გაიცანით ,,მსოფლიო პრინცესას” ტიტულის მფლობელი მარიამ ბერძენიშვილი

გაიცანით ,,მსოფლიო პრინცესას” ტიტულის მფლობელი მარიამ ბერძენიშვილი

მოდის სფერო სულ უფრო მეტად საოცნებო ხდება გოგონებისთვის მთელი მსოფლიოდან. უამრავი გოგონა ოცნებობს მოდელობაზე, დიზაინერების სამოსით პოდიუმზე სიარულზე, პოპულარულობასა და პოდიუმზე გაბრწყინებაზე.

დღევანდელი ჩვენი საბავშვო რუბრიკის სტუმარი სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ულამაზესი და უნიჭიერესი მოდელი მარიამ ბერძენიშვილია.
მარიამი მარავალმხრივ ნიჭიერი გოგონაა. მღერის, ცეკვავს, ხატავს და საუბრობს რამდენიმე ენაზე.

გამარჯვებულია ისეთი საერთაშორისო კონკურსების, როგორებიცაა: „Little Miss Galaxy -2016“; „Princess of the World-2016“; „Little Miss Global-2018“; „Mini Miss International-2019 World Rising Star – Top Model of the Year-2019“.

_ მარიამ, გაგვაცანი შენი თავი და მოგვიყევი, როგორ დაიწყო შენი სამოდელო კარიერა?

_ მე ვარ 10 წლის მარიამ ბერძენიშვილი. ვცხოვრობ თბილისში. ვსწავლობ ქართულ-ბრიტანულ სკოლაში. მე და ანასტასია ბაკურაძე კლასელები ვართ. ანასტასიას დედამ მიმიყვანა სამოდელო სააგენტო „კატრინში“, რომლის დამფუძნებელიც თავად გახლავთ. სულ მინდოდა სამოდელო სააგენტოში სიარული. სანამ ეკა მასწავლებელს გავიცნობდი ხან სად ვიყავი მისული, ხან სად. ყველა მეუბნებოდა, ლამაზი ბავშვი ხარ, მაგრამ პატარა ხარ, გაიზარდე და მერე მოდიო. მათ არ ჰქონდათ ბავშვების წრე. ასე გავხდი „კატრინის“ ოჯახის წევრი.

მყავს ტყუპისცალი ძამიკო ნიკოლოზ ბერძენიშვილი. მანაც მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო მოდის კონკურსებში. ტაილანდში ანასტასია ბაკურაძემ და ნიკოლოზ ბერძენიშვილმა გრან-პრი აიღეს. ამის მერე, აღარ მოუნდა ეს სფერო. ტყუპები, რატომღაც ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომ დათვალა ჩემზე მეტი პრიზი ჰქონდა იმ პერიოდში მიღებული. თქვა, მარიამს ვაჯობე და აღარ მინდა თქვენი მოდელობაო. ეს მიზანი ჰქონდა. მაგრამ მითხრა, იცოდე, სადაც წახვალ მეც ყველგან უნდა წამიყვანოო. მოკლედ, მოგზაურობა უნდა, კონცერტები აღარ.

_ რამდენი წელია, რაც სამოდელო ბიზნესში ხარ და თუ გახსოვს შენი პირველი გამოსვლა პოდიუმზე?

_ 6 წლის ვიყავი, როცა სამოდელო სააგენტოში მივედი. ოთხი წელია უკვე ამ სფეროში ვარ. პირველად, ბულგარეთში გავიმარჯვე და „მის გალაქსი“ გავხდი. მეორედ, თურქეთში „მსოფლიო პრინცესა“ ტიტული მერგო. შემდეგ იყო რუმინეთი, სადაც „მის გლობალი“ გავხდი. ბოლოს ტაილანდში „მის ინთერნეიშენალი“ გავხდი.

_ როგორ ფიქრობ, ეს ის საქმეა რომელიც გინდა, რომ მთელი ცხოვრება აკეთო?

_ დიახ, თუმცა, მინდა რომ დიზაინერიც გამოვიდე. 

_ ჩვენ ვიცით, რომ ცეკვავ, მღერი, საკმაოდ აქტიური დღის რეჟიმი გაქვს. მოგვიყევი რა წრეებზე დადიხარ?

_ ხუთი წლიდან თეა დარჩიასთან დავდივარ ცეკვაზე. სიმღერაზე ლალი ბერაძესთან და ვერიკო ტურაშვილთან. კიდევ დავდივარ ცურვაზე, ტანვარჯიშსა და რუსულზე.

_ ისეთი გადატვირთული დღის რეჟიმი გაქვს მთელი კვირის განმავლობაში, ალბათ, დრო არაფრისთვის აღარ გრჩება. მოგვიყევი, როგორ ატარებ თავისუფალ დროს?

_ თავისუფალ დროს ვმეცადინეობ, ფილმებს ვუყურებ. შაბათ-კვირას ბებოსთან მივდივარ აგარაკზე და იქ ვთამაშობ.

_ რა არის შენი ჰობი?

_ ჩემი ჰობია სიმღერა, ცეკვა და მოდელობა. სიმღერა ჩავწერეთ  მე და ანასტასია ბაკურაძემ მარკუს მეტრეველთან ერთად. სიმღერას ჰქვია „გული თქვენით თბება“. 2020 წლის 25 ივლისს „კატრინმა“ მოაწყო ძალიან საინტერესო ღონისძიება. ამ სიმღერის პრემიერაც იქ შედგა. სტუმრების განსაკუთრებული ოვაციები დავიმსახურეთ. კლიპის გადაღების დროსაც ძალიან ვისიამოვნე. ახლაც შემომთავაზეს სიმღერის ჩაწერა, მუშაობის პროცესში ვართ. მინდა, რომ გავყვე მოდას და ვიმღერო. ცეკვაც მიყვარს, მაგრამ გაყოლას არ ვაპირებ.

_ რა გრძნობაა, როცა პოდიუმზე ხალხის წინაშე გადიხარ?

_ მსიამოვებს, როცა პოდიუმზე გავდივარ და მიყვარს ტაშს, რომ მიკრავენ.

_ ზოგჯერ არის ხოლმე ლამაზი, ცნობილი, პრანჭია გოგონები სხვებს არ კადრულობენ. შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს თანატოლებთან?

_  გაგიკვირდებათ და პრანჭია საერთოდ არ ვარ. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.

_ როგორ სამოსს ანიჭებ უპირატესობას. პრინცესული კაბები უფრო მოგწონს თუ თავისუფალი, სპორტული სტილი?

_ სპორტული სტილი მომწონს ძალიან.

ლელა დევდარიანი, Fashiontime