„დიზაინის სფეროში საკუთარი თავი ვიპოვე“, – ამბობს 16 წლის თათა ოქროპირიძე, რომელიც ინგლისში ცხოვრობს და ტანსაცმლის დიზაინის სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამს.
ის, პროექტს – „სიცოცხლე მშვენიერია, ერთით ნაკლები დანა, ერთით მეტი სიცოცხლე“ – სამოდელო და სილამაზის საერთაშორისო კონკურსების ხელმძღვანელ ეკა მგალობლიშვილთან ერთად ახორციელებს.
რა გეგმები აქვს და რა არის მისი მთავარი სათქმელი, ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე FashionTime თათა ოქროპირიძეს ესაუბრა:
_ ზრდასთან და სკოლის დამთავრებასთან ერთად, მუდმივად ვცდილობდი მეპოვნა ის საქმე, რაც ცხოვრების მანძილზე უნდა მეკეთებინა. ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთების დიზაინი ყოველთვის მიზიდავდა, მაგრამ ეს ინტერესი რატომღაც დამალული მქონდა. დედაჩემი, მაკა ოქროპირიძე, დამეხმარა ჩემი ნიჭის პოვნაში, ხოლო ეკა მგალობლიშვილი – ჩემი ოცნების რეალობად ქცევაში. ჩემი პირველი კოლექციისთვის მე პირადი მესიჯი მქონდა საზოგადოებისთვის „ერთით მეტი დანა – ერთით ნაკლები სიცოცხლე“ – ვფიქრობ ეს მესიჯი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, ბევრი სხვა ადამიანისთვის და მეტიც, ბევრი ქვეყნისთვის. დანაშაულს ყოველთვის სხვა კუთხით ვუყურებდი და მსურს ეს საზოგადოებასაც დავანახო, რადგან ეს პრობლემა რეალურად არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მთელს მსოფლიოში დგას. უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია
_ თათა, ამ თემატიკით რატომ დაინტერესდით. ძალადობის ფაქტს პირადად შესწრებიხართ?
_ დიახ, როდესაც მეგობრებთან ერთად, შინ ვბრუნდებოდი. ერთ-ერთი დაჯგუფების წევრებმა (აქ ბევრი დაჯგუფებაა, სხვადასხვა მეტსახელით), რომლებიც დანებით, ბეისბოლის ჯოხებით, რკინის ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი, გვკითხეს, ვიცოდით თუ არა, სად იმყოფებოდა კონკრეტული პიროვნება. როდესაც ჩვენგან ინფორმაცია ვერ მიიღეს, მათ უმოწყალოდ სცემეს ჩემს მეგობრებს, 2 მათგანს სერიოზული ჭრილობა მიაყენეს. როდესაც მეგობრებთან დასახმარებლად მივედი, ჩემმა სქელმა ქურთუკმა გადამარჩინა, თორემ დანა მეც რამდენჯერმე მომხვდა… სამწუხაროდ, ეს პრობლემა მხოლოდ ლონდონში კი არა, მთელ მსოფლიოშია.
_ თქვენი მთავარი მესიჯი…
_ მინდა მივიპყრო საზოგადოების ყურადღება და დავანახო მსოფლიოს, თუ რამხელა პრობლემის წინაშე დგანან ახალგაზრდები, როცა საქმე კრიმინალს ეხება. ახალგაზრდა თაობას მინდა ვუთხრა, რომ ცხოვრება მშვენიერია და ნუ მოუსპობ სხვას სიცოცხლეს.
_ ამჟამად რას საქმიანობთ და რა გეგმები გაქვთ?
_ ამ ეტაპზე ვსწავლობ არტს და დიზაინს. ვაპირებ ჩემი იდეები განვახორციელო და ფართო აუდიტორიას გავაცნო.
_ რას ეტყოდით მსოფლიო თინეიჯერებს?
_ შეწყვიტონ ძლადობა. ერთად დავდგეთ და გადავარჩინოთ სხვისი სიცოცხლე.
_ წარმატებებს გისურვებთ.
სამოდელო სააგენტო ,,კატრინი”- მოდელი ნინი გრძელიშვილი
ფოტოს ავტორი – Van De Kamp
დიზაინერი – თათა ოქროპირიძე