Fashiontime-ის სტუმარი დიზაინერი და ქართული ბრენდი „ხატკოს“ დამფუძნებელი ხათუნა კობახიძეა.
_ ხათუნა, როგორ მოახერხეთ ის, რომ ქართული ბრენდი „ხატკო“ ასეთი მასშტაბური და პოპულარული გახდა?
_ ჩემი ბრენდის სახელის წარმატება, პირველ რიგში, თავდაუზოგავ შრომასთან და საქმისადმი სიყვარულთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, მიზანდასახულ ადამიანს შრომა ყოველთვის დაუფასდება.
_ როგორ გაიხსენებთ განვლილ გზას, იმ ოთხ წელიწადს, რომელიც აქამდე გამოიარეთ?
_ ამ ოთხი წლიდან ჩემთვის თითოეული დღე, თავისი მარცხითა თუ წარმატებით, მნიშვნელოვანია. მცირე დაბრკოლებაც კი დიდი სტიმული იყო და დღესაც ასეა.
_ და მაინც, რა არის ამ ბრენდის მთავარი წარმატების საიდუმლო?
_ ამას საიდუმლოს არ დავარქმევდი. უბრალოდ, ვფიქრობ, ,“ხატკო“ ,,ხატკოა” და ამიტომაც არის წარმატებული!
_ დღეს, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, ყველა მაღაზია ონლაინგაყიდვაზეა გადასული. რთულია თუ არა ამ სიტუაციაში მუშაობა, იკლო თუ მოიმატა მომხმარებელთა რაოდენობამ?
_ “ხატკოს“ მომხმარებელი პანდემიის პერიოდშიც ჰყავს და, სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის არც ონლაინგაყიდვაზე გადართვა ყოფილა რთული.
Რა თქმა უნდა, გაყიდვების მაჩვენებელი უფრო მაღალია, როცა მომხმარებელს მაღაზიებიდან შეუძლია შერჩევა-შეძენა, თუმცა ონლაინშეკვეთები არც ისე ნაკლები გვაქვს, ბრენდის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად რომ აისახოს.
_ რასაც ვაკვირდებით, მომხმარებელს ყოველთვის განსხვავებულ და ორიგინალურ სტილს სთავაზობთ. იქნებ ექსკლუზიურად გვითხრათ, თქვენს ერთგულ მომხმარებელს ახალი წლისთვის რას შესთავაზებთ? დარწმუნებული ვარ, უკვე მოფიქრებულიც გაქვთ.
_ წინასწარ არასდროს არაფერს ვგეგმავ. ახალი წელიც ჯერ წინ არის. ერთადერთი, რაც უკვე დაზუსტებით ვიცი, ის არის, რომ ჩემს ერთგულ მომხმარებელს ფასდაკლებასთან ერთად საჩუქრებსაც შევთავაზებ.