპიტალი გამოყო.
ხვალიდან, კოვიდ პაციენტების მკურნალობაში ჩართულ კლინიკებს 290 საწოლზე გაშლილი ივ.ბოკერიას სახელობის მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალიც შეუერთდება.
ქვეყანაში დამატებითი საწოლების საჭიროების დადგომიდან 24 საათში კლინიკაში ინფრასტრუქტურა სრულად გადაეწყო და უკვე ხვალიდან COVID ინფიცირებულ ყველა ასაკობრივი კატეგორიის პაციენტს სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
კერძოდ, კლინიკაში შესაძლებელი იქნება როგორც თერაპიული, ისე ქირურგიული (მათ შორის – კარდიო ქირურგიული, ნეიროქირურგიული) სამედიცინო მომსახურება. ასევე, ვირუსით ინფიცირებულ ქალბატონებს 24/7-ზე მოემსახურება მესამე დონის სამშობიარო სამსახური, რაც სრულყოფილ პერინატალურ დახმარებას ითვალისწინებს.
ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალმა უკვე გაიარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული COVID-19- ის პრევენციაზე და კონტროლზე აგებული სასწავლო კურსები.
მედპერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შენობაში დანერგილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. ასევე, ინფექციის პრევენციის მიზნით თითოეულ მედპერსონალს კოვიდსტატუსის განმსაზღვრელი PCR ტესტები გეგმიურ რეჟიმში ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ ევექსი ჰოსპიტლებმა კოვიდ 19-ის პანდემიის პირველივე დღეებში ქვეყანას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და 700-მდე საწოლის მობილიზებაზე სრული მზაობა გამოთქვა.
დღევანდელი მონაცემებით, კომპანიამ კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოყო შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მედპერსონალით აღჭურვილი 540 საწოლი – თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში.