მომღერალმა მარკუს მეტრეველმა და სამოდელო სააგენტოს „კატრინი“ პატარა მოდელებმა, ანასტასია ბაკურაძემ და მარიამ ბერძენიშვილმა სიმღერაზე „გული თქვენით თბება“, ვიდეო კლიპი გადაიღეს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კლიპი პანდემიის დროს არის გადაღებყლი, მაშინ როდესაც ფაქტიურად ყველა და ყველაფერი გაჩერებული იყო.
„კლიპის გადაღებები 40 გრადუს სიცხეში, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ამ პროექტისთვის შეიქმნა სპეციალური კოსტიუმები, დაიწერა ახალი სიმღერა. ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე გაკეთდა. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი სუპერ პროფესიონალებივით მუშაობდნენ. სიმღერა არის ძალიან პოზიტიური და მაყურებელი სულ მალე იხილავს ერთ-ერთი არხის მეშვეობით ამ ნამუშევარს“, – გვითხრა მომღერალმა.
სიმღერა „გული თქვენით თბება“ ეკუთვნის კომპოზიტორს და მუსიკოს ბორიკო შხიანს, ტექსტი პოეტ ნანა ცინცაძეს და ჩაიწერა „ბრავო რეკორდში“ (ბალანსი ალეკო ბერძენიშვილი), ხოლო კლიპის რეჟისორი სანი ნადირიძეა.
ანასტასია ბაკურაძე, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ პატარა მოდელი:
_ ეს კლიპი სხვა ნამუშევრებისგან იმით გამოირჩევა, რომ პანდემიის პერიოდში, 40 გრადუსს სიცხეში მოგვიწია გადაღება. მაშინ როცა ყველა სახლში იყო, ჩვენ ვმუშაობდით. კლიპის გადაღებები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და შემოვიარეთ ნახევარი საქართველო. ცხელი დღეების მიუხედავად, მე და მარიამი ხმას არ ვიღებდით, პირიქით ვცდილობდით ყველაფერი კარგად გაგვეკეთებინა. დავფრინავით ცაში, დავცურავდით იახტით ზღვაში და ა.შ. ხუთი ლუქი გვაცვია. გადაღებების პროცესი ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
მარიამ ბერძენიშვილი, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ პატარა მოდელი:
_ გადაღებების მომენტი ნამდვილად საინტერესო იყო. პირველად ვიჯექი ვერტმფრენში და ის ემოციები დღემდე მომყვება. ზოგადად ეს პროექტი იყო გამორჩეული, რადგან კლიპი გადავიღე ცნობილ მომღერალთან, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. მარკოსთან მუშაობა საინტერესოა, ბევრ რამეს სწავლობ და საინტერესო რჩევებსაც გაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ გადაღების დროს ძალიან დავიღალეთ, შედეგით კმაყოფილი ვარ.