2-3 ოქტომბერს სოხუმის დრამატული თეატრი 139-ე სეზონს პრემიერით ხსნის. წარმოდგენილი იქნება მერაბ ყოლბაიას სპექტაკლი „იქ, ჩვენთან“.
ერთმოქმედებიან ფსიქოლოგიურ დრამაში, მოქმედება თანამედროვე დროს, აფხაზეთში ვითარდება. ერთ-ერთ შერეულ ოჯახს, სადაც ქმარი აფხაზია, ხოლო ცოლი – ქართველი, პატარა, საოჯახო სასტუმრო აქვს, რომელსაც არცთუ ისე ხშირად ჰყავს მდგმურები.
ნესტორისა და ნინოს ერთადერთი მოზარდი შვილი საბი წიგნაკში ლექსებს წერს, თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს და როგორც ამბობს, გამუდმებით „ცოტაოდენ სილამაზეს ეძებს მახინჯ სამყაროში“, მაგრამ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მისი გაგება უჭირთ და „უცნაურსა“ და „ეშმაკის მიერ შეპყრობილს“ უწოდებენ. გარშემო არსებული ვითარების გამო, საბი მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის და სასტიკი რეალობის მიღება უჭირს. ენგურს მიღმა არსებულ სახლში, თავს იყრიან საოჯახო საქმეებით დაკავებული ინდივიდები, მდგმური, რუსულენოვანი მღვდელი და თბილისში ნასწავლი აფხაზი ექიმი. სპექტაკლის მსვლელობისას ამ ადამიანების ირგვლივ მოვლენები ძალიან საინტერესოდ, მძაფრად და მოულოდნელად ვითარდება, საიდანაც საბოლოო ჯამში, ნათლად იკვეთება თუ რა გარემოებების გამოა მოწყვეტილი ჩვენი ქვეყნისგან… აფხაზეთი.